თბილისის "დინამო" და გოგიტა გოგუა შეთანხმდნენ

AutoSharing Option
არახალია, რომ რუსეთის პრემიერლიგის ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ხელმძღვანელობა ძირითადი შემადგენლობის ხუთ ლეგიონერს შეელია. მათ შორის სამი ქართველია - 26 წლის გოჩა ხოჯავა, 28 წლის გოგიტა გოგუა და 30 წლის ლაშა სალუქვაძე.

კლუბის სპორტული დირექტორის, დმიტრი პოლიაცკინის თქმით, მათ კონტრაქტებს დეკემბრამდე გაუწყვეტენ. საქმე ისაა, რომ "ვოლგაში" ფინანსური პრობლემები შეექმნათ, ფეხბურთელებს ხელფასი ივლისის შემდეგ არ აუღიათ და მათ ვალს დეკემბრამდე გაუსტუმრებენ.

კარგა ხანია, ისმის ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ "ვოლგადან" მოკვეთილი ქართველებით თბილისის "დინამო" დაინტერესდა. გუშინ ეროვნულ სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე "ლელოს" კითხვაზე, არის
თუ არა სიახლე გოგუასთან დაკავშირებით, თბილისის "დინამოს" გენერალურმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა დაადასტურა, რომ გოგუასთან მოლაპარაკებები დამაიმედებლად მიმდინარეობს.

"მოლაპარაკებები, პრაქტიკულად, დასრულებულია. შემიძლია გითხრათ, რომ გოგუასგან წინასწარი თანხმობაც მივიღეთ. თუმცა, ჯერ მაინც ვერ ვიტყვი, რომ იგი ჩვენი ფეხბურთელია, მოლაპარაკება ბოლომდეა მისაყვანი. მოხარული ვიქნები, უახლოეს მომავალში გოგიტას "დინამოს" შემადგენლობაში თუ ვიხილავთ.

საერთოდ კი, გოგუას ჩამოსვლა სხვებისთვისაც მისაბაძი მაგალითი უნდა გახდეს და დროც არის, ჩვენი პირველხარისხოვანი მოთამაშეები საქართველოში დაბრუნდნენ", - თქვა პოლოლიკაშვილმა.

უკრაინული მედიის ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და "ოლექსანდრიას" შემტევ ნახევარმცველთან, დავით თარგამაძესთან მოლაპარაკება ლვოვის "კარპატისთან" ერთად თბილისის "დინამომაც" დაიწყო.

პოლოლიკაშვილმა ამის თაობაზეც გააკეთა კომენტარი: "ჩვენ უცხოეთში მოთამაშე კიდევ ბევრი წარმატებული ქართველის მიმართ გვქონდა ინტერესი. მაგალითად, დავით თარგამაძის ჩამოყვანაც გვსურდა. მაგრამ მას ისეთ ლიგებში იწვევნ, კარიერას, ალბათ, ისევ უცხოეთში გააგრძელებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ალექს გარსია, სერიოზულად მოგმართავ! არ შეაგინო გოგუას თვარა დინამოდანაც გეიქცევა იცოდე! :D
უძლევი
13:24 19-11-2011
0

სიახლეები პოპულარული