მარცვალაძე: ბოლო მატჩების მაგალითზე ჩანს, რომ ნაკრებს შეტევაში თამაში შეუძლია

AutoSharing Option
ხშირად გაიგონებთ, საქართველოს ნაკრები ერთ მაგარ თამაშს ყოველთვის იგებსო. ასე იყო წინა შესარჩევშიც, როცა საქართველომ შინ ხორვატია დაამარცხა. მაშინ ჩვენი გუნდი თავს კარგად იცავდა, მატჩის მიწურულს კი ხეირიანი კონტრშეტევა განახორციელა და ლევან კობიაშვილის გოლით დიდი სიხარულიც მოგვიტანა. გახსოვთ, ვინ შექმნა ის შეტევა, ვინ გაამწვავა თამაში და ვისი იყო საგოლე პასი?

ეს ყველაფერი ოთარ მარცვალაძემ გააკეთა და ეს არ იყო პატარა საქმე - ხორვატიასთან მოგება დიდად მნიშვნელოვანი გამოდგა საქართველოსთვის, ჩვენი ნაკრებისთვის და გუნდის მწვრთნელისთვის.

მარცვალაძე თავის დროზე საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირიც იყო
და საუკეთესო მოთამაშეც ჟურნალისტთა გამოკითხვით. ის თავბრუს ახვევდა მცველებს და სოლორეიდებს გოლით აგვირგვინებდა. მაშინ რატომღაც ჩვენი ნაკრებები არ იყენებდნენ გარემარბებს, თითქოს მივიწყებულიც კი იყო გარემარბობა, მაგრამ დრო და ვითარება იცვლება, ფლანგზე მოთამაშე შემტევი ახლა ისევე აქტუალურია, როგორც ძველად, ჭეშმარიტად ვარსკვლავური ფეხბურთის ეპოქაში.

ოთარი საქართველოს ჩემპიონატიდან კიევის "დინამოში" მოხვდა, თუმცა მერე ყველაფერი ისე ვერ აეწყო, როგორც სურდა...

დღეს კი 27 წლის მარცვალაძე რუსულ პრემიერლიგაში მოთამაშე "კრასნოდარის" ფეხბურთელია და მასთან საუბარიც აქედან დავიწყეთ.

- "კრასნოდარში" რამდენიმე თვის წინ გადახვედი "ვოლგადან" - რა იყო ამ ტრანსფერის მოტივაცია?
- - "კრასნოდარი" ჯერ კიდევ მაშინ დაინტერესდა ჩემით, როცა რუსეთის პირველ ლიგაში მოთამაშე "ანჟიში" ვიყავი. ახლა კი "კრასნოდარი" უკვე პრემიერლიგაშია, ამ კლუბში ყველაფერი მაღალ დონეზე კეთდება, სტაბილური სისტემა და დიდი პერსპექტივა აქვს. ყოველივე ამის გამო მივიღე ეს გადაწყვეტილება.

- მოდი, რამდენიმე წლის წინანდელი ამბავი გავიხსენოთ. საქართველოს ნაკრებს კლაუს ტოპმიოლერი წვრთნიდა და ამხანაგური შეხვედრაც გაგვიხერხა გერმანიის ნაკრებთან. მატჩი 0:2 წავაგეთ, თუმცა იყო სასიამოვნო ეპიზოდებიც - შენ ორი კარგი რეიდი გამოგივიდა. როცა გერმანიის ნაკრებთან თავს გამოიჩენ, წესით, ეს შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეთ ევროპული გუნდების სკაუტებს...
- ტოპმიოლერმა მაშინ ჩემს პოზიციაზე დამაყენა - შეტევის მარჯვენა ფლანგზე და მეც ეს შანსი შეძლებისდაგვარად გამოვიყენე. რომ გითხრათ, იმ თამაშის მერე კონკრეტული შემოთავაზებები მქონდა-მეთქი, ასე რ ყოფილა. მაშინ კიევის "დინამოს" ფეხბურთელი ვიყავი და სხვაგან ადვილად ვერ გადავიდოდი. გერმანიასთან თამაშიდან მალევე კოჭის მყესები გამიწყდა და საოპერაციო გავხდი, რის გამოც ერთი წელი გამიცდა. მოკლედ, ყველაფერს იღბალი უნდა...

- შენს მონაცემებში ეჭვი არავის და არასდროს ეპარებოდა, თუმცა კულუარებში სპეციალისტები იმასაც ამბობდნენ, ცენტრფორვარდად თამაში უჭირს, რაღაც აკლიაო. როგორ ფიქრობ, რა არის ეს "რაღაც"?
- ფიზიკური მონაცემები არ მაძლევს იმის საშუალებას, ისე ვითამაშო, როგორც, მაგალითად, შოთა არველაძე თამაშობდა. ანუ ჩემთვის რთულია, ათლეტურ ცენტრალურ მცველებში ჩავდგე, ბურთი კარისკენ ზურგით მდგომმა მივიღო და ასეთნაირად გამოვადგე გუნდს. სამაგიეროდ, დრიბლინგისა და სისწრაფის ხარჯზე შემიძლია თამაშის გამწვავება.

- "ვიტ ჯორჯია", კიევის "დინამო", "ანჟი", "ვოლგა", "კრასნოდარი"... რომელ გუნდში შექმნა ოთარ მარცვალაძემ საკუთარი თავი?
- ვფიქრობ, საქმეს თავი ყველგან გავართვი, კიევის "დინამოს" გარდა, სადაც ხან ტრავმებმა შემიშალა ხელი, ხან კი - უთამაშებლობამ. პრობლემა "ანჟიშიც" შემექმნა - დაახლოებით ნახევარი წელი სავიზო პრობლემის გამო გამიცდა. ეს ყველაფერი უკვე ჩავლილი ამბებია, ახლა "კრასნოდარში" ვარ და ყველაფერი წინ მაქვს.

- "კრასნოდარმა" "ვოლგადან" გამოგისყიდა. რუსეთში როგორ ხდება, სატრანსფერო თანხას რეალურად აფიქსირებენ?
- რუსული კლუბები არ ასაიდუმლოებენ სატრანსფერო თანხებს. "კრასნოდარის" საიტზე დაიწერა, რომ კლუბმა ჩემს ტრანსფერში 1 300 000 ევრო გადაიხადა. რუსეთში ისეთი ფეხბურთელებიც თამაშობენ, რომლებშიც კლუბები 10-20 მილიონს იხდიან.

- რუსეთი მართლაც სოლიდური საფეხბურთო ბაზარია. ამბობენ, რომ იქ ყველა სატრანსფერო არხს თავისი განმკარგულებელი ჰყავს - აფრიკელი ლეგიონერების საკითხი ერთის ხელშია, ევროპელების - მეორისა და ასე შემდეგ. იმასაც გაიგონებს კაცი, ქართველი ფეხბურთელი რუსეთში ისე ვერ გადავა, თუ ამ საქმეს უმეტეს შემთვევაში ერთმა კაცმა არ მოჰკიდა ხელიო...
- ასეთი პრობლემები არ იქმნება, ეს რომ ასე იყოს, კარგა ხნის მოგვარებული იქნებოდა.

- შენი მენეჯერი მამუკა ჯუღელია?
- არა, ჯუღელი ჩემთვის ოჯახის წევრივითაა, მეხმარება და სასარგებლო რჩევებს მაძლევს.

- ლევან კობიაშვილი, გოგა გახოკიძე, მიხეილ ყაველაშვილი - მათ მოახერხეს და რუსეთის ჩემპიონატის შემდეგ ევროპაშიც ითამაშეს. ახლა კი ასეთი ტენდენცია, ფაქტობრივად, აღარ არის - რატომ? ეს მხოლოდ იმის ბრალია, რომ რუსეთის ჩემპიანატში ახლა გაცილებით მეტი ფული ტრიალებს?
- მაშინ სულ სხვა დრო, სხვა ვითარება იყო. დღეს ბელგიის თუ ავსტრიის საშუალო დონის კლუბში გადასვლას ყველანაირად სჯობს რუსეთის პრემიერლიგაში თამაში, თუნდაც "კრასნოდარში". რაც შეეხება ევროპის უმაღლესი დონის კლუბებს, იქ რომ გადახვიდე, აქამდე უნდა მიხვიდე, ამისთვის მზად უნდა იყო.

- როგორ ფიქრობ, რა როლს თამაშობს ასეთ დროს მენეჯერის ფაქტორი?
- რა თქმა უნდა, მენეჯერის ფაქტორი მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაფერი მაინც ფეხბურთელის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.

- ივიცა ოლიჩის მაგალითი გავიხსენოთ: ის თავის დროზე მოსკოვის ცსკა-ს ფეხბურთელი იყო, მერე ბუნდესლიგაში წავიდა და "ჰამბურგის" შემდეგ მიუნხენის "ბაიერნში" ამოჰყო თავი. ნუთუ რუსეთში მოთამაშე ქართველები ოლიჩზე ბევრად ნაკლები ფეხბურთელები არიან? ნუთუ "ჰამბურგის" თუ "ლევერკუზენის" დონის კლუბში მოხვედრა რუსეთში მოთამაშე ქართველებისთვის შეუძლებელია?
- ასეთი დონის გუნდებში თუ მოხვდი, იმის შანსიც გექნება, რომ თავი ნორმალურად წარმოაჩინო, მაგრამ კონკრეტული დაინტერესება ხომ უნდა იყოს?! ისიცაა, რომ რუსეთში განსაკუთრებულად ძნელია თამაში, რადგან უფრო ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობენ, ვიდრე ბუნდესლიგაში თუ სხვა ევროპულ ლიგებში. თანაც, ახლა რუსეთის ჩემპიონატი ისეთი დაძაბულია, როგორც არასდროს. ევროპაში კი სხვა ტენდენციებია, იქ მაყურებელის ფაქტორს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ და ცდილობენ, გახსნილი, სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშონ.

- "კრასნოდარის" საშინაო თამაშებზე საშუალოდ რამდენი გულშემატკივარი მოდის?
- ჯერჯერობით ძალიან ცოტა, 3-4 ათასი, მაგრამ გუნდი ახალი გადმოსულია პრემიერლიგაში და ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ ქომაგთა რიცხვი გაიზარდოს. ისე კი, კრასნოდარში ფეხბურთი უყვართ, "ყუბანის" მატჩებზე სტადიონი ივსება ხოლმე, რადგან "ყუბანი" ძველი, ტრადიციული კლუბია.

- ნაკრების ხორვატიასთან მოგებულ მატჩზეც ვთქვათ - შეცვლაზე კარგად შეხვედი და შენმა თამაშმა მნიშვნელოვნად განაპირობა მატჩის შედეგი...
- თემურ ქეცბაია მეუბნებოდა, ეცადე, მცველების ზურგსუკან აღმოჩნდე და დაუსხლტე მათო. ასეთ დროს მცველებს მართლაც უჭირთ ჩემ წინააღმდეგ თამაში. მეც ამას ვეცადე ხორვატიასთან და საქმეც ხუთიანზე გამომივიდა. ბურთი რომ მივიღე, ერთი მცველი ჩამოვიშორე, მეორე რომ გადმოვიდა ჩემკენ, მის მოტყუებას თუ კარში დარტყმას ჩინებულ პოზიციაზე მყოფი კობიაშვილისთვის ბურთის მიწოდება ვამჯობინე და ყველაფერი გოლით დასრულდა. ამ ეპიზოდში აღსანიშნავია ჯაბა კანკავას ჩინებული პასიც ჩემი მისამართით.

- სისწრაფის გარდა, კიდევ რა არის უკიდურესად აუცილებელი გარემარბისთვის?
- როცა მცველთან პირისპირ რჩები, მის მოტყუებაზე უნდა წახვიდე, შესაძლოა, ეს ყოველთვის არ გააკეთო, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში საამისოდ უნდა იყო მომართული. ვისაც, ასე ვთქვათ, კაცზე წასვლის ეშინია, გარემარბობის შანსი, ფაქტობრივად, არ აქვს.

- ნაკრებზე ერთხელაც გკითხავ. თემურ ქეცბაიამ არაერთხელ ილაპარაკა ფეხბურთელების დეფიციტზე...
- ყველას საკუთარი აზრი აქვს. ქეცბაიას ნაწილობრივ ვეთანხმები, თუმცა ამ მხრივ მთლად ცუდად არ უნდა იყოს საქმე - თუ ნაკრების ბოლოდროინდელ თამაშებს გადავხედავთ, დავინახავთ იმის მაგალითებს, რომ შეტევაში თამაში შეგვიძლია.

დავით თავართქილაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დიდებული პროფესიონალია ოტარ მარცვალადზე,ასეტ ახალგაზრდებს მოფრტხილება, მოფერება,ხელსეწყობა უნდა,გაიხარე და სულ გამარჯვების გზაზე გევლოს!მოდიტ, ცოტა ადრე, მაგრამ ერტად მივულოცოტ დამდეგი ახალი წელი !
maia kakhidze
00:16 11-12-2011
0
გაგიმარჯოს ოტო, დიდებული პეხბურტელი ხარ და სულ გამარჯვების გზაზე გევლოს, გაიხარე !
maia kakhidzeak
00:21 11-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული