ბათუმში სტადიონი 2012 წელს აშენდება

AutoSharing Option
როგორც იქნა, მოედნების კეთილმოწყობას წლეულს საშველი ადგება: ზესტაფონში ეს პრობლემა დიდი ხანია, მოაგვარეს, ახალი საფარი დააგეს ეროვნულ სტადიონზე, "მიხეილ მესხზე", ქუთაისში, ჩემპიონატის შეხვედრები ტარდება ეროვნული ნაკრების ბაზაზე, სადაც ასევე ჩინებული მოედანია.

ამას გარდა, ცხინვალის "სპარტაკის" პრეზიდენტმა დიმიტრი სანაკოევმა გვითხრა, რომ გუნდი ხაშურში გადავა და სტადიონის რეკონსტრუქციასაც დაიწყებენ.

დამოუკიდებლობის პირველ წლებში ხაშურში მშვენიერი სტადიონი მოაწყვეს, ერთ-ერთი პირველი საქართველოში, სადაც ინდივიდუალური სკამები დაამონტაჟეს, მაგრამ მერე იქაურობა გავერანდა და ახლა სავალალო დღეშია.

ფოთის სტადიონზე საფრის დაგება კი დასრულდა, მაგრამ თავად სტადიონი თამაშებისთვის ჯერ
მოუმზადებელია, მოედანზე არ არის ძელები, ტრიბუნები დანგრეულია და სუპერთასის ფოთში გამართვის იდეაზე ფედერაციამ ხელი ამიტომ აიღო. ის კი არა, "კოლხეთის" ხელმძღვანელობას ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასთან უნდა გაერკვია, სად უნდა უმასპინძლონ ცხინვალის "სპარტაკს" 18 დეკემბერს.

"მოედნის მოწყობის გარდა, სტადიონზე სხვა სამუშაოებიც ჩატარდება. სამშაბათს ფოთში ჩამოიტანენ 3 700 ინდივიდუალურ სკამს და მალე დაამონტაჟებენ. ეს არის ფეხბურთის ფედერაციის საჩუქარი - ზვიად სიჭინავა პირადად დაინტერესდა "ფაზისის" კეთილმოწყობით.

3 700 სკამი ტრიბუნებს ორ მხარეზე ეყოფა, მესამე მხარეს კი ტრიბუნა დაანგრიეს, რადგან ამორტიზებული იყო. სამომავლოდ ისიც აშენდება და სკამებიც დამონტაჟდება" - გვითხრა "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელის კონსულტანტმა სოსო ფილიამ.

სტადიონის განახლება დაწყებულია გორშიც, "თენგიზ ბურჯანაძის" არენაზე, საფარი უკვე დაიგო მოედნის 70 პროცენტზე, გაისად კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანასებული გუნდის სტადიონი სრულად განახლდება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი სახელმწიფოს ინტრასტრუქტურულ პროექტებზე გველაპარაკება:

- ამჟამად საფარს ვაგებთ ქობულეთისა და გორის სტადიონებზე, ფოთში კი უკვე დაიგო. გორის არენა მთლიანადაც განახლდება. გაგრძელდება "მიხეილ მესხის" რეკონსტრუქციის მეორე ეტაპი. მომავალ წელს ჩვენს გეგმებში აუცილებლად ჩაისმება კახეთის რომელიმე სტადიონის განახლებაც.

ბათუმში კი აშენდება ოლიმპიური სტადიონი სარბენი ბილიკებით. სულ 2012 წლის ბოლოს გვექნება მინიმუმ 14 ახალი საფეხბურთო მოედანი, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული ჩემპინატის დონის ამაღლებას. გარდა ამისა, ყველა გუნდს ბევრად უკეთესი სავარჯიშო პირობებიც ექნება.

- თბილისში უკვე გაიმართა ახალგაზრდა მორაგბეთა საერთაშორისო ტურნირი, 2015 წელს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ვუმასპინძლებთ, მაგრამ ფეხბურთში თუნდაც ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატის ჩატარება ქვეყანას მეტ პრესტიჟს შემატებს. საამისოდ უახლოეს სამ-ოთხ წელიწადში საქართველო მზად იქნება?
- მომავალ წელს განახლდება უმაღლესი ლიგის გუნდების ინფრასტრუქტურის დაახლოებით 70 პროცენტი, საიდანაც 4-5 სტადიონი მაინც დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ასე რომ, სანაკრებო დონეზე ასაკობრივი გუნდების ჩემპიონატის მასპინძლობა თუ გადავწყვიტეთ, საფუძვლიანი პრეტენზიაც გვექნება.

- ჯერჯერობით მხოლოდ ის გვესმის, რომ არსებობს ბათუმის სტადიონის პროექტი, მაგრამ სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხბურთო ქალაქი კი წლებია, უსტადიონოდაა.
- მშენებლობა 2012 წელს დაიწყება. ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია.

- ბრძანეთ, ოლიმპიური სტადიონი აშენდებაო, ანუ ტევადობითაც დიდი იქნება?
- ჯერ ზუსტად ვერ გეტყვით, სტადიონი რამდენ მაყურებელზე იქნება გათვლილი, მაგრამ, სულ მცირე, 20 ათასი ინდივიდუალური სკამი დამონტაჟდება. რადგან სტადიონი ოლიმპიური იქნება, საშუალება მოგვეცემა, მძლეოსანთა საერთაშორისო ტურნირებსაც ვუმასპინძლოთ.

ფოტოზე: ბათუმის სტადიონის ერთ-ერთი მაკეტი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეგ სტადიონიც ისეთივე გამძლე იქნება, როგორც ყველაზე გრძელი ხიდი ევროპაში, აი ის ფოთში თუ ანაკლიაში,რომ ააშენეს წითელ-ყვითელი ლენტების კორიანტელი, რომ დააყენეს და მეორე დღეს წყალმა წაიღო.
ilona
17:02 18-12-2011
0
არაფერს გაკეთებული ყოველთვის ჯობია. მაგრამ ზალიან საინტერესოა ერთი დღის გახსნისთვის აკეთებენ თუ მართლა ხარისხიანია?
zaza sigu
14:24 18-12-2011
0

სიახლეები პოპულარული