ჯელაძემ, უპირველესად, შეცვალა შემადგენლობა და სათამაშო სტილი, დაცვით ფეხბურთს შემტევი ამჯობინა, თამამად დაააწინაურა ლამის სკოლის ასაკის ბიჭები, რომელთა უმრავლესობა საინტერესო ფეხბურთელი გამოდგა. მაგალითად, საქართველოს ჩემპიონატის XIV ტურში უმაღლეს ლიგაში პირველად ითამაშა 17 წლის მარცხენა მცველმა გიორგი ჯგერენაიამ, 18 წლისაა მეკარე გიორგი ბეგაშვილი,
ეს უკანასკნელი გუნდის კარგი სასელექციო მუშაობის მაგალითად გამოდგება - "გაგრამ" ორი წლის წინ ნიგერიის საფეხბურთო აკადემიასთან კონტრაქტი გააფორმა და იქიდან ჯერ ოვონიკოკო სეუნი ჩამოიყვანა, რომელმაც აშკარად გაამართლა იმედები, ახლა კი ჯერემიას ჯერია, რომელიც ოვონიკოკოზე არანაკლებ საინტერესო თავდამსხმელი ჩანს.
ჯელაძის დაწინაურებულმა მოთამაშეებმა ისე იყოჩაღეს, რომ "გაგრამ" ორ მათგანთან, ჯგერენაიასთან და ყურულაშვილთან ახალი კონტრაქტები გააფორმა.
"ჩვენი საკადრო პოლიტიკა უცვლელი რჩება: "გაგრა" ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელებს განვითარებისა და დაწინაურების შანსს აძლევს. კლუბის ხელმძღვანელობამ და მწვრთნელთა შტაბმა მიზანშეწონილად ჩათვალეს გიორგი ჯგერენაიასთან და გიორგი ყურულაშვილთან კონტრაქტების გახანგრძლივება და ორივე კლუბში კიდევ სამი წელი, 2014 წლამდე დარჩება", - გვითხრა "გაგრას" იურისტმა მიხეილ აფხაზავამ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"