ღია წერილი დავით მუჯირს

AutoSharing Option
პატივცემულო დავით,...არა, ამ შემთხვევაში წერილს ასეთი დასაწყისი არ უხდება, რადგან მისი ადრესატი "მუმუა". სწორედ ამიტომ და, იმის მიუხედავადაც, რომ დავით მუჯირს მხოლოდ ერთხელ შევხვდი და მასზე უმცროსიც ვარ, ამ წერილს ასე, ყოველგვარი ოფიციალურობის გარეშე და უშუალოდ დავიწყებ:

"მუმუ"
წესით, თქვენობით უნდა მომემართა, მაგრამ შენთან შენობით ლაპარაკი უფრო მეკომფორტულება - ისევ შენივე პიროვნებიდან გამომდინარე - რადგან თავად ხარ უბრალო, უშუალო და შენთან პირადად საუბრის დროსაც არ იქმნება ის ბარიერი, რომელიც ადამიანებს უმეტეს შემთხვევებში, ფაქტობრივად გვაიძულებს ხოლმე, მეორე ადამიანს
თქვენობით მივმართოთ. თავიდან თქვენობით ვაპირებდი, რადგან წესია ასეთი, მაგრამ მერე ჩვენი შეხვედრა გამახსენდა, რაც შენ ნაღდად არ გეხსომება და ისეთი განცდა დამეუფლა, რომ თქვენობით მომართვით შეურაცხყოფას მოგაყენებდი. ეს კი უნიკალური განცდაა და პირდაპირ, უტყუარად ახასიათებს მეორე ადამიანს, ამ შემთხვევაში - შენ. ვფიქრობ, ამ განცდას მეტი განმარტება არ სჭირდება.

"მუმუ"
მე არ ვაპირებ იმის განსჯას, ვინ მართალია და ვინ მტყუანი შენსა და ქეცბაიას შორის, ან ვის უფრო ახლოს მიაქვს გულთან ქართული ფეხბურთის ბედი და მასთან ერთად ზოგადად საქართველოს ბედიც - პატარა პრობლემის უკან ხომ ყოველთვის უფრო დიდი პრობლემა იმალება. პირველივე წერილში, რომელიც "ლელოში" გამოაქვეყნე, ყველაფერი ცხადი და არგუმენტირებული იყო. ამას მოჰყვა ქეცბაიას სატელევიზიო პრესკონფერენცია, რამაც კიდევ უფრო ცხადჰყო სიმართლე, შენმა მეორე წერილმა კი, უბრალოდ, ამ კერძს მარილიც მოაყარა. ასე რომ, დეტალური გარჩევა საჭირო აღარ არის - თუ ამ სამი მოვლენის შემდეგ კიდევ დარჩა სულიერი, რომელმაც რამე ვერ გაიგო, ის ვერც ვეღარასოდეს გაიგებს...

დარწმუნებული ვარ, დიდი ხანია, ამ ყველაფრის თქმა გინდოდა, მაგრამ თავს იკავებდი, მოთმინების ფიალა კი მაშინ აგევსო, როცა გასრულებული შესარჩევი ციკლი წარმატებულად მონათლეს, რაც თვალებში ნაცრის უკიდურესად უტიფრად შეყრა, ხეპრეობის პიკი იყო. საქართველოს ნაკრებმა მთელ ციკლში გაიტანა 7 გოლი, როცა კლაუს ტოპმიოლერის ნაკრებმა მხოლოდ ფარერებს გაუტანა 9 გოლი (6:0, 3:1) - ტოპმიოლერის ნაკრებში შენც თამაშობდი და გახსოვს, რა ხდებოდა ფარერებთან 3:1-ის შემდეგ და დღეს, როცა მალტასთან სტუმრად 1:1 და საკუთარ მოედანზე მხოლოდ 1:0 (ისიც, ბოლო წუთზე გატანილი გოლით) წარმატებად შეირაცხა, რასაც მწვავე რეაქცია არ მოჰყოლია, მოთმინების ფიალა აგევსო. ახლა ერთი წამით წარმოვიდგინოთ მეც და შენც, რა მოხდებოდა, ტოპმიოლერს რომ ეთქვა, მალტამ საკუთარ მოედანზე ფრე რომ გაგვიგოროს, მერე რაო... ალბათ ჩამოახრჩობდნენ, ქეცბაიამ კი სწორედ ეს თქვა. და შერჩა...

სხვათა შორის, ტოპმიოლერმა ერთხელ მითხრა, შეიძლება, "მუმუს" 90 წუთი არ ვათამაშებ და ზოგჯერ შეცვლაზეც არ შემყავს, მაგრამ გუნდისთვის ძალიან საჭირო ადამიანიაო. "საჭირო ფეხბურთელი" არ უთქვამს, შენს ადამიანობაზე გააკეთა აქცენტი. არადა, როგორც ფეხბურთელიც ძალიან სჭირდებოდი, რაც მერე დამიდასტურა, როცა ჩავეკითხე.

ახლა ერთი სცენაც გამახსენდა: იმ შესარჩევში უკრაინასთან გასვლით შეხვედრაში კარგად ვითამაშეთ, ვიგებდით, მერე ვაგებდით და სადღაც მატჩის მიწურულს საჯარიმოს გარედან შენთვის ჩვეულად, მძლავრად დაარტყი, მაგრამ შოვკოვსკიმ სასწაული სეივი გააკეთა. მადლობა უკრაინელ რეჟისორებს: არ მავიწყდება შენი სახე, შენი რეაქცია - შეგეტყო, იმ დარტყმაში მთელი გული რომ ჩადე და როგორ გეტკინა, მეკარემ რომ ივარგა...

რა არ გიწოდეს ქეცბაიას სატელევიზიო პრესკონფერენციაზე: თემურმა აგდებულად დაიწყო ლაპარაკი - ეგ საერთოდ ვინააო, იაპონიის მიწისძვრის ამბავი აქედან გაიგო (?!) და იქ რა იცის, აქ რა ხდებაო (?!), ვიღაცები ასულელებენ და რაღაცებს აწერინებენო, იყენებენო... მერე ჭორიკანაც გიწოდა და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა. შენს აბსოლუტურად არგუმენტირებულ კრიტიკაზე კი ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია. ობიექტური კრიტიკა მისთვის მიუღებელი რომ არის, ეს ისედაც ვიცოდი და სწორედ ესაა მწვრთნელ ქეცბაიას პრობლემა. მერე ცხადად ჩანდა, რომ შენზე და შენს წერილზე ლაპარაკი აღარ უნდოდა. მაგრამ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თემა ისევ შემოაგდო - ვიფიქრე, რაღაც ადეკვატური მოხდება-მეთქი, მაგრამ შენც არ მომიკვდე, ამან საერთოდ გამაოგნა - გერასიმეს მუმუ უფრო ალაპარაკდებაო, რაღაც ამგვარი, ყოვლად არაადეკვატური წინადადება თქვა, რითაც შენც შეურაცხგყო და ირიბად ჩვენი გაზეთიც - ვითომცდა, რაღაც შეთქმულების მონაწილეები ვართ.

ჩვენ მხოლოდ ერთს დავძენთ: ამ წერილის მიზანი არ არის ფეხბურთელსა და მწვრთნელს, ანუ მუჯირსა და ქეცბაიას შორის დავაში ერთი რომელიმე მხარის, ამ შემთხვევაში ფეხბურთელის დაცვა. თუ რამ გვამოძრავებს, ეს შექმნილი ვითარების ობიექტუად წარმოჩენის სურვილია.

სხვა თუ არაფერი, გულდასაწყვეტია, რეპონდენტ ქეცბაიასთან საუბრისას ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და მრავლისმნახველი ჟურნალისტიც შენზე რომ ლაპარაკობდა (მით უმეტეს, იმ დროს, როცა შენ იქ არ იყავი), თანაც, რბილად რომ ვთქვათ, აუგად მოგიხსენია და ნაცვლად იმისა, რომ რესპონდენტისთვის კითხვები დაესვა, მისდამი კრიტიკულად განწყობილი ფეხბურთელი შეურაცხგყო, მერე კი საგაზეთო სათაურების უადგილო ქილიკსაც მოჰყვა. მე მახსოვს ამ ჟურნალისტის არაერთი ჩამჭრელი კითხვა სხვადასხვა რესპონდენტებთან და გამიკვირდა, ამ შემთხვევაში უკიდურესად სუბიექტური რომ იყო.

მე ველოდი შენს მეორე წერილს, რომელიც ასევე დასაბუთებული, ობიექტური და განმარტებითი იყო. აშკარად გამოჩნდა, რომ ისინი, ვინც პირადი შეურაცხყოფა მოგაყენა, შენზე დაბლა დგანან - ყველანაირად. პირველ რიგში კი აზროვნების უნარით, ადამიანობით და ინტელექტით (საფეხბურთო ინტელექტზე აღარაფერს ვამბობ).

ჩემთვის სწორედ ეს არის ყველაზე მთავარი ამ კონკრეტულ შემთხვევაში და არა ის, ვინ ვის მხარეს დაიჭერს პრესკონფერენციაზე ან ვინ ვის მიაყენებს შეურაცხყოფას...

პატივისცემით, გოტფრიდ ლენცი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 27 /
ძვირფასო გოტფრიდ, გეთანხმები რომ მწვრთნელი კრიტიკას უნდა ღებულობდეს, მაგრამ ჩემი აზრით უადგილოა ტოპმიოლერის და ქეცბაიას ნაკრებების შედარება, გადახედე მაშინდელ ფეხბურთელებს და ეხლანდელს, ფარერებს როცა ვუგებდით არველაძე, დემეტრაძე, იაშვილი (იაშკა ეხლაც თამაშობს, მაგრამ ასაკშია, იგივე ახალგაზრდა მუჯირი, ცქიტო - ერთი სიტყვით თავდასმაში ნამდვილად არ გვიჭირდა. ეხლა კიდე სტადიონზე რო მივდივარ ოცნებად მაქვს იქნებ ვინმემ 1 კაცი მაინც მოატყუოს. რა ეგერე არ იყო? ისე ტოპი მაინც განსაკუთრებულად გიყვარდათ თქვენ ჩემო ბატონო, კვირა ისე არ ჩაივლიდა ერთი ინტერვიუ არ გაგეკეთებინათ. მახსოვს ჩემო ბატონო ყველაფერი კარგად. ლელომ სტატიაც კი გამოაქვეყნა თუ რატომ იყო სასარგებლო ტოპის დანიშვნა საქართველოში. თუმცა მთავარი იცი რა არის? ტოპის და მის ხალხს ნაკრებში ბიჭები სარფიანად გასაყიდად აჰყავდა
katlego
12:33 19-11-2011
0
ამას ქართულად ქვია ლაყაფი.
ramo
12:47 19-11-2011
0

სიახლეები პოპულარული