მაქსიმე ქვილითაია: კი არ ვრისკავ, "ტორპედოსი" მჯერა

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონთან" შეხვედრის შემდეგ ქუთაისის "ტორპედომ" მეკარე, მაქსიმე ქვილითაიასთან ახალი 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"26 წლის ფეხბურთელს მოქმედი ხელშეკრულება "ტორპედოსთან" 2012 წლის ივნისში უმთავრდებოდა. მართალია, ქვილითაია იშვიათად თამაშობს "ტორპედოს" ძირითად შემადგენლობაში, თუმცა მოედანზე თავისი საიმედოობით გამოირჩევა. ამის მაგალითად "სიონთან" გამართული მატჩიც შეიძლება დავასახელოთ, რომელიც მაქსიმესთვის პირველი იყო 23-ე ეროვნულ ჩემპიონატში. ქვილითაიამ თასის გათამაშებაში "ტორპედოს" კარი ოთხჯერ დაიცვა", - იუწყებოდა კლუბის ვებგვერდი.

მაქსიმე ქვილითაია ორი წლის წინანდელ ჩემპიონატში საუკეთესო მეკარედ დასახელდა და ექტორ რაულ კუპერი ეროვნულ ნაკრებშიც იწვევდა, მაგრამ "ტორპედოში" გადასვლის შემდეგ
ძირითადში ადგილი დაკარგა, მისი კონკურენტი ომარ მიგინეშვილი კი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს და გია გეგუჩაძის გაწვრთნილებში ერთ-ერთი საუკეთესოა.

ქვილითაიას სწორედ ამ ამბებზე ველაპარაკეთ.

- თბილისის "ლოკომოტივში" თამაშისას ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე იყავი. "ტორპედოში" საქმეები ცუდად რატომ წაგივიდა?
- როდესაც ქუთაისში გადავედი, რამაზ მუმლაძე თავიდან მათამაშებდა, მაგრამ დაოჯახების შემდეგ რაღაცები შეიცვალა. არ დავმალავ, ამაში ჩემი ბრალიც არის, რადგან შანსი ვერ გამოვიყენე, რაღაცები ამერია. თავიდან კარგად კი ვიდექი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ჩემში ბოლომდე დარწმუნებულები არ იყვნენ და ამან ძალიან ცუდად იმოქმედა. ეტყობა, თავდაჯერებულობა ამის გამო დავკარგე.

მერე კი სულაც სათადარიგოთა შორის აღმოვჩნდი, მაგრამ ჩემს შანსს ველოდები და შევეცდები დავამტკიცო, რომ ჩავარდნა დავძლიე. დანარჩენი კი მწვრთნელებზეა დამოკიდებული. ისე, კონკურენცია ორივე მეკარეს წაგვადგება, სპორტულადაც გავიზრდებით და ფსიქოლოგიურადაც გავძლიერდებით.

- და მაინც, ახლა "ტორპედოს" სათადარიგო მეკარე ხარ და ახალი ორწლიანი კონტრაქტის გაფორმება სარისკო ჩანდა.
- კი არ ვრისკავ, "ტორპედოს" მომავლის მჯერა და დარჩენა მსურდა. ძალიან მიხარია, სწორედ ამ გუნდში რომ მოვხვდი, რადგან დიდი ტრადიციების ქართული კლუბია. "ტორპედოს" ახლაც დიდი გეგმები და ამბიციები აქვს. ვფიქრობ, ევროპის ლიგაზე გასვლის კარგი შანსი გვაქვს - გეგუჩაძე ერთადერთი მწვრთნელია საქართველოში, რომელიც გუნდს საფუძვლიანად აშენებს და ფეხბურთელს შრომას არ უკარგავს.

ასე რომ, ნაჩქარევ გადაწყვეტილებას მოვერიდე და წასვლაზე არც მიფიქრია. თამაშის შანსი კი სამომავლოდ აუცილებლად გამიჩნდება, რადგან მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდი ბევრს თამაშობს და ორივე მეკარე იტვირთება. იმედია, ევროთასებზეც გავალთ.

- არადა, იყო ლაპარაკი, რომ "ზესტაფონსა" და ბათუმის "დინამოში" გიწვვედნენ.
- ეს შემოთავაზებები ადრე მივიღე, ახლა კი არავინ შემხმიანებია. ასეც რომ ყოფილიყო, მაინც დავრჩებოდი, რადგან გუნდის ხელმძღვანელები და მწვრთნელები ჩემს მიმართ კარგად განეწყვნენ და მეც მსურს, "ტორპედოს" გვერდში დავუდგე. სადაც კარგად ვარ, იქ დარჩენა მირჩევნია.

- ისიც ვთქვათ, რომ შენი კონკურენტი ომარ მიგინეიშვილი ჩინებულ ფორმაშია.
- ეს საკამათოც არ არის. კონკურენტები კი ვართ, მაგრამ ვმეგობრობთ და ომარს დიდ პატივს ვცემ, კარგი მეკარე და ადამიანია. მან თავისი შანსი მშვენივრად გამოიყენა, რადგან მშრომელია, მონდომებული და მაღალი კლასის მეკარედ ყალიბდება. მიმაჩნია, რომ საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეულია და, ჩემი აზრით, შანსი თუ მიეცემა, თავს ნაკრებშიც არ შეირცხვენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თამაშის შანსი კი სამომავლოდ აუცილებლად გამიჩნდება, რადგან მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდი ბევრს თამაშობს და ორივე მეკარე იტვირთება - ეროვნული ჩემპიონატის გარდა, თასისთვისაც ვიბრძვით და, იმედია, ევროთასებზეც გავალთ.

მაქსიმე ქვილითაია ვერ გარკვეულა ბოლომდე, თასისთვის როგორ იბრძვი შე კაი კაცო, უკვე გამოეთიშეთ. თასისთვის გაგრა, დილა, მეტალურგი და ზესტაფონი იბრძვის.

raul
13:59 16-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული