მერაბ ჟორდანია "ვიტესს" არ ჩამოყვა

AutoSharing Option
გუშინ საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" სტადიონ "ბენდელაზე" "ფოლკსვაგენის თასის" გათამაშება დაიწყო. ამ საერთაშორისო, ახალგაზრდულ (1996 წელს დაბადებულთა) ტურნირში მონაწილეობენ "საბურთალო", ქუთაისის "ტორპედო", "სახალისო ფეხბურთი" (მისი ეგიდით "ნორჩი დინამო" ითამაშებს) და არნემის "ვიტესი".

ტურნირის ინიციატორები არიან "ლევან ჟორდანიას ფონდი" (პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია), "საბურთალო" და "სახალისო ფეხბურთის" ქართული ფილიალი.

"საქართველოში მოზარდთა საერთაშორისო ტურნირებით განებივრებულები არ ვართ და უცხოური გუნდის ჩამოყვანა იშვიათი ამბავია. ეს "ლევან ჟორდანიას ფონდის", "სახალისო ფეხბურთის" ხელმძღვანელ ვალერი ჩოლარიასა და განსაკუთრებით "ვიტესის" პრეზიდენტ მერაბ ჟორდანიას დამსახურებაა, რომელიც ქართულ ფეხბურთს ჰოლანდიიდანაც ემსახურება.

"ფოლკსვაგენის თასთან" დაკავშირებით გეტყვით, რომ ჩვენი კომპანია ტურნირის მასშტაბების გაზრდას აპირებს და იმედია, მომავალში "ლევან ჟორდანიას ფონდის" დახმარებით უფრო მეტ უცხოურ და ქართულ კლუბს მოვიწვევთ. ეს ისევ ჩვენი ბავშვების გაზრდას წაადგება. "ფოლკსვაგენის თასი" არის "საბურთალოს" ერთგვარი ტესტი და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორ ჩავაბარებთ მას.

"საბურთალოს" "ვიტესთან" პარტნიორობის გაფართოებაც სურს, რადგან ეს არის ჰოლანდიაში ერთ-ერთი საუკეთესო ინფრასტრუქტურის მქონე კლუბი. არნემელთა გამოცდილების გაზიარება კი ნამდვილად არ აწყენდა ჩვენი სკოლის მენეჯმენტს და მწვრთნელებს.

მახარებს, რომ ამ ტურნირით ქართული ფეხბურთის ყველა თაობა დაინტერესდა, თაობათა ერთობა და მათი გამოცდილების გაზიარება კი ქართულ ფეხბურთს ძალიან სჭირდება", - თქვა "საბურთალოს" და "იბერია ბიზნეს ჯგუფის" დამფუძნებელმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

"ფოლკსვაგენის თასის" კენჭისყრა სასტუმრო "ბატესტაში" გაიმართა, გუშინ კი პირველი მატჩები ჩატარდა: "საბურთალომ" 1:0 მოუგო "სახალისო ფეხბურთს", ქუთაისის "ტორპედომ" კი დაძაბულ ბრძოლაში "ვიტესს" 4:2 სძლია.

არნემელთა შემადგენლობაში ითამაშა 15 წლის ლევან ჟორდანიამ, ის გუნდის კაპიტანი და ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია. თბილისში ჯერ-ჯერობით არ ჩამოსულა არნემელთა პრეზიდენტი, თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია.

"ვიტესს" ჩამოჰყვა ლაინსმენიც, რომელმაც ორგანიზატორებს დახმარება შესთავაზა, რაზეც სიამოვნებით დათანხმდნენ.

დარჩენილი მატჩების განრიგი ასეთია: 14 დეკემბერი: "სახალისო ფეხბურთი" - "ტორპედო" (14:00), "ვიტესი" - "საბურთალო" (16:00); 15 დეკემბერი: "საბურთალო" - "ტორპედო" (14:00), "ვიტესი" - "სახალისო ფეხბურთი" (16:00); 16 დეკემბერი მატჩი მე-3 ადგილისთვის (14:00), ფინალი (16:00).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული