დავით ჯანელიძე: შორიდან ლატვიაშიც გამიტანია

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქეთა საყურადღებოდ: იყავით ფრთხილად, ქუთაისელთა თავდამსხმელი, დავით ჯანელიძე ბურთს თუნდაც კარიდან საკმაოდ შორს რომ მიიღებს. ეს 22 წლის ფეხბურთელი ამ დროსაც საშიშია, რაც ბოლნისში "სიონთან" თამაშისასაც გამოჩნდა და შორიდან გასროლები თურმე ლატვიაშიც სჩვეოდა.

ჯანელიძემ "ტორპედოს" მაისურით პირველად სწორედ ბოლნისში გაიტანა. თანაც, თამამად ვიტყვით, რომ ეს იყო პირველი ეტაპის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გოლი - დავითმა კარში დაახლოებით 40 მეტრიდან დაარტყა და ულამაზესი გოლიც მიითვალა.

ჯანელიძემ გვითხრა, რომ შორიდან "სიონამდეც" გაუტანია:

"ლატვიაში ასეთი გოლის გატანა სამჯერ ვცადე და ერთხელ მოვახერხე.
მიხარია, საქართველოში პირველივე მცდელობა წარმატებული რომ გამოდგა. დავინახე, მეკარე ოდნავ წინ იყო გამოსული და ბურთიც სასურველი ტრაექტორიით წავიდა. სიმართლე გითხრათ, ასეთ კარგ დარტყმას არ ველოდი".

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, დათოს უკვე ექვს კლუბში უთამაშია - "თბილისში", "ზესტაფონში", ცხინვალის "სპარტაკში", აგრეთვე ლატვიურ "ტრანზიტსში", "სკონტოსა" და "ოლიმპსში".

მან ქუთაისურ კლუბთან ხელშეკრულება ახლახან გააფორმა. თავდამსხმელი გვიყვება, როგორ დაბრუნდა საქართველოში:

"როდესაც ლატვიაში მივდიოდი, მაშინ იქ თამაში ნამდვილად ღირდა, ახლა კი იქაურ კლუბებს ფინანსურად ძალიან გაუჭირდათ და გაჩერება აღარ შეიძლებოდა. ბალტიისპირეთიდან ზაფხულში წამოვედი და კონტრაქტი პოლონეთის პირველი ლიგის კლუბთან უნდა გამეფორმებინ, მაგრამ რატომღაც ევროკავშირის ვიზა ვეღარ გამიკეთეს.

ბოდიშები კი მიხადეს, მაგრამ სხვა რა გზა იყო, საქართველოში დაბრუნება მომიხდა. ასე აღმოვჩნდი ქუთაისის "ტორპედოში", რასაც სულაც არ ვნანობ - ძლიერი, ამბიციური და ახალგაზრდული გუნდია," - ამბობს ჯანელიძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული