ალექსანდრე კვახაძეს უკრაინაში წასვლა სურს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოსთან" 0:3 წაგების შემდეგ რუსთავის "მეტალურგის" შემადგენლობაში ალექსანდრე კვახაძეს აღარ უთამაშია. რუსთაველთა ცენტრალური მცველი ცხინვალის "სპარტაკთან" მატჩისას 18-კაციან განაცხადში მაინც იყო, ბოლო ტურში კი, "ზესტაფონთან" სათადარიგოთა სკამზეც არ მჯდარა.

საფეხბურთო კულუარებში ამბობენ, რომ კვახაძე "სპარტაკთან" უთამაშებლობით უკმაყოფილო დარჩა და კლუბის დატოვება სურს, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ეს მხოლოდ უთამაშებლობას არ უკავშირდება - კვახაძეს უცხოურ კლუბში გადასვლას ადრეც სთავაზობდნენ - მისით უკრაინის პრემიერლიგის ერთ-ერთი კლუბი დაინტერესდა.

ამბის გადამოწმება თავად ფეხბურთელთან გვსურდა, მაგრამ ის ზარს არ პასუხობდა.

სამაგიეროდ, არაფერი დაუმალავს "მეტალურგის" მმართველ
დირექტორ ბუბა ტყავაძეს.

- გავრცელდა ხმები, თითქოს კვახაძეს გუნდიდან წასვლა სურს.
- წასვლა მართლაც სურდა და კონკრეტული კლუბიც დაგვისახელა, რომელიც, მისი თქმით, იწვევს. ჩვენ ვუთხარით, რომ წინადადებას განვიხილავთ, თუ ის "მეტალურგისთვის" საინტერესო იქნება - ცხადია, კლუბის ინტერესი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია.

- კვახაძით დაინტერესებული კლუბიდან დაგიკავშირდნენ?
- ჩვენ არავინ დაგვკავშირებია, ასე რომ, არ ვიცით, ეს წინადადება რამდენად სერიოზულია.

- კვახაძე "ზესტაფონთან" მატჩის 18-კაციან განაცხადშიც ვერ მოხვდა. რა იყო მიზეზი?
- უბრალოდ, დავინახეთ, რომ ბოლო მატჩები სუსტად ჩაატარა და ძირითადში ადგილი ამიტომ დაკარგა. კლუბიდან წასვლა რომ სურს, ეს ამასთან არაფერ შუაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული