ამ ჟურნალში საბჭოთა კავშირის ევრაზიულ კავშირად აღდგენის პუტინისეულ გეგმას საფეხბურთო კუთხითაც გამოეხმაურნენ.
დმიტრი ლეკუხი ჟურნალმა წარადგინა როგორც მეწარმე, ლიტერატორი და ჟურნალისტი. არის რამდენიმე წიგნის ავტორი რუსულ ფანმოძრაობაზე, არცთუ შორეულ წარსულში კი მოსკოვის "სპარტაკის" ფანების ულტრამემარჯვენე ფრთას წარმოადგენდა. მისი წერილი გაჟღენთილია სუბიექტივიზმითა და შოვინიზმით, იგრძნობა საფეხბურთო თუ სხვა საკითხების გაუთვალისწინებლობაც, წითელ ხაზად კი "სოიუზის" აღდგენის დაუოკებელი სურვილი გასდევს.
ავტორი ქართულ ფეხბურთსაც შეეხო და
კიევისა და თბილისის პრინციპულ შეუცვლელობაზე რუსულ ფეხბურთში
ვფიქრობ, როდესაც ვლადიმირ პუტინი ევრაზიულ კავშირზე წერილს წერდა, რეინტეგრაციის ყველა ასპექტი არ გაითვალისწინა. გასაგებია, რა მეფის საქმეა ყველა წვრილმანის ჩაღრმავება, შესაძლოა, საგაზეთო წერილში ამის ადგილი არც იყო.
ის კი, რაზეც მე მსურს მოგახსენოთ, სულ მცირე, ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ, ეს მოსაზრებები და წინადადებები უნდა განვიხილოთ როგორც "ქვედა ფენების" ხმა, სულის კივილი.
...ვფიქრობ, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის სიკვდილმა მხოლოდ ჩემში არ გამოიწვია გაოგნება - რაში შეგიშალათ ხელი ამ თამაშმა არაპატივსაცემო "ნაციონალ-დემოკრატებო"?
ვის შეუშლიდა ხელს დამოუკიდებელი და ევროკავშირის წევრი ლიტვის ლეგენდარული "ჟალგირისის" საბჭოთა პირველობაზე თამაში? მის დონეზე დღეს "ევროპული" ლიტვა ვერც იოცნებებს.
რომელი "ეროვნული თვითშეგნებისა" და "ევროპული დემოკრატიზაციის" პროცესებს შეუშლიდა ხელს ძლიერი საფეხბურთო კლუბი? ისე, ეს კლუბი კიდევ არსებობს? ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ახლა ის იურიდიულადაც რომ არსებობდეს, მეეჭვება, თავად ლიტველებს აინტერესებდეთ.
შევეშვათ, კარგად იყვნენ ეს ამაყი ბალტიელები. როგორც ჩანს, ახლა მათთვის ფეხბურთზე მნიშვნელოვანი სხვა საკითხებია. ჩვენ ფაქტებზე ვთქვათ: "იმპერიული ჩემპიონატის" დაშლით ვინ მოიგო? სად არის 1982 წლის საბჭოთა ჩემპიონი მინსკის "დინამო", 1973 წლის დუბლის (ჩემპიონობა პლუს თასი) ავტორი ერევნის "არარატი", ალმაატის "კაირატი" ტაშკენტის "პახტაკორთან" ერთად? ან მაშინდელი კერკეტი კაკალი ბაქოს "ნეფთჩი"?
დაბოლოს, სადაა მაშინდელი ევროპული მასშტაბითაც გრანდად მიჩნეული შესანიშნავი თბილისის "დინამო", რომელმაც ყველა საბჭოელი გულშემატკივრის გასახარად, 1981 წელს ევროპის თასების თასი რომ მოიპოვა?
მაშინ ვინ არიან ის "საფეხბურთო ტიპები" და სტრუქტურები, რომლებმაც თუნდაც რაიმე სარგებლობა ნახეს ამ მოულოდნელად მოვარდნილი "ნაციონალური დემოკრატიებით"?
პასუხი მარტივია: ფეხბურთი, როგორც "პროცესი", რთული და საინტერესო საფეხბურთო მეურნეობა ევროპულ დონეზე ოდესღაც დიდი იმპერიის მხოლოდ ორ ნამსხვრევზე შემორჩა, რუსეთის ფედერაციასა და უკრაინაში. ყველა დანარჩენში დაინგრა.
და თუ ბელარუსები ზოგჯერ ცოცხლდებიან ხოლმე, პირადად მე ახლა ის უფრო მგონია, რომ საქართველოში ბეისბოლი უფრო პოპულარულია.
გულშემატკივართა ახლანდელ თაობას, ვფიქრობ, აღარც ახსოვს, რომ ამ პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყნის ფეხბურთელები ისე თამაშობდნენ, რომ მათი ეშინოდათ არა მხოლოდ კიევსა და მოსკოვში, არამედ გერმანიასა და იტალიაში. ახლა კი ქართველებისთვის თბილისის "დინამოს" კი არა, საბჭოური ლანჩხუთის "გურიასა" და ქუთაისის "ტორპედოს" დონეც მიუღწეველი კოსმოსური სიმაღლეა.
რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როდესაც ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი ვარსკვლავი ჯანო ანანიძე ბრძოლაში მიუძღვის არა რომელიმე ქართულ გუნდს, არამედ მოსკოვის "სპარტაკის" დუბლშემადგენლობაშია. სხვათა შორის, მისი სამშობლოში იჯარით გაშვებაც აზრად არავის მოსდის, ბიჭი რატომ გავაფუჭოთო.
ფეხბურთის სპეციალისტთა უმრავლესობა გაოცებულია იმითაც, რატომ აირჩია ჯანომ "ქართული საფეხბურთო მოქალქეობა", ნათესავებმა ხომ ამ რჩევით ბავშვს კარიერა აურიეს - სავსებით ნათელია, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ნაკრებს თეორიულ დონეზეც არ აქვს პერსპექტივა.
ეს იმ დროს, როდესაც "დემოკრატიის გამარჯვებამდე", "წყეულ" 80-იან წლებში, იმ დროისთვის ძლიერი საბჭოთა ნაკრები წარმოუდგენელი იყო ალექსანდრე ჩივაძის, რამაზ შენგელიას, დავით ყიფიანის, ვლადიმერ გუცაევის, თენგიზ სულაქველიძისა და ვიტალი დარასელიას გარეშე.
იმედია, ნამდვილი "ვარსკვლავი" ჯანო მომავალში მაინც ითამაშებს, მაგრამ ახლა თამაშობს არა ქართულ, არამედ "სპარტაკის" ფეხბურთს, რაც ასწავლეს, ის იცის. "საბჭოთა ბრაზილიელების" შესანიშნავი სკოლა კი, როგორც უწოდებდნენ ქართველ ფეხბურთელებს, სამწუხაროდ, უკვე აღარ არსებობს. ეს, უბრალოდ, ფაქტია.
...ახლანდელი კიევის "დინამო რუსეთის პრემიერლიგაში არცთუ საუკეთესო სეზონის ჩამტარებელმა ყაზანის "რუბინმა" " ჩემპიონთა ლიგიდან გამოაგდო. გახსოვთ, ეს გუნდი საბჭოთა კავშირის დროს მეორე ლიგაში თამაშობდა, სხვათა შორის, არც ისე წარმატებით.
სასწაულები არ ხდება, "რუბინის" წარმატებას ხელი შრომამაც შეუწყო და უფრო ხელსაყრელმა გარემომაც. ყაზანელები რუსეთის ჩემპიოანტში ხვდებიან არა მხოლოდ "ზენიტს", არამედ "სპარტაკს", ცსკა-ს, "დინამოს", "ლოკომოტივს", საჩუქარი არც ეტოოს, რობერტო კარლოსისა და ჟირკოვის "ანჟია".
საბჭოთა კავშირის სხვა არც ერთი ყოფილი ქვეყნის ჩემპიონატში ორ-სამ ძლიერ გუნდზე მეტი არ არის და ამ ორმა-სამმა ვისთან უნდა ითამაშოს, მხოლოდ ერთმანეთთან?
კიევისა და მოსკოვის დაპირისპირება პეტერბურგისა და მოსკოვის დაპირისპირებამ შეგვიცვალა, რუსეთის სამხრეთში გამოჩნდნენ ხალისიანი, კაშკაშა გუნდები - თბილისის "დინამოს" ნიშას თამამი "ანჟი" იკავებს, მებრძოლი "ჟალგირისი" კი "რუბინმა" შეცვალა.
მაგრამ, გენიშნათ, რუსეთის დღევანდელი გრანდების ბრძოლასაც "იმ დროის" დაპირისპირებებს ვადარებთ, ახლანდელ სიუჟეტებს - მაშინდელს.
მაგრამ, ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ, მოსკოველი, პიტერელი, ყაზანელი გულშემატკივრები უფრო ბედნიერები ვართ იმის გამო, რომ მსოფლიოს ვერასოდეს ვეღარ ვაჩვენებთ დავით ყიფიანს, ხორენ ოგანესიანს, ედუარდ მალოფეევს, ოლეგ ბლოხინს? უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ იაშინები, სტრელცოვები და ჩერენკოვები სწორედ მათთან დაპირისპირებაში იზრდებოდნენ.
და თუ ჰოკეის მმართველებმა მოიფიქრეს ინტეგრაციული ფორმატი და რიგის "დინამო" გაგვიცოცხლეს, რატომ არ შეიძლება, ასეთივე პროექტი ფეხბურთშიც განხორციელდეს? ახლა ხომ საბაბიც გვაქვს, რადგან "უფროსმა ბრძანა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"