თუმცა დღეს სხვა რამ გვაინტერესებს - განახლების შემდეგ კლუბის წარმომადგენლები მას მუდმივად "დინამო-არენას" უწოდებენ. ბოლო დროს ეს იმდენად ხშირად ხდება, რომ კითხვა გაჩნდა, ხომ არ აპირებენ სტადიონისთვის სახელის გადარქმევას?
გავრცელდა კიდეც ინფორმაცია, "ბორის პაიჭაძეს" სახელი შეუცვალეს და ამიერიდან თბილისის "დინამოს" საშინაო სტადიონს "დინამო-არენა" ეწოდებაო. ცნობამ გულშემატკივრებში აღშფოთება გამოიწვია:
- იქნებ ამსტერდამისთვის მიგებაძათ და "თბილისი-არენა" დაგერქმიათ?
- მაპატიონ
- იტალიაში 18 სტადიონიდან 9 გამოჩენილი ადამიანის სახელს ატარებს. პაიჭაძემ რა დააშავა?
- ბორის პაიჭაძის სახელს ასე ადვილად და უცერემონიოდ როგორ აშორებთ "დინამოს" სტადიონს?! ფიფია, ეს არ არის მოსაწონი ნაბიჯი. იყოს ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო-არენა"! პატივი ეცით დიდ ფეხბურთელებს და ახლებს კიდევ მოტივაციას ნუ დაუკარგავთ, რომ შეიძლება მომავალში მათი სახელიც დაერქვას რომელიმე სტადიონს!
- სტანდარტებს რომ აკმაყოფილებს, კარგია და ძალიან მიხარია, მაგრამ "დინამო არენა" მთლად ქართული არ მგონია. არ შეიძლება, ბორის პაიჭაძის სახელობის რომ დარჩეს, თუ ეს გადმონაშთია?
"ლელო" საკითხით დაინტერესდა და გავარკვიეთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია.
"სტადიონის "დინამო-არენად" ხსენება მხოლოდ ჩვენი რებრენდინგის ნაწილია და ამიტომ ვიყენებთ, თორემ ოფიციალურად სახელი არ გადაგვირქმევია. ეს დაახლოებით ისევეა, როგორც მილანის სტადიონის შემთხვევაში - მას იშვიათად იხსენიებენ ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონად, უფრო ხშირად "სან სიროს" ამბობენ. ასე იქნება ამ შემთხვევაშიც" - ამბობს სტადიონის დირექტორი სანდრო შახოვი.
შეგახსენებთ, რომ "დინამოს" საშინაო არენას ბორის პაიჭაძის სახელი 1995 წელს ეწოდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"