კახა კალაძე: რატომ წავედი ნაკრებიდან

AutoSharing Option
კახა კალაძის განცხადება:

ძვირფასო მეგობრებო, ყველას საუკეთესო სურვილებით მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ იმ უდიდესი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც გამოხატავთ ჩემს მიმართ.

უკვე მესამე დღეა, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შესახებ განცხადება გავაკეთე და ამ ხნის მანძილზე მოდიოდა უამრავი შეტყობინება მობილურსა თუ კომპიუტერში, რეკავდნენ ახლობლებიც და უცნობი ადამიანებიც. ძალიან დიდი სითბო ვიგრძენი ხალხისგან. რჩებოდა ერთადერთი პასუხგაუცემელი კითხვა: რა მიზეზით დავტოვე ნაკრები?

მანამდე კი მინდა, გამოვეხმაურო იმ სამარცხვინო წერილს, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა. მთელი წერილი გაჟღენთილია ჩემს მიმართ პირდაპირი
თუ ირიბი ბრალდებებით თუ რჩევა-დარიგებებით. უბრალოდ, მათ შეეძლოთ ერთი სიტყვით მაინც ეთქვათ მადლობა, ნაკრებში ჩემი ყოფნის 15 წლის მანძილზე ნუთუ სიხარულის 15 წუთი არ მიმინიჭებია იმ ადამიანებისთვის, ვინც ფეხბურთის ფედერაციაშია დასაქმებული.

თუმცა სპორტსმენი ხომ ხალხისთვის შრომობს და არა ვიწრო ჩინოვნიკური გაგების ადამიანების ერთი ჯგუფისთვის, რომელთაგან ზოგი შეიძლება ცირკის არენიდან პირდაპირ თბილ სავარძელში ჩასვეს. სხვათა შორის, როცა დღევანდელ საქართველოში პოლიტიკისა და ფეხბურთის გამიჯვნაზე, ვითომ სახელმწიფოს მხრიდან ჩაურევლობაზე საუბრობენ, ეს ცოტა კომიკურიც კია. არადა, ფედერაციაში დასაქმებული რამდენიმე ადამიანი, მათი ჭკუით, მარიგებს, როგორ უნდა მოვქცეულიყავი თემურ ქეცბაიასთან მიმართებაში.

დამშვიდდით, ბატონებო, თქვენ ნუ ღელავთ ჩემი და თემოს ურთიერთობაზე. ამ აბსურდულ წერილზე აქ საუბარს მოვრჩი.

მეგობრებო, ყველა გულშემატკივარს ვთხოვ, რასაც დავწერ - განიხილონ მთლიანად და არა კონტექსტში, ამოგლეჯილად. ჭეშმარიტ გულშემატკივარს ვგულისხმობ და არა იმ ადამიანებს, რომლებიც დაეშვნენ "კალაძემ იტალიასთან თამაში გაყიდას"-დონეზე. ეს წერილი არც "მადრიდი-რეალის" თამაშის მაყურებელისთვის იქნება საინტერესო. მოგეხსენებათ, ყველა პარტია ნაცვალმა ერთმა სუბიექტმა "რეალი-ბარსელონას" თამაში "მადრიდი-რეალის" მატჩად აღიქვა.

კითხვაზე, რა მიზეზით დავტოვე ნაკრები, ჩემი პასუხი ასეთია: აქ დროთა განმავლობაში რამდენიმე საკითხმა მოიყარა თავი - მე არ მქონდა მორალური უფლება, ნაკრებში კიდევ რამდენიმე წელი მეთამაშა მაშინ, როდესაც ნაკრების წევრი გიორგი დემეტრაძე ყოვლად უსაფუძვლო, აბსურდული ბრალდებით უკვე მეორე წელია, ციხეში ზის და მე, მისმა მეგობარმა სამართალი ვერ ვიპოვე. მაპატიეთ, მაგრამ, რაც უნდა იყოს ფეხბურთი, ჩემთვის ადამიანობა, კაცობა, მეგობრობა ძირითადი ფასეულობებია. მეორე წელია, დემეს დაპატიმრებიდან ჩემს თავთან მქონდა ბრძოლა, ნამდვილად არ მინდოდა, ჩემს საყვარელ ნაკრებს, მის გულშემატკივრებს გული დასწყდომოდათ, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ ერთგვარ პროტესტს უსამართლობის მიმართ საზოგადოება სწორად გაიგებს, მით უმეტეს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ფედერაციას ერთი დადებითი სიტყვაც კი არ უთქვამს დემეტრაძესთან მიმართებაში. ყველაფერ ამას დაემატა რამდენიმე ანგაჟირებული ჯიბის ჟურნალისტის სერიული თავდასხმა.

მარიონეტი ჟურნალისტების ხელით ზოგიერთი შეეცადა, გარედან მოეხდინა ზემოქმედება ნაკრებზე, საუბარი დაიწყეს ჩემს ასაკზე და ბოლოს იმ დონემდე დაეშვნენ, რომ 29 წლის ხიზანიშვილიც კი ვეტერანად გამოაცხადეს და ამას არქმევდნენ ვითომ ნაკრების გაახალგაზრდავებას, ანუ საზოგადოებაში მუსირებდა აზრი, რომ კალაძის გამო სხვა თანაგუნდელები იწირებოდნენ. აბა, მარტო კალაძე რომ გაეშვათ, მთლად ლამაზად არ გამოდიოდა. ეს პრობლემაც მოვუხსენი ყველა "კეთილისმსურველ გულშემატკივარს" და წავედი. ვფიქრობ, რომ, ამ 1 წლის მანძილზე, რაც შესარჩევ ეტაპამდეა დარჩენილი, ნაკრების ოპტიმალური შემადგენლობა ჩამოყალიბდება. ამითაც არ შევუქმენი ნაკრებს პრობლემა, რადგან ოფიციალურ თამაშებამდე მთელი ერთი წელია და ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, თავიანთი პოტენციალი აჩვენონ მწვრთნელებს.

აქვე არ შეიძლება არ აღვნიშნო ისიც, რომ უკვე წლებია, რაც ვსვამ კითხვებს და ეს კითხვები უპასუხოდ რჩება. ეს კითხვები იყო დაწყებული გირგვლიანის მკვლელობიდან, დამთავრებული იმით, თუ რატომ ჩამოართვეს მოქალაქეობა ცნობილ მეცენატ ივანიშვილს. თუმცა, ამ და მრავალ სხვა კითხვაზე პასუხი იყო ან სრული დუმილი, ან ამ რეჟიმის წარმომადგენლებისთვის დამახასიათებელი ცინიზმით სავსე.

ზოგიერთი ნაკრებიდან ჩემი წასვლის შესახებ განცხადების ადგილს მიწუნებს და ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიის დაფუძნებისას არ უნდა წავსულიყავი ნაკრებიდან, სად პოლიტიკა და სად ეროვნული ნაკრებიო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს პოლიტიკური პარტიის დაფუძნება არ იყო, ეს გახლდათ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება. აბა, ვისთან, თუ არა საზოგადოებასთან უნდა მეთქვა ხმამაღლა ამ განცხადების შესახებ. დარბაზში ისხდნენ ადვოკატები, ფილოსოფოსები, ექიმები, ჩემი გულშემატკივრები, რომლებისთვისაც სულერთი არ არის ჩემი საფეხბურთო მომავალი. დიახ, მე საჭიროდ ჩავთვალე, რომ ღიად, საჯაროდ, საზოგადოებისთვის მემცნო ამ გადაწყვეტილების შესახებ. უბრალოდ, მიზეზებზე საუბრით თავი არავის შევაწყინე.

დასასრულ, მინდა, კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ საოცრად განვიცდი ნაკრებიდან წასვლას და ყველა გულშემატკივარს გთხოვთ: ნუ დაძრახავთ სპორტსმენებს, ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და შეცდომისგან არავინაა დაზღვეული.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვუსურვებ წარმატებებს, ისეთს, როგორიც ქართველ ხალხს ეკადრება. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ, რომ წლების მანძილზე მქომაგობდით და გვერდით მედექით, ჩემთვის დაუვიწყარია ის სითბო და სიყვარული, რაც თითოეულმა თქვენგანმა გამოხატა ჩემი ოჯახის ტრაგედიის დროს (ეს სურათიც იმ ტრაგედიის შემდეგ პირველ თამაშზეა გადაღებული).

მეც ძალიან მიყვარხართ და უზარმაზარ პატივს გცემთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!

(სტილი დაცულია)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
რა შუაშია ფეხბურთი და ივანიშვილი შე კაი კაცო! დემეს გამო რომ წასულიყავი ნაკრებიდან გაგიგებდით უფრო, მაგრამ ივანიშვილი აქ რა მოსათრევია საერთოდ! ისე ჩვენი ნაკრები ფეხბურთს როგორ ითამაშებდა, როცა ფეხბურთელების ნაცვლად ამდენი პოლიტიკოსი გვყოლია გუნდში! პოლიტიკოსი მაშინ ყოფილიყავი, როცა შენი ქვეყანა იბომბებოდა და ხმას არ იღებდი, ან სამტრედიის გუნდს რომ დახმარება სჭირდებოდა უფულობის ჟამს! მაინც მინდა წარმატებები გისურვო სპორტულ კარიერაში, მაგრამ შენ აზრზე არ ხარ რა არის ნამდვილი,ჭეშმარიტი ქართული ოცნება!
Shota
10:22 13-12-2011
0
კახა კალაძე ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია საქართველოს ისტორიაში და მხოლოდ მადლობა ეკუთვნის 15 წელი რომ იცავდა ღირსეულად საქართველოს ინტერესებს. უსამართლობის წინააღმდეგ კი ყველამ ხმა უნდა აიმაღლოს, ბიძინა ივანიშვილის გვერდში დგომა კი უსამარტლობის წინააღმდეგ ხმის ამაღლებას ნიშნავს ზუსტადაც
giorgi
10:57 13-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული