მიხეილ აშვეთია: კალაძეს გაცილების მატჩი ეკუთვნის და არა - უმადურობა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი თავდამსხმელი, მიხეილ აშვეთია თავად დაგვიკავშირდა და კახა კალაძის ნაკრებიდან წასვლასა და ამის თაობაზე ხალხისა და ფედერაციის რეაქციაზე კომენტარის გაკეთება ისურვა:

- მას შემდეგ, რაც პროფესიული ფეხბურთიდან წავედი, მხოლოდ მოყვარულთა ტურნირებში ვმონაწილეობ. ბუნებრივია, მედიაში ჩემი გვარი იშვიათად ჩნდება და მირჩევნია კიდეც, ჩრდილში ვიყო - საზოგადოებაში გამოჩენა და განცხადებების კეთება არ მიყვარს, ჩემი მოკრძალებული ცხოვრებით ვცხოვრობ.

მაგრამ ჩემთვის გაუგებარი აღმოჩნდა ის რეაქცია, რაც კახა კალაძის ნაკრებიდან წასვლას მოჰყვა. არ შემიძლია, გულგრილად ვუყურო, როგორ ლანძღავენ ზოგიერთები იმ
ფეხბურთელს, რომელსაც საქართველოსთვის ბევრი კარგი გაუკეთებია.

მე პოლიტიკაში არ ვერევი, ამის არანაირი სურვილი არ მაქვს. გასაგებია, რომ "ქართული ოცნების" პრეზენტაზიაზე მისვლით კახამ თავისი არჩევანი გააკეთა.

მაგრამ მიმაჩნია, რომ კახას წასვლასთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციას ჯერ მისი სანაკრებო კარიერა უნდა დაეფასებინა, მისი წვლილი გაეხსენებინა და მადლობა გადაეხადა დაღვრილი ოფლისთვის.

პირველად რომ წავიკითხე ფედერაციის განცხადება, ვიფიქრე, ყურადღება დავაკელი და კახასთვის მადლობა გამომრჩა-მეთქი. მაგრამ თურმე არაფერი გამომპარვია, იქ ამაზე სიტყვაც არ იყო.

არადა, არა მგონია, ნაკრებიდან წასვლის შემდეგ კალაძე ფედერაციისგან დაგმობასა და ჭკუის სწავლებას იმსახურებდეს, მას ეროვნული გუნდში და საერთაშორისო სარბიელზე საქართველოსთვის ბევრად მეტი გაუკეთებია, ვიდრე ფედერაციის იმ ხელმძღვანელებს, ვინც ეს წერილი დაწერა.

მეორეც - დროა, ასეთი დონის ფეხბურთელი ფედერაციამ ნაკრებიდან გამოსამშვიდობებელი მატჩით გააცილოს და არა უაზრო ჭკუის დარიგებით.

- შენი აზრით, კალაძე-ფედერაციის ურთიერთბრალდებების შემდეგ ეს რეალურია?
- რეალურია თუ არა, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ფედერაცია ვალდებულია, გააცილოს ნაკრების კაპიტანი, რომელმაც ეროვნული გუნდი მოედანზე 50-ჯერ გაიყვანა.

დროა, ცივილიზებული ევროპისგან ეს მაინც ვისწავლოთ. ერთადერთს შოთა არველაძეს მოუწყვეს გაცილების მატჩი, რაც ყველა ფეხბურთელს გაგვიხარდა. მაგრამ, როგორც წესი, ასეთი რამ საქართველოში არ ხდება და ეს ჩვენი სირცხვილია. ჩვენს თაობას ყოველთვის უკვირდა, როგორ შეიძლებოდა წინა თაობის მიმართ ასეთი ზერელე დამოკიდებულება - ევროპამოვლილ ფეხბურთელებს უცებ, ერთ დღეს ვივიწყებდით.

საკუთარ თავზე არაფერს ვამბობ და არც ვითხოვ, მაგრამ რა დააშავა თემურ ქეცბაიამ, რომელიც კვიპროსელებმა გააცილეს? რაც მან მოედანზე ოფლი ღვარა, ნუთუ საქართველოსგან გაცილების მატჩს არ იმსახურებდა? ან რა დააშავეს კახა ცხადაძემ, გიორგი ქინქლაძემ, გოჩა ჯამარაულმა, გიორგი ნემსაძემ, კახა გოგიჩაიშვილმა, მურთაზ შელიამ, გიორგი დემეტრაძემ, ზაზა ჯანაშიამ, არჩილ არველაძემ, კაკო დევაძემ, ირაკლი ზოიძემ, ნიკა ტოგონიძემ... იმავე ომარ თეთრაძემ, რომელსაც რუსეთში დღემდე საქართველოსთან აიგივებენ და ჩვენი ფეხბურთელების დასაწინაურებლად ბევრი გაუკეთებია?

მიუხედავად იმისა, რომ ამ თაობას სერიოზული წარმატებისთვის არ მიუღწევია, ქართული ფეხბურთი და საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, უცხოეთს სწორედ მათ გააცნეს.

შემდგომ თაობებს წინა თაობის, თუნდაც მცირედი, ღვაწლის დაფასებაც უნდა ვასწავლოთ და არა მათი ლანძღვა და, მით უფრო, უმადურობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
rezo

კაცს ძმა მოუკლეს და ამის გამო არ წასულა მაშინ, და ახლა შენი აზრით ბიზნესის გამო წავიდა?:D ცოტა დაფიქრდი რას ამბობ რა...
0
საქმეც იმაშია negredo, რომ ჩვენც არც ევროპა ვართ და არც ცივილიზებული ქვეყანა. იმიტომაც ხდება აქ ყველაფერი ისე როგორც ხდება.ფედერაცია იმართება ევროპულად და ცივილიზებულად თუ ამ ფედერაციაში არჩევნები ტარდება როგორც ნორმალურ ქვეყნებში.2+2=5 ამას გეუბნებიან და ურცხვად გიმტკიცებენ. თუმცა ისიც არ გამიკვირდება ამათგან, მართლა ასე რომ ეგონოთ.
tonyblack
19:21 21-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული