ლაპარაკია იმ კლუბებზე, რომლებიც ადრე სახელმწიფო კმაყოფაზე იმყოფებოდნენ, მაგრამ ორი წლის წინ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე კერძო ინვესტორების დაინტერესებისა და პრივატიზაციის იმედად გადაიყვანეს - ბოლნისის "სიონი", ზუგდიდის "ბაია", ფოთის "კოლხეთი".
შემდგომ თავად კლუბები ითხოვდნენ, რომ სამინისტროს ბალანსიდან მოეხსნათ, მათ სპონსორების იმედი ჰქონდათ. მაგალითად, "სიონის" დაფინანსება "მადნეულს" სურდა. მაგრამ გავიდა დრო და, ეტყობა, "მადნეულსაც" სურვილი გაუქრა. არადა, შარშან კომპანიის წარმომადგენელი ამ საკითხზე სამინისტროს მიმართ პრეტენზიებს ღიად გამოთქვამდა,
რა არის პრობლემა? გუნდები მუნიციპალიტეტებმა უნდა დააფინანსონ, მაგრამ მზად არიან კი რაიონები საამისოდ? საქმე ის არის, რომ. ვთქვათ, ბოლნისის რაიონის 2012 წლის ბიუჯეტი უკვე შედგენილია, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე მყოფი გუნდის დაფინანსება კი, ცხადია, გათვალისწინებული არ არის.
გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობსო, ამბობენ, თანაც, სახელმწიფო ბოლოს დროს აღარ გაურბის ფეხბურთის დაფინანსებას, მაგრამ "სიონს" დროულად სჭირდება დახმარება. ახლა ბოლნისელების იმედი ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძეა, რომელსაც ფეხბურთი უყვარს და ვარაუდობენ, რომ გუბერნატორი "სიონს" არ გასწირავს.
სამაგიეროდ, იმედიანად არიან ფოთში.
"გვითხრეს, რომ გუნდს ფოთის მერია და ბიზნესი აუცილებლად დააფინანსებენო. უკვე შედგენილია ბიუჯეტი, რომელიც მინიმუმ მილიონი ლარი იქნება, აქედან 50 პროცენტს მერია გაიღებს, 200 ათას ლარს ფოთის პორტი, 300 ათასს კი - ადგილობრივი ბიზნესი" - გვითხრა "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელის კონსულტანტმა სოსო ფილიამ.
რა მდგომარეობაა ზუგდიდის "ბაიაში"? - ამ კითხვით გუნდის მთავარ მწვრთნელ ელგუჯა ქომეთიანს მივმართეთ.
"ჩვენი კლუბი სამინისტროს ბალანსზე იყო. როდესაც გუნდს პრობლემა შეექმნა, კომპანია "ფერერომ" თანხა ჩაგვირიცხა, მაგრამ ის მეპატრონე არ არის. ალბათ, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსიდან "ბაია" ზუგდიდს გადაეცემა. ქალაქისა და რაიონისგან კი ამ ეტაპზე ფინანსური პრობლემა ნამდვილად არ შეგვქმნია, ხელფასები და პრემიები დროულად გვერიცხება.
მეტიც, ახალი წლისთვის მოგვთხოვეს გეგმა, სად და როოგრ უნდა მოვემზადოთ, ამიტომ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება. შესაძლოა, გუგუჩია და სამუშია შევინარჩუნოთ და გაძლიერებაზეც ვიფიქროთ", - ამბობს ქომეთიანი.
გორის "დილა" ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არ იყო, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში გადასვლის შემდეგ კი გორელები ფინანსურ პრობლემაზე აღარც დარდობენ. გუნდის პატრონობა სამინისტრომ დაცვის პოლიციას დაავალა.
უკვე მეოთხე თვეა, "დილას" "ჰაიდელბერგცემენტი" სპონსორობს, რომელიც მანამდე რუსთავის მორაგბეთა კლუბ "ხარებს" პატრონობდა. ეს ინფორმაცია კლუბის ხელმძღვანელობაში დაგვიდასტურეს - "ჰაიდელბერგცემენტი" ყოველ თვე კლუბის ანგარიშზე 13 500 ლარს რიცხავს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"