ცნობილ არბიტრს საკავშირო თუ საერთაშორისო დონეზე ბევრი საინტერესო მატჩი განუსჯია.
უყვარს საუბარი და ძველი ამბების გახსენება. მისი სამსაჯო გეოგრაფიაც ძალიან დიდია. მილჩენკოს ყველაფერი ზუსტად ახსოვს, წლები, თარიღები და გვარები არასდროს ეშლება.
მისგან ბევრ რამეს შეიტყობთ ცნობილ ადამიანებზე და შეგიძლიათ, აირჩიოთ კიდეც - რომელი ამბავი, რომელ ფეხბურთელზე, რომელ მწვრთნელზე თუ მსაჯზე.
მილჩენკო ამჯერად რამდენიმე საინტერესო ამბავს იხსენებს. რა თქმა უნდა, მას მოსაყოლი სხვაც ბევრი
მაშ ასე, რამდენიმე ამბავი ანატოლი მილჩენკოსგან.
რა კაცია კოლოსკოვი?
მოგეხსენებათ, მსაჯობამ საბჭოთა კავშირის დროს მომიწია, მაშინ კი საქმე ამგვარად იყო: ფიფადან თუ უეფადან მიწვევა ჯერ ფეხბურთის ფედერაციაში მიდიოდა, იქიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს ატყობინებდნენ ამის შესახებ და მერე კომპრომატების ძებნა იწყებოდა. თუ საკითხი მსაჯისთვის დადებითად გადაწყდებოდა, მიწვევის თაობაზე ამის მერე იგებდა.
საერთაშორისო მატჩზე ლაინსმენად რომ წასულიყავი, საბჭოთა კავშირის საუკეთესო მსაჯთა 15-ეულში უნდა მოხვედრილიყავი. თუ წინსვლა გინდოდა, ამის მერე ათეულში უნდა შესულიყავი და საერთაშორისო ასაკობრივ ტურნირებზე შეგეძლო არბიტრობა. მომდევნო საფეხური ოთხეული იყო, რის შემდეგაც ნებისმიერი რანგის საერთაშორისო მატჩის არბიტრობის უფლება გეძლეოდა.
საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციას შეეძლო მიეწერა ფიფა-უეფასთვის, მილჩენკო ავად გახდაო და მაღალი რანგის თამაშის სამსაჯოდ საბჭოთა ფეხბურთის ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ კოლოსკოვის მეგობარი ვალერი ბუტენკო გაეშვა.
1982 წელს, ესპანეთის მსოფლიოს ჩემპიონატზე საბჭოთა კავშირიდან მიროსლავ სტუპარი მიავლინეს. მან საფრანგეთი - ქუვეითი იმსაჯა. თამაშისას ტრიბუნიდან დაუსტვინეს, ქუვეითელები გაჩერდნენ, ფრანგებმა ამით ისარგებლეს და გაიტანეს, სტუპარმა კი ბურთი ჩათვალა. ამას ქუვეითელების პროტესტი მოჰყვა - მათ მოედანი დატოვეს. თამაში შვიდი წუთით შეწყდა, ქუვეითის ნაკრები როგორღაც დაითანხმეს მატჩის გაგრძელებაზე, სტუპარი კი ესპანეთიდან სახლში გაუშვეს.
1986 წლის იანვარში ინდოეთში, ჯავაჰარლალ ნერუს სახელობის ტურნირზე ჩავედი სამსაჯოდ. იქ ჩემი ძველი ნაცნობი, გერმანელი მსაჯი გერჰარდ მიულერი შემხვდა. მან მკითხა, მექსიკის მუნდიალზე წასასვლელად რატომ თქვი უარიო. გამიკვირდა და ვუპასუხე, ამის შესახებ არაფერი ვიცი-მეთქი. მიულერმა კი მითხრა, ფიფაში ასეთი ინფორმაცია აქვთო.
ინდოეთიდან მოსკოვში რომ დავბრუნდი, პირდაპირ კოლოსკოვთან მივედი და ახსნა-განმარტება მოვთხოვე ამაზე. კოლოსკოვმა მითხრა, ტურიზმის სამინისტროდან მივიღეთ დირექტივა, ზაფხულში, გაგანია ტურისტულ სეზონში თანამდებობის პირი ადგილზე უნდა დარჩეს და მექსიკაში მისი წასვლა ვერ გამოვაო. მაშინ სოხუმის ტურისტული კომპლექსის დირექტორი ვიყავი, მაგრამ გარწმუნებთ, მექსიკაში ჩემი წაუსვლელობის მიზეზი ეს როდი იყო - ოღონდ 1986 წლის მუნდიალზე მემსაჯა და მზად ვიყავი, ამის სანაცვლოდ თანამდებობაზე მეთქვა უარი.
მექსიკა 86-ის შესარჩევში სამი მატჩი ვიმსაჯე: ჩრდილოეთ ირლანდია-შოტლანდია, ავსტრია-ჰოლანდია და ინგლისი-თურქეთი.
საინტერესო გამოდგა ავსტრიელებისა და ჰოლანდიელების დაპირისპირება. ავსტრიამ ჰერბერტ პროჰაზკას გოლით მოიგო, თამაშის შემდეგ კი იოფან კრუიფმა ჰალსტუხი მაჩუქა და ასეთი რამ მითხრა: "გმადლობთ, რომ ჰოლანდიის ნაკრებს ხელი არ შეუშალეთ წაგებაში". ეს მართლაც საოცარი სიტყვები იყო.
დაუვიწყარი იყო ინგლისი - თურქეთის მსაჯობა "უემბლიზე". პიტერ შილტონი, გარი ლინეკერი, ბრაიან რობსონი - ასეთი ხალხი თამაშობდა მაშინ ინგლისის ნაკრებში, თურქეთის ნაკრების კარს კი შენოლ გიუნეში იცავდა. ეს უკვე ჩემი მესამე მატჩი იყო იმ შესარჩევში და თამაშის დასრულების Dშემდეგ ფიფას ოფიციალურმა პირებმა მითხრეს, ყველაფერი ნორმალურად მიდის და მექსიკა 86-ზე გამგზავრების კანდიდატი ხართო...
ბეკენბაუერის კოსტუმი
საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში ყველაზე მეტი, 202 მატჩი ვიმსაჯე, თუ სათასო და საერთაშორისო თამაშებსაც დავაჯამებთ, აქაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მაქვს საბჭოთა მსაჯებში - 366 მატჩი. მოკლედ, საერთაშორისო შეხვედრებს იშვიათად ნამდვილად არ ვემსახურებოდი.
გერმანული ფეხბურთი თავიდანვე მიყვარდა. ფეხბურთელობისას ცენტრალური მცველი ვიყავი და ჩემი კერპი ფრანც ბეკენბაუერი იყო. ოცნება ავისრულე - ბეკენბაუერს პირისპირ შევხდი და ტაშიც დავაკვრევინე, რა გასაკვირი იყო, რომ ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
1974 წლის 24 აპრილს მიუნხენში, ჩემპიონთა თასის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში "ბაიერნი" უნგრულ "იუპეშტ დოჟას" ხვდებოდა. არბიტრი პაველ კაზაკოვი იყო, ლაინსმენები კი მე და კარლო ყრუაშვილი ვიყავით. "ბაიერნმა" 3:0 მოიგო. ისე როგორ იქნებოდა, გერდ მიულერს არ გაეტანა. მის გარდა მოედანზე იყვნენ ბეკენბაუერი, ზეპ მაიერი, ული ჰიონესი, თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი რაინერ ცობელი, ჰანს-გეორგ შვარცენბეკი, პაულ ბრაიტნერი...ისეთი თამაში იყო, სიამოვნებას ვიღებდი, ორივე გუნდის ფეხბურთელები უაღრესად კორექტულად თამაშობდნენ. რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ ტაშს, ეს თამაშის შემდეგ, გასახდელისკენ გზაზე მოხდა.
მატჩის წინ "ბაიერნის" ბაზა დაგვათვალიერებინეს. გავოცდით, როცა რვა მოედანი დავთვალეთ, ბავარიელებს ოღრო-ჩოღრო მინდორიც კი ჰქონდათ, თურმე იმისთვის, ცუდ მოედანზე თამაშისთვის რომ მომზადებულიყვნენ. "ბაიერნის" ბაზაზე პირველად ვნახე ქალთა გუნდის ვარჯიშიც. გერმანელები უკვე მაშინ უყრიდნენ საფუძველს ქალთა ფეხბურთის და ამიტომაცაა, ქალებშიც რომ ძლიერი ნაკრები ჰყავთ.
მიუნხენში მსაჯებს კოსტიუმებიც კი შეგვიკერეს. უეფადან ნებადართული იყო ასეთი საჩუქრის მიღება. როცა ზომები ამიღეს, აღმოჩნდა, რომ ჩემი პარამეტრები ზუსტად ემთხვეოდა ბეკენბაუერისას. რა თქმა უნდა, ესეც ძალიან გამიხარდა. იმ კოსტუმს ისე ვუფრთხილდებოდი, ერთი-ორჯერ თუ მეცვა, სოხუმში, სახლში მცირე მუზეუმი რომ მქონდა, იქ ვინახავდი. სამწუხაროდ, კოსტიუმიც სოხუმში დამრჩა, მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩემს სახლში ორჯერ შეიცვალა მაცხოვრებელი, არ ვიცი, ვის ხელშია ჩემთვის ასე ძვირფასი კოსტიუმი.
მისტერ ბახრამოვ!
1972 წელს უეფას თასის ფინალზე გახლდით ლაინსმენი. "ვულვერჰემპტონისა" და "ტოტენჰემის" დაპირისპირება იყო. გამარჯვებული ორი მატჩის ჯამში ირკვეოდა, პირველ შეხვედრაში "ტოტენჰემმა" 2:1 მოიგო, ორივე გოლი მარტინ ჩივერსმა გაიტანა. ეს ის ჩივერსი იყო, მერე ჩვენს "დინამოსთანაც" რომ ითამაშა.
ლონდონში, ცხადია, მოსკოვიდან გავემგზავრეთ. "შერემეტიევოს" აეროპორტში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალგაზრდული ნაკრები ჩამოფრინიდა და ისე მოხდა, რომ ჩვენ, საბჭოთა მსაჯთა ბრიგადა და გერმანული დელეგაცია ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით. "ტოტენჰემი" - "ვულვზის" არბიტრად ტოფიკ ბახრამოვი იყო გამწესებული. ის რომ გერმანელებმა დაინახეს, ქოქოლა დააყარეს. "შვაინ!", "შვაინ!" - ისმოდა სხვა სალანძღავი სიტყვებიც. უცებ ვერ მივხდი, რაში იყო საქმე, რამ გაახელა ასე გერმანელები. მეორე ლაინსმენი, ივან ლუკიანოვი კი მაშინვე გაერკვა სიტუაციაში და მითხრა, არ გახსოვს 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი და ბახრამოვის ჩათვლილი გოლი გერმანელთა კარშიო.
ბახრამოვი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, თუმცა იხტიბარს არ იტეხდა, გვეუბნებოდა, ჩავალთ ლონდონში და ნახავთ, როგორ დამხვდებიან ინგლისელებიო. მართლაც, როგორც კი ლონდონის აეროპორტში აღმოვჩნდით, ბახრამოვი უმალ იცნეს, პოლიციელები განსაკუთრებული გულისხმიერებით გვექცეოდნენ, სულ "მისტერ ბახრამოვს" გაიძახოდნენ.
მადლობა ქეცბაიას და სიჭინავას
როცა დამსახურებას გიფასებენ, ადამიანურად პატივს გცემენ, ეს ჩემთვის ყველაზე ბევრს ნიშნავს. ერთხელ თემურ ქეცბაიასთან ვთქვი, "უემბლიზე" რომ ვიმსაჯე, ნეტავ იმ მატჩის ფირი მაშოვნინა-მეთქი. ცოტა ხანში 60 წელი შემისრულდა და ღირსების ორდენით დამაჯილდოვეს. ზუსტად იმ პერიოდში საქართველოს ნაკრები ალბანეთს ეთამაშებოდა. მატჩის შემდეგ ქეცბაიამ კონვერტში ჩადებული ნივთი გადმომცა, გავხსენი და რას ვხედავ: 1985 წელს გამართული ინგლისი-თურქეთის ვიდეოჩანაწერი!
ამ კონვერტს ახლაც თვალის ჩინივით ვუფრთხილდები, ფირი უკვე კასეტაზეც მაქვს და დისკზეც. ჩავრთავ ხოლმე ვიდეოს და ცრემლები მდის, როცა ლინეკერს, რობსონს და შილტონს ვუყურებ...
მადლობას ვუხდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას. მან კარგად მიმიღო, მოეწონა ჩემი მოსაზრებები და ვნახოთ, რა იქნება - ფედერაცია და სპორტის სამინისტრო ისეთი აკადემიის შექმნაზე ფიქრობენ, რომელიც მსაჯებს, მწვრთნელებს, მენეჯერებსა და ექიმებს მოამზადებს. მეც მზად ვარ, ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო ახალ კადრებს.
დავით თავართქილაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"