ჯონ ჯერემია: საქართველოს თასის ფინალში თამაში ჩემი ოცნებაა

AutoSharing Option
მალე ერთი წელი გახდება, რაც ჯონ ჯერემია საქართველოში იმყოფება. თუმცა, საფეხბურთო კლუბმა "გაგრამ" მისი განაცხადში შეყვანა მხოლოდ ოქტომბერში მოახერხა, როდესაც სრულწლოვანი გახდა. მანამდე ჩვენს ქვეყანას ეჩვეოდა, ბევრ რამეს სწავლობდა და დღეს რომ ჰკითხოთ, როგორ ხარო… მეგრულადაც კი გიპასუხებთ.

ჯონ ჯერემია წარმოშობით კადუნადან არის, დიდი ქალაქი არ არის, არც ძალიან მდიდრული დასახლებაა და არც ძალიან ღარიბული.

სამშობლო ენატრება, მაგრამ ფეხბურთის თამაში ძალიან უნდა და ისიც იცის, რომ თუ თავს გამოიჩენს, აუცილებლად დიდ გუნდში შეძლებს გადასვლას. ვინც კი ნახა მისი თამაში, აღფრთოვანებული
დარჩა.

- ჯონ ჯერემია… ხომ არ ვცდებით?
- არა, მაგრამ გუნდში ჯერის მეძახიან (იცინის).

- ბევრმა იკითხა, მეგრელი ხომ არ არისო?
- მეგრელი? მეც გავიგე ამის შესახებ. საქართველოში ასეთი კუთხეა, სადაც მეგრელები ცხოვრობენ. ამიხსნეს, რომ ჩემი გვარი მეგრულ გვარს ჰგავს. როგორ ხარო რომ მეკითხებიან, "ჯგიროდ"-მეთქი, მეც ვპასუხობ. გუნდში ბევრი მეგრელია და მასწავლეს. იომიმაც იცის ცოტა მეგრული (იცინის).

- მოგწონთ საქართველო?
- ძალიან , მაგრამ ცივი ქვეყანაა…

- ცივი?

- ცივი, აბა რა… შარშან ზამთარში ჩამოვედი და მერე ბათუმში ვიყავით. თოვლი აქამდე არ მქონდა ნანახი და მე იქ თოვლი ვნახე? დიდი თოვლი იყო და ძალიან მციოდა. ახლაც ხომ იყო თოვლი…

- ზაფხულშიც ცივა საქართველოში?

- არა, არ ცივა (იცინის). მაგრამ თქვენ ნიგერიაში უნდა ნახოთ ზაფხულში რა ხდება. ზამთარში კიდევ თოვლი ნამდვილად არაა. სიცივე კი არის, მაგრამ საქართველო ძალიან მომწონს. მაგრამ ჩემი პრობლემა ის იყო, რომ საქართველოში ლეგალურად ცხოვრება მინდოდა და კლუბს დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, რომ ეს პრობლემაც მომიგვარეს.

- კლუბ "გაგრაზე" რას გვეტყვით?
- ფანტასტიური გუნდია - ფეხბურთელები, მწვრთნელები, კლუბის ადმინისტრაცია. შესანიშნავად გვექცევიან და ვერ ვგრძნობ რომ სახლში არ ვარ.

- სახლი გენატრებათ?

- ძალიან… მენატრება, მაგრამ უნდა მოვითმინო. მე ხომ ფეხბურთი ძალიან მიყვარს და თუ არ მოვითმენ, ისე არაფერი გამოვა.

ერთია, ახლა "სპარტაკთან" თამაში წავაგეთ და ძალიან მწყდება გული. მწვრთნელს იმედები ვერ გავუმართლე. ერთი გოლი გავიტანე, მაგრამ ორი კიდევ გასატანი მქონდა. ძალიან ვნერვიულობ.

- და მაინც, რატომ ვერ ახერხებთ გოლის გატანას.
- თავი როგორ ვიმართლო? მაგრამ მე სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებით, დიდი სათამაშო პრაქტიკით ვერ დავიკვეხნი (ნიგერიას ვგულისხმობ). დრო მჭირდება, მაგრამ მეც კარგად ვიცი, რომ დიდი პასუხისმგებლობაა თავდასხმაში თამაში, გოლი უნდა გაიტანო. ყველაზე მეტად ჩვენი მთავარი მწვრთნელის მრცხვენია, მენდობა და სჯერა ჩემი. მე კიდევ ხშირად ვერ გამაქვს.

- დაკარგული ჯერ არაფერია.

- ახლა კიდევ გვიწევს თამაში და ძალიან მინდა მოვიგოთ. თავს არ დავზოგავ, რომ გუნდმა სამი ქულა მოიპოვოს და ეს წელი რვა საუკეთესო გუნდში დაასრულოს.

- საქართველოს ჩემპიონატზე რას გვეტყვით?
- მომწონს. ბევრი დაძაბული თამაშია და ინტერესიც არის. ის არ მომწონს, რომ ბევრი მაყურებელი არ დადის სტადიონზე. როდესაც ხალხი მოდის და ქომაგობა არის, მაშინ უფრო მეტი ჟინით და მონდომებით თამაშობ.

- როგორ ფიქრობთ, მოხვდება "გაგრა" რვა საუკეთესო გუნდში?
- უნდა მოვხვდეთ.

- გუნდი თასის ნახევარფინალშიც გავიდა.
- და წინა წელს თასი მოიგო. თბილისში უკვე ვიყავი ჩამოსული და მაშინ თამაშის უფლება არ მქონდა. იმ დროს წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორ გავიდოდი მინდორზე და ვითამაშებდი. ახლა კიდევ ამის რეალური საშუალება მაქვს. ნახევარფინალში აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ფინალში თამაში ჩემი ოცნებაა.

fcgagra.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული