გიორგი ქინქლაძე გაახსენდათ

AutoSharing Option
დიეგო მარადონას არაერთხელ უთქვამს, რომ მისთვის ყველაზე ძვირფასი კლუბი "ბოკა ხუნიორსია", სადაც 1981-82 და 1995-97 წლებში თამაშობდა.

ეს არგენტინული კლუბი მე-20 საუკუნის საუკეთესი კლუბების ფიფასეულ რეიტინგში მე-12 ადგილზე დასახელდა. თუმცა 18 საერთაშორისო ტიტულით "მილანთან" ერთად მსოფლიოს რეკორდსმენია და ამ მაჩვენებლით მადრიდის "რეალსაც" კი სჯობს. "ბოკა ხუნიორსი" სამჯერ იყო საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელიც, ანუ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი - 1977, 2000 და 2003 წლებში.

რატომ ვიხსენებთ ამას? საქართველოში ბევრს არ ემახსოვრება, რომ 90-იანი წლების ქართული ფეხბურთის ვარსკვლავ გიორგი ქინქლაძეს ამ ლეგენდარულ არგენტინულ კლუბშიც
უთამაშია. გიორგი "ბოკაში" 1994 წელს ჩაირიცხა და მისი ლურჯ-ყვითელი ფორმა სულ რაღაც სამჯერ მოირგო, თუმცა კლუბი მალე დატოვა და თბილისის "დინამოში" ევროპაში წასვლის იმედად დაბრუნდა.

ეს ამბავი უკრაინელებმა გაიხსენეს. ინტერნეტპორტალ "ფუტბოლში" გამოქვეყნდა წერილი არგენტინულ საკლუბო ფეხბურთსა და იქ ნათამაშებ უკრაინელ და პოსტსაბჭოელ ფეხბურთელებზე. გიორგი კი "ბოკა ხუნიორსის" პირველი პოსტსაბჭოელი ლეგიონერი იყო.

როგორც გაირკვა, ამ კლუბის ფორმა სულ ორ პოსტსაბჭოელს მოურგია - გიორგის წასვლის შემდეგ, 1995 წელს კლუბში უკრაინელი თავდამსხმელი ვიკტორ დვირნიკი ჩაირიცხა, მაგრამ მანაც მალე დატოვა კლუბი.

გიორგი ინტერნეტპორტალმა "ბლეჩერ რეპორტმაც" გაიხსენა, გაიხსენა როგორც "მანჩესტერ სიტის" ერთ-ერთი ლეგენდა.

"დღეს "სიტის" ამბიცია აბსოლუტურად განსხვავდება 10-15 წლის წინანდელისგან, მაგრამ, რაც უნდა დიდი მიღწევები ჰქონდეს კლუბს ახლა, მისი ფანების მეხსიერებიდან ვერასოდეს ამოიშლება რამდენიმე გამორჩეული მოთამაშე", - ვკითხულობთ წერილში.

სიაში მოხვდნენ "სიტის" ძველი და ახლანდელი შემადგენლობის ფეხბურთელები, მარიო ბალოტელი, კოლინ ბეილი, უვე როსლერი, ნეილ იუნგი, პოლ დიკოვი, დენის სტიუარტი, შონ გოტერი, მაიკ სამერბი და, ცხადია, ქინქლაძე.

"გიორგი ქინქლაძე - უვე როსლერის თანამედროვე, იდეალური მოთამაშე იყო, რომელიც როსლერს გასაოცარი საგოლე გადაცემებით ამარაგებდა.

პატარა ქართველი "სიტის" 1995 წელს შეუერთდა და "მეინ როუდს" სამი წლის განმავლობაში ანათებდა მისი განუმეორებელი ტექნიკა, ოსტატობა და მოედნის ხედვა.
მართალია, სწორედ ქინქის თამაშის პერიოდში დაქვეითდა კლუბი ჩემპიონშიფში, მაგრამ ფანების გული მან იმითაც მოიგო, რომ "სიტის" ერთგულება ცნობილ კლუბებზე უარის თქმით დაამტკიცა.

ქინქლაძე გულშემატკივრებს ორი გოლით დაამახსოვრდათ, რომლებიც მისი გასაოცარი ინდივიდუალური გარღვევების შედეგი იყო: პირველი "ვესტ ჰემის" კარში, მეორე კი - "საუტჰემპტონისა" [იხილეთ ვიდეო].

შესაძლოა, ზოგიერთისთვის მიუღებელი იყო მისი ზედმეტი ინდივიდუალიზმი, მაგრამ არაკეთილმოსურნენიც ხშირად მოხიბლულან ქართველი ჯადოქრის თამაშით", - წერს "ბლეჩერ რეპორტს".

მას შემდეგ "მეინ როუდზე" ბევრ დიდ ფეხბურთელს უთამაშია და "სიტის" ახლაც საკმაოდ ჰყავს სახელიანი მობურთალები, მაგრამ ამ მართლაც თანავარსკვლავედიდან ვერც ერთმა დაიმსახურა ქომაგთა ისეთი სიყვარული, როგორიც ქართველმა.

გიორგი ქინქლაძის ვარსკვლავი ისე ჩაქრა, ქართულმა ფეხბურთმა ხეირიანად ვერც გამოიყენა, არადა, უიშვიათესად ნიჭიერს შეეძლო, მსოფლიო აელაპარაკებინა, მაგრამ გიორგიმ თავსაც ბევრი დააკლო და ქართველ ქომაგსაც. ზოგადად კი, ჩემი აზრით, მიზეზი იმისა, თუ რატომ არ იზრდებიან ჩვენში მსოფლიო დონის ვარსკვლავები, არის არა მხოლოდ გაჭირვება და პირობების უქონლობა, არამედ ის, რომ ქართველ მოთამაშეებს აკლიათ დიდი ფეხბურთისთვის უმთავრესი - მაღალი მიზნისკენ სწრაფვა და შრომისმოყვარეობა.

არადა, როგორ სჭირდებოდა საქართველოს ქინქლაძის ნიჭის მეტი ხნით ზეობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული