შესაძლოა, ეს ბევრს ეუცნაუროს, რადგან ბოლოხანს პერტია რიგის "ოლიმპსს" ავარჯიშებდა და გუნდი უმაღლესი ლიგიდან მისი ხელმძღვანელობისას დროს დაქვეითდა. მაგრამ სანამ "დაუგავას" წვრთნიდა, დაუგავპილსელები ლატვიის ვირსლიგაში ლიდერობდნენ, ქართველის წასვლის შემდეგ კი მესამე ადგილზე ძლივს გავიდნენ.
შეგახსენებთ, რომ 35 წლის პერტია გასულ სეზონშიც საუკეთესო იყო, ოღონდ ახალგაზრდა მწვრთნელების კატეგორიაში.
ახლა პერტიას საინტერესო წინადადებები აქვს და მალე ახალ თანამდებობაზე ვიხილავთ. ქართველ მწვრთნელს ლატვიაში დავუკავშირდით.
- მართალია, "დაუგავაში"
- მესმის, მაგრამ გამოკითხვისას ხომ ობიექტური კრიტერიუმებით იხელმძღანელეს. ჩემს ხელში "დაუგავა", რომელიც სულაც არ არის ლატვიაში ყველაზე მდიდარი კლუბი, პირველ ადგილზე იყო და, რაც მთავარია, კონკურენტებს თამაშის ხარისხითაც ვჯობდით.
მერე მოხდა ისე, რომ "დაუგავა" დავტოვე, "ოლიმპსში" გადავედი და გეთანხმებით, ბოლო ადგილზე გასული გუნდის მწვრთნელის საუკეთესოდ დასახელება მართლაც უცნაურია. მაგრამ მე მისვლისთანავე ვამბობდი, რომ ლიგაში დარჩენის შანსი არ გვქონდა, რადგან ბოლოსწინა ადგილზე მყოფი "იურმალა" 15 ქულით გვისწრებდა. თანაც, ფეხბურთელებს რომ შევხედე, მივხვდი, განწირულები ვიყავით, ამასთან, თამაში არ გვქონდა მოგებული.
ამის მიუხედავად, გათამაშებაში მაინც მოვხვდით, ორი მატჩი მოვიგეთ, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო, თვენახევარში ძნელი იყო გუნდის შემოტრიალება და გავვარდით.
- "დაუგავადან" რატომ წახვედით?
- ჩვენი პრეზიდენტი იყო იგორ მალიშკოვი, ლატვიაში და პოსტსაბჭოეთში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი. მამამისი მოსკოვის გათავისუფლებული მერის, იური ლუჟკოვის მოადგილე იყო და როდესაც თანამდებობიდან მოხსნეს, შვილმა გუნდზე უარი თქვა და ჩააბარა სხვა პიროვნებას, რომელმაც შემომთავაზა, ან "ეს", ან უნდა წახვიდეო.
- "ეს", ანუ...
- ფეხბურთში ჩახედული ადამიანი მიხვდება, რატომ ტოვებს მწვრთნელი პირველ ადგილზე მყოფ გუნდს და რა არის "ეს". არადა, იმ დროს კონკურენტ "სკონტოს" 11 ქულით ვუსწრებდით.
მინდა, იცოდეთ, რომ "ოლიმპსი" რეალურად ეკუთვნის გუნტის ინდრიქსონს, რომელიც ლატვიის ფეხბურთის ფედერაციისა და რიგის "სკონტოს" პრეზიდენტია. მუშაობასაც იმიტომ დავთანხმდი, რომ ალეკო რეხვიაშვილმა მითხრა, შეიძლება, მერე "სკონტოში" დაგნიშნონო.
- როგორც ვიცი, ახლა "სკონტოს" საფეხბურთო აკადემიის მთავარ მწვრთნელობას გთავაზობენ.
- დავაზუსტებ, რომ მთავაზობენ "სკონტოს" სტრუქტურაში შემავალი ყველა გუნდის მწვრთნელის მუშაობის გაკონტროლებას. უარი არ მითქვამს, მაგრამ ვფიქრობ: როგორია, "სკონტოს" ავარჯიშებს მარიან პახარსი, რომელსაც სხვა შეხედულებები აქვს, ლატვიაში ერთ-ერთი სახელოვანი ფეხბურთელი იყო და მე როგორ უნდა გავაკონტროლო? სხვა საქმეა დუბლებისა და ასაკობრივი გუნდების გაწვრთნა. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში დავთანხმდები, თუ პახარსი მალე წავა, თუ არა და, არ მიღირს, თუ მომავალში მთავარ მწვრთნელად დავინიშნები.
სხვათა შორის, ეს პოზიცია იმიტომაც შემომთავაზეს, რომ ლატვიაში "პრო" ლიცენზია მხოლოდ მე და ალექსანდრ სტარკოვსს გვაქვს და შესაძლოა, ევროთასებზე გასულ კლუბებს ლიცენზირებული მთავარი მწვრთნელების ყოლა მოსთხოვონ.
ვირსლიგაში წლეულს გადასული იურმალას "სპარტაკისა" და ერთ-ერთი ლიტვური კლუბის გაწვრთნაც შემომთავაზეს, მაგრამ ეს კლუბები ნაკლებად მიზიდავს.
- შესაძლოა, პერტია ერთ-ერთ ქართულ კლუბშიც დანიშნონო, კონკრეტულად "მეტალურგიც" დაგვისახელეს, თუმცა რუსთაველთა მმართველმა დირექტორმა ბუბა ტყავაძემ გვითხრა, რომ კობა ჟორჟიკაშვილს ენდობა.
- ჩემამდეც მოდის ხმები, რომ საქართველოში მიწვევენ, მაგრამ "მეტალურგიდან" არავინ დამკავშირებია. შარშან, საუკეთესო ახალგაზრდა მწვრთნელად რომ დამასახელეს, მართლაც შემომთავაზეს ერთ-ერთი ქართული კლუბის გაძღოლა, მაგრამ უარი ვთქვი - მთლიანად "დაუგავაზე" ვიყავი კონცენტრირებული, მიზნად ლატვიის ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა გვქონდა დასახული, მაგრამ...
- იყო ლაპარაკი, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელად ფედერაცია შენს კანდიდატურასაც განიხილავდა.
- გაბელიას გადაგომის შემდეგ? ჩემთვის ეს უცნობია. ბოლოს ლატვიაში 17, 19-წლამდელთა და ახალგაზრდული ნაკრებების სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობა შემომთავაზეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს საჩემო საქმე არ არის. მე ყოველდღიური საკლუბო მუშაობა უფრო მიზიდავს. ნაკრები სულ სხვა დონეა და ჯერ არც ვიცი, საამისოდ მზად ვარ თუ არა.
- საიდან ასეთი აღიარება ლატვიაში?
- ისეთ ხალხთან მითამაშია და მიმუშავია, რომ მათგან ბევრი რამ შევიძინე. ბავშვობაში ნოდარ ლეჟავა და ალექსანდრე ილიადი მზრდიდნენ, სკოლის შემდეგ "დინამო 2"-ში რევაზ ძოძუაშვილმა და ნოდარ აკობიამ ამიყვანეს, "მერანში" თემურ მახარაძე მავარჯიშებდა. მერე თავად მოვკიდე ხელი ამ საქმეს და კალაძემ "მილანში" მომიწყო სტაჟირება, შოთამ - "ქაისერში", შარშან ამის საშუალება ცსკა-ში სლუცკიმ მომცა, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი - საფეხბურთო ცოდნა "დინამოს" ბაზაზე, კვადრატში 5/2-ზე ვარჯიშის დროს შევიძინე. ეს იყო დიდი აკადემია, ისეთი ხალხის გვერდით ვვარჯიშობდი, როგორებიც იყვნენ შოთა და აჩიკო არველაძეები, ქინქლაძე, ჯამარაული, ნემსაძე, ყაველაშვილი, შელია... არზიანს, ჩიქოვანსა და კუდინოვს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ეთამაშათ... ბაზაზე მოდიოდნენ ჩივაძე, ხურცილავა, გაბელია, სულაქველიძე, შენგელია...
ნიჭიერი ფეხბურთელები და მწვრთნელები გვყავს. ჩემთვის ბევრს ნიშნავს გელა სანაიასთან და შოთა არველაძესთან ურთიერთობა, ფეხბურთი კარგად ესმით და კარგი გემოვნებაც აქვთ. შარშან კიევში ლიცენზია შოთამ და ცხადაძემ აიღეს და დღემდე აქებენ, ნიჭიერი მწვრთნელები არიანო.
- ლატვიელ ქართველებზე ობიექტურად ვთქვათ: რეალურად რა დონის მოთამაშეები არიან?
- ლატვიელები დისციპლინაში გვჯობნიან, მაგრამ ფეხბურთის ცოდნაში შედარება არ არის, ბევრად ნიჭიერები ვართ. არადა, ლატვიამ საქართველოს ნაკრებთან 4 ქულა მოიპოვა. ანუ რაღაცაშია საქმე და ეს არის ყველაზე საინტერესო და დასაფიქრებელი.
ვინც საქართველოდან ჩამოდის, ლატვიაში ყველა თამაშობს, რეჟიმს ეჩვევა და ნიჭიც ჩანს. ალბათ, ეს არის ჩვენი ნაკლი, ფეხბურთელის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი სრულფასოვანი გარემო და დისციპლინა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"