"დინამოს" ექსკაპიტანი ნიკა ფირცხალავა ტორპედოელია

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი პაპიაშვილი ამბობს, რომ გია გეგუჩაძის მისვლით კლუბის ამბიცია გაიზარდა და მნიშვნელოვან გაძლიერებას გეგმავენ.

"ტორპედოში" ცვლილებები გარდაუვალია, მაგრამ ერთი ხელის მოსმით შემადგენლობის გაახალგაზრდავებას და ვეტერანების დათხოვნას არ ვაპირებთ. გუნდს გამოცდილი და მაგალითის მიმცემი ვეტერანიც სჭირდება. რაც მთავარია, ეს მწვრთნელის პრეროგატივაა. ჩვენი მოვალეობა მწვრთნელის მოთხოვნების შესრულება და სასურველი მოთამაშის მოწვევაა.

ამჟამად ორი მოთამაშე დავიმატეთ, ლატვიიდან ჩამოსული დავით ჯანელიძე და თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი ნიკა ფირცხალავა. ფირცხალავას მოწვევა გეგუჩაძის სურვილი იყო. ნიკა არა მხოლოდ კარგი მოთამაშე, კარგი პიროვნებაც
ჩანს და მიხარია, ტორპედოელი რომ გახდა. მასთან ოთხწლიანი კონტრაქტი 2+2 სისტემით გავაფორმეთ, განაცხადში კი მხოლოდ ახალი წლიდან შევიყვანთ", - გვითხრა პაპიაშვილმა.

20 და 24 ნოემბერს "ტორპედოს" ორი პრინციპული შეხვედრას ელის - თბილისში განახლებულ "ბორის პაიჭაძეზე" "დინამოს" ეთამაშება, მერე კი თასის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში "ზესტაფონს" უმასპინძლებს. პაპიაშვილის ცნობით, 20 ნოემბერს "დინამოსთან" მატჩისთვის "ტორპედოს" ხელმძღვანელობა ქომაგებს უფასო ტრანსპორტირებაში დაეხმარება. "ტორპედოს" ქომაგთა კლუბი კი საკმაოდ მოძლიერდა და 150 წევრს აერთიანებს - ცხადია, თამაშზე დასწრების მსურველი ქუთაისელების რაოდენობა ბევრად მეტიც იქნება.

პაპიაშვილის თქმით, საღორიის ბაზის განახლება სრული ტემპით მხოლოდ მომავალი წლის მარტიდან მოხერხდება, ამასთან, "ტორპედოში" ბაზის ტერიტორიის გაზრდაც სურთ.

"პროექტი სტანდარტული ზომის 6 - 4 ბუნებრივი, 2 ხელოვნური საფარით - მოედნის აშენებას ითვალისწინებს. ამჟამინდელ ტერიტორიაზე ოთხი მოედნის მოწყობა სრულიად შესაძლებელია. საამისოდ კვების ბლოკის დემონტაჟია საჭირო. კიდევ ორი მოედნისთვის კი საღორიის ბაზის საზღვრები უნდა გაფართოვდეს, რაშიც შესაბამისი ორგანოების თანადგომის იმედი გვაქვს. პროექტის განხორციელებას, ცხადია, დრო სჭირდება, ეს საქმე უცებ ვერ გაკეთდება".

გუნდის თავკაცების სურვილია, ქუთაისის ცენტრალურმა სტადიონმა უეფას სტანდარტები დააკმაყოფილოს და ეროვნული ნაკრების მატჩებს უმასპინძლოს.

"ქუთაისში ეროვნული ნაკრების თამაშების მასპინძლობა გვსურს და, რომ იცოდეთ, საკლუბო მოთხოვნები უფრო მკაცრია, ვიდრე სანაკრებო. ჩვენს სტადიონს უკვე მინიჭებული აქვს მესამე კატეგორია, რომელიც უეფას ტურნირების ყველა შესარჩევი ეტაპის მასპინძლობის უფლებას გვანიჭებს, მაგრამ არა ჯგუფური ეტაპებისა. საამისოდ მე-4 კატეგორიის მოპოვებაა საჭირო, რასაც ზაფხულამდე შევეცდებით.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უკვე გავგზავნეთ მოთხოვნა და შესაბამისი რჩევებიც მივიღეთ. მალე ქუთაისს ესტუმრება არქიტექტორი, რომელიც პროექტს შეადგენს, სარემონტო სამუშაოებიც დაიწყება და ვფიქრობ, უეფას პირობების შესრულება და მეოთხე კატეგორიის მიღება არ გაგვიჭირდება" - ამბობს პაპიაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული