შალვა კაკაბაძე - 75

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურიას" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელი შალვა კაკაბაძე დღეს იუბილარია - 75 წელი შეუსრულდა!

შალვა კაკაბაძე 1936 წლის 17 დეკემბერს ხონში დაიბადა, შემდეგ კი სწავლა განაგრძო სახელგანთქმულ 35-ე საფეხბურთის სკოლაში. 1953 წელს ამ სკოლის გუნდმა საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ პირველობაზე ჩემპიონობა მოიპოვა: შალვა კაკაბაძე გუნდის კაპიტანი იყო, მის გვერდით კი თამაშობდნენ მიხეილ მესხი, შოთა იამანიძე, სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ჯემალ ზეინკლიშვილი, თენგიზ მელაშვილი.

1955 წელს შალვა კაკაბაძე თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის და, პარალელურად, მწვრთნელთა სკოლის სტუდენტი გახდა. 1957 წელს ლანჩხუთის "გურიაში"
ჩაირიცხა, ერთი წლის მერე კი, 22 წლისა, იქვე მთავარ მწვრთნელად დანიშნეს! სხვათა შორის, ამ პოსტზე შალვა კაკაბაძემ შეუცვლელად იმუშავა 23 წელიწადი და სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება კიდეც "გურიას" თითქმის ყველა წარმატება.

ამჯერად მხოლოდ რამდენიმე მიღწევას ჩამოვთვლით: შალვა კაკაბაძის ხელმძღვანელობით იმ პერიოდში "გურია" სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, სამჯერ მოიპოვა საქართველოს თასი, შვიდჯერ - შოთა შავგულიძის სახელობის თასი (გათამაშება საქართველოს "ბ" კლასის გუნდებისთვის), ერთხელ კი ამიერკავკასიის "ბ" კლასის გუნდებს შორისაც გახდა ჩემპიონი და ამ მიღწევისთვის 18 ფეხბურთელს სპორტის ოსტატის წოდება მიენიჭა.

დაუვიწყარი იყო 1979 წლის მიღწევაც: საბჭოთა კავშირის II Kლიგაში "გურია" ზონის გამარჯვებული გახდა და პირველ ლიგაში გადავიდა, რასაც შემდგომ უკვე უმაღლესი ლიგაც მოჰყვა! სსრ კავშირის ჩემპიონატების ისტორიაში კი მსგავსი პრეცედენტი არც მანამდე და არც მერე არ მომხდარა - როცა პატარა რაიონული ცენტრის გუნდი ასეთ სიმაღლეებზე ავიდა!..

შალვა კაკაბაძის ხელმძღვანელობით ლანჩხუთელთა გუნდში არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი აღიზარდა: ზორბეგ ებრალიძე, ლევან ჟორდანია, რამაზ ურუშაძე, ბესო მჭედლიშვილი, გია თავაძე, ოთარ კორღალიძე, თემურ ჩხაიძე, გიგლა იმნაძე, მერაბ მეგრელაძე და სხვები.

1966 წელს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიანიჭეს. მაშინ ის 30 წლის გახლდათ! მიღებული აქვს დიპლომები თუ სხვადასხვა ჯილდო, რასაც 1998 წელს ღირსების ორდენიც შეემატა. შალვა კაკაბაძე ერთხანს (5 წელიწადი) თბილისის "ლოკომოტივის" გუნდის უფროსად და პრეზიდენტის მრჩევლად მუშაობდა. ამჟამად კი საფეხბურთო კლუბ "გაგრაში" მოღვაწეობს - საქართველოს თასის მფლობელი გუნდის პრეზიდენტის მრჩეველია!

R
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული