მაგრამ დადგა დრო, როდესაც კარიერული წინსვლისთვის საქართველოდან წასვლა და უფრო ძლიერ ლიგაში თამაში გადაწყვიტა. წესით, მალე "ზესტაფონს" უნდა დაემშვიდობოს - ირაკლის კლუბთან კონტრაქტი იანვარში უმთავრდება. კლუბის პრეზიდენტმა ილია კოკაიამ თქვა კიდეც, მადლობის მეტი რა გვეთქმის, ბიჭი გულიანად თამაშობს, მისი ოჯახი კი უკრაინაში გადადის, ირაკლისაც იქ მიუწევს გული და ხელს არ შევუშლითო.
სად
"ძარიას თაობაზე საინტერესო ამბებია. ირაკლის გადაყვანით დაინტერესებულები არიან ფრანგული "ბრესტი", ბელგის "კორტრიკი", ბუქარესტის "სტიაუა", დონეცკის "მეტალურგი", ლვოვის "კარპატი" და სიმფეროპოლის "ტავრია". ზამთარში ამ გუნდებიდან ერთ-ერთში გადავა. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ვფიქრობ, მალე ძარია ბევრად უკეთეს ლიგაში უნდა ვიხილოთ.
რუმინულ კლუბს ირაკლი ზაფხულში, ავსტრიულ შეკრებაზე მოეწონა, როცა "სტიაუა" "ზესტაფონს" ეთამაშა. ირაკლის მას შემდეგ აკვირდებოდნენ. დღეს კი დამიკავშირდა "კორტრიკის" გენერალური დირექტორი, რომლის აზრითაც ძარიას დიდი პერსპექტივა აქვს. უკრაინაში სამი კლუბია დაინტერესებული - "ტავრია", "მეტალურგი" და "კარპატი". უკვე მელაპარაკა "მეტალურგის" სპორტული დირექტორი ვარდან ისრაელიანი, "კარპატიში" კი ნახევარდაცვის ცენტრში დაუშილ-ძარიას ტანდემის დაყენებაზე ფიქრობენ, შეთამაშებულები არიანო.
საკმაოდ უცნაურად იქცეოდა სიმფეროპოლის "ტავრიას" ხელმძღვანელობა, მაგრამ ირაკლი წესიერი ბიჭია და ცალკე არ დაელაპარაკა. საგანგებოდ ზესტაფონშიც კი ჩამოაკითხეს და წინასწარი კონტრაქტის გაფორმება შესთავაზეს. ამ საქმეში ქართველებიც იყვნენ ჩარეულები, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ", - ამბობს ქუთათელაძე.
გეხსომებათ, ზაფხულში "ზესტაფონისა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ბუბა დაუშვილმა "კარპატისთან"გააფორმა კონტრაქტი, მაგრამ ამის შემდეგ კლუბში არ ათამაშებენ, ფორმიდან ამოვარდა და ითქვა, ლვოვურ კლუბში გადასვლას ნანობსო. ქუთათელაძე ამას უარყოფს:
"ბუბა არაფერს ნანობს და იმასაც დრო გვიჩვენებს, შეცდომა დაუშვა თუ არა. არც ის არის მართალი, თითქოს "კარპატის" ფინანსური პრობლემები შეექმნა. ნეტავ, ასეთი "გაჭირვება" ყველა ქართულ კლუბს ჰქონდეს.
სხვათა შორის აქვე ესაც მინდა ვთქვა: ამბობენ, დაუშვილი "ზესტაფონიდან" უმადურად წავიდა და კლუბს, რომელსაც მასზე უზარმაზარი ამაგი აქვს - ეს კი მართლაც ასეა - თეთრი არ მიუღიაო. ეს არის ტყუილი, "ზესტაფონი" დაუშვილისთვის კომპენსაციას აუცილებლად მიიღებს. ზუსტი ციფრის დასახელება გამიჭირდება, მაგრამ, როგორც ვიცი, ლვოველები "ზესტაფონს" დაახლოებით 170 ათას დოლარს ჩაურიცხავენ სწორედ იმისთვის, რომ ბუბა გაზარდა".
ქუთათელაძემ აგვისტოში დავით თარგამაძის ტრანსფერზე მუშაობაც დაიწყო, "კარპატის" თითქოს შეუთანხმდა კიდეც, მაგრამ ბოლო დროს "ოლექსანდრიას" ლიდერის საქმეებს უკრაინელი მენეჯერი ანდრეი ბილეიჩუკი წარმართავს.
"თარგამაძის საკითხზე მოლაპარაკებასაც ვაწარმოებდი და არა მხოლოდ "კარპატისთან". სხვა უფრო ძლიერი კლუბებიც დაინტრესდნენ, მაგრამ ბოლოს დათო ბილეიჩუკს ენდო. რა გამოვა აქედან, მალე გამოჩნდება, მე კი მხოლოდ ერთს ვიტყვი და გამგები გაიგებს - ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე", - ამბობს ქუთათელაძე.
მენეჯერი განმარტავს, თუ რატომ მიდის ბოლო წლებში ევროპაში სულ უფრო ცოტა ქართველი:
"მართალია, ტრანსფერებს პირდაპირ არ ეხება, მაგრამ ამ საქმესთან მაინც კავშირშია: ჩემი შვილი, მაგალითად, "ლილის" საფეხბურთო აკადემიაში ვარჯიშობს და მე ამაში თეთრსაც არ ვიხდი. ასევე იყო ჩეხეთში, სადაც პრაღის "სპარტას" სკოლაში ვარჯიშობდა და ასევეა ევროპის ბევრ ქვეყანაში.
საერთოდ, ნიჭიერს ყველგან აცმევენ, აჭმევენ, კინოებსა და პარკებში უფასოდ დაჰყავთ. ეს იმიტომ, რომ ბავშვებმა მასობრივად იარონ ფეხბურთზე, დიდ რაოდენობაში კი გაცილებით ადვილია ტალანტების აღმოჩენა.
რა კავშირშია ეს ტრანსფერებთან ზოგადად და ქართულ რეალობასთან კერძოდ? თუ ჩვენთანაც ასე არ იქნება, მომავალში უფრო გაგვიჭრდება. ხარიასხიან ფეხბურთელებზე ყოველთვის იყო და არის დიდი მოთხოვნა, ხშირად მეკითხებიან, რომელი ქართველის აყვანა გვიღირსო, მაგრამ ხშირადვე მიჭირს შეთავაზება. ვინაიდან საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშეს ევროპელებისთვის სასურველ დონეზე არ ზრდიან, ჩვენებს გამადიდებელი შუშით უყურებენ და ბოლომდე არ ენდობიან".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"