მთავარმა მწვრთნელმა ალექს გარსიამ მარცხენა ფლანგზე ლევან ხმალაძის ტრავმის გამო წარმოქმნილი პრობლემის მოგვარება მოლდოვასა და სლოვაკეთში ნათამაშები მამუკა ლომიძის დამატებით სცადა - "დინამომ" 26 წლის მცველთან ექვსთვიანი კონტრაქტი გააფორმა.
ბულგარულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "დინამოს" "ბნეი სახნინის" ბულგარელი ფორვარდის, კოსტადინ ხაზუროვის გადაბირებაც სურს. მას ბულგარეთის ახალგაზრდულ ნაკრებშიც უთამაშია და ერთხელ ეროვნული გუნდის ფორმაც მოურგია, ამჟამად კი კარიერაში საუკეთესო
ცნობილია ისიც, რომ თბილისელებს ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ნახევარმცველ გოგიტა გოგუას გადაბირებაც სურთ და მისგან წინასწარი თანხმობაც მიიღეს.
თუმცა, ეს "დინამოსთვის" სასურველი მოთამაშეების არასრული ჩამონათვალია: შევიტყვეთ, რომ კლუბის ხელმძღვანელებმა კიდევ რამდენიმე ცნობილ ქართველ მოთამაშესთან დაიწყეს მოლაპარაკება.
"დინამოს" ჯერაც არ განელებია ინტერესი დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" თავდამსხმელ ბექა გოცირიძის მიმართ, რომელიც ამჟამად ფორმის აღდგენას ამ უკრაინული კლუბის დუბლშემადგენლობაში ცდილობს.
დიღომში რამდენჯერმე ივარჯიშა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ნათამაშებმა რევაზ ბარაბაძემ, მაგრამ ძველი ტრავმებით გაწვალებულმა 23 წლის თავდამსხმელმა თავის დასაზღვევად მოცდა ამჯობინა - "დინამოში" ვარჯიშს იანვარში განაახლებს და იმ დროისთვის გადაწყდება, ჩაირიცხება თუ არა გუნდში.
"დინამოში" ხშირი ტრავმიანობით დატანჯული ლევან ყენიას აყვანაზეც დაფიქრდნენ. ლევანმა ვარჯიში განაახლა და, შესაძლოა, თბილისელებმა გელზენკირხენის "შალკეს" მისი იჯარით გადაყვანა სთხოვონ.
ცხადია, ცვლილებები მხოლოდ შემატებას არ გულისხმობს - "დინამოს" რამდენიმე მოთამაშის დათხოვნაც მოუწევს. ჯერ არ ადასტურებენ, მაგრამ გაშვების კანდიდატები ესპანელი თავდამსხმელი ალბერტ იაგუე და ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი რობერტინიო ლინდო არიან. ცხადია, მათ რამდენიმე ქართველიც მიჰყვება.
თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ გეგმებია და ამათგან რა განხორციელდება, მალე შევიტყობთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"