"ტორპედოს" ბაზაზე საფარს აგებენ

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" მეპატრონეები სტადიონის განახლების შემდეგ საღორიის ბაზის რეკონსტრუქციასაც შეუდგნენ და ამ დღეებში ახალი, ბუნებრივსაფრიანი მოედნის მოწყობა დაიწყეს.

სტანდარტული ზომის მოედანზე ადგილობრივ ბალახს დააგებენ, რასაც ათი დღე დასჭირდება და იმედოვნებენ, რომ სამ თვეში მინდორი სასურველ კონდიციაში იქნება. ამის მერე მოედანი სრული სამუშაო რეჟიმით დაიტვირთება. კლუბის პრეზიდენტ ლევან ფხაკაძეს გუშინწინდელ, რუსთავის "მეტალურგთან" მატჩამდე ვესაუბრეთ.

"მომავალი წლის სექტემბერს განახლებული აკადემიით, მინდვრებითა და ინფრასტრუქტურით შევხვდებით. ეს უნდა გახდეს დასაწყისი იმ წარმატებებისა, რომლებზეც ქუთაისის "ტორპედო" და მისი გულშემატკივრები ოცნებობენ. უკვე გაკეთებული საქმეები და ახლაც
მიმდინარე სამუშაოები კი არის საფუძველი იმისა, რომ ხვალ და ზეგ ჩვენი მიზნები განხორციელდება.

ბუნებრივია, ჩვენი მიზანი გუნდის განვითარებაა, რაც ინფრასტრუქტურის განახლების გარეშე წარმოუდგენელია. საკმაო დრო დასჭირდა პროექტის მომზადებას, სწორი კონცეფციის ჩამოყალიბებას. ამ ხნის განმავლობაში შემუშავდა კონცეფციის რამდენიმე ვარიანტი და მიმაჩნია, რომ საბოლოოდ ყველაზე სწორ მოდელზე შევჩერდით.
ბაზაზე მოეწყობა სტანდარტული ზომის 6 მოედანი, საიდანაც 1 ან 2 ხელოვნურსაფარიანი იქნება, დანარჩენები კი - ბუნებრივი. გარდა ამისა, საფეხბურთო სკოლის განვითარებაზეც ვზრუნავთ", - გვითხრა ფხაკაძემ.

ქუთაისური კლუბის პრეზიდენტი გუნდის თაობაზეც გვესაუბრა და არ დამალა, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "ტორპედოში" დიდი საკადრო ცვლილებები მოხდება: "მიმაჩნია, რომ ეს პროცესი გამართულად მიდის. მიუხედავად იმ უიღბლობისა, რომელიც ახლახან ზესტაფონში სათასო შეხვედრისას ვიწვნიეთ, გუნდმა ღირსეულად ითამაშა და თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა.

დარწმუნებული ვარ, "ტორპედო" გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით წარმატებებს მიაღწევს. წინ ზამთრის სატრანსფერო პერიოდია, ის დრო, როდესაც გუნდის სუსტი წერტილები უნდა გავაძლიეროთ, რათა მომავალი წლიდან უფრო ხარისხიანად ითამაშოს"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული