ალექს გარსიას კომენტარი "დინამოს" 3500 ლარი დაუჯდა

AutoSharing Option
18 დეკემბერს მარტვილში "მერანთან" მარცხის შემდეგ "დინამოს" ოფიციალურ ვებგვერდთან და მედიასთან თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა ალექს გარსიამ ასეთი კომენტარი გააკეთა.

"პირველ ნახევარში თამაშის მიმდინარეობას სრულად ვაკონტროლებდით. გოლის გატანა მოვახერხეთ და არაერთი საგოლე მომენტიც შევქმენით. მეორე ნახევარში კი მსაჯმა შეგვისრულა... პენალტი თამაშგარე მდგომარეობიდან დაგვინიშნეს, პირველი გოლი კი გამოგონილ ჯარიმას მოჰყვა.

სამწვრთნელო შტაბი გუნდს მეტოქის წინააღმდეგ სათამაშოდ ამზადებს და არა მსაჯების წინააღმდეგობის დასაძლევად. მეგონა, სერიოზულ ხალხთან მქონდა ურთიერთობა... რაც დღეს გვერდითმა მსაჯმა გააკეთა, ეს ფეხბურთელების დაცინვაა და მეტი არაფერი. თუ პრობლემას დინამოს უცხოელი
მწვრთნელი წარმოადგენს, თქვან და დღესვე წავალ სახლში. დაანებონ ფეხბურთელებს თავი და საქმეს მაქსიმალურად სერიოზულად მოეკიდონ", - თქვა ალექს გარსიამ.

* * *
გუშინ, ჩემპიონატის წლევანდელი ბოლო ტურის შემდეგ, ფეხბურთის ფედერაციაში შეიკრიბა სადისციპლინო კომიტეტი, რომლის დასკვნაც ფედერაციის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა:

"კომიტეტმა განიხილა საფეხბურთო კლუბ "დინამო" თბილისის მთავარი მწვრთნელის ალექს გარსიას მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებული განცხადება და კლუბს ფულადი სასჯელი დააკისრა.

სადისციპლინო კომიტეტის დასკვნა და შესაბამისი წერილი გადაეგზავნა საფეხბურთო კლუბის დირექტორატს. წერილში სიტყვასიტყვით ნათქვამია:

"დინამო" თბილისის დირექტორს - ზურაბ პოლოლიკაშვილს

ბატონო ზურაბ, ა.წ. 20 დეკემბერს ჩატარდა სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის №3-326 სხდომა (თავმჯდომარე ტატო ლასხიშვილი; წევრები - თემურ ღაღანიძე, ზურაბ პეტრიაშვილი; პ/მდივანი - ზვიად დარასელი).

დღის წესრიგი: თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის - ალექს გარსიას მიერ ა.წ. 19 დეკემბერს, საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის გადაცემა "საფეხბურთო მიმოხილვაში" სფფ-ისა და საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების მომსახურე მსაჯების მიმართ არაკორექტული, შეურაცხმყოფელი განცხადების გაკეთების შესახებ.

კომიტეტის წევრებმა შეისწავლეს საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის გადაცემა "საფეხბურთო მიმოხილვაში" ა.წ. 19.12 "დინამოს" მთავარი მწვრთნელის - ალექს გარსიას მიერ გაკეთებული განცხადება და დაადგინეს:

საქართველოს 2011-12 წლების ეროვნული ჩემპიონატის დებულების 7.2. პუნქტის თანახმად, თბილისის "დინამოს" კლუბი, რომლის მთავარმა მწვრთნელმა - ალექს გარსიამ ა.წ. 19.12 საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის გადაცემა "საფეხბურთო მიმოხილვაში" და პრესის საშუალებით სფფ-სა და მსაჯთა კორპუსის მისამართით გააკეთა არაკორექტული, შეურაცხმყოფელი განცხადება - დაჯარიმებულია 3500 ლარით. მსგავსი ქმედების განმეორების შემთხვევაში, კლუბი დაჯარიმდება 7000 ლარით. ხოლო განცხადების უშუალო ავტორს აეკრძალება საფეხბურთო საქმიანობა ერთი კალენდარული წლის ვადით.

კომიტეტის თავმჯდომარე - ტატო ლასხიშვილი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყველა გუნდის ფეხბურთელი და ტრენერი საქართველოს ჩემპიონატში მსაჯის ყველა ბრუნვაში გინების მეტს არაფერს აკეთებს და რაღა ეს დააჯარიმეს არც იცის კაცმა ქართული :D
Vicky
00:59 22-12-2011
0
აბა ამათა ყოლიათ რა მწყერები. რაც საქართველოში მსაჯებს ლანძღავენ,რაღა ამ ესპანელის გაუკვირდათ?
ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ დინამოს მართლა ებრძვიან.
ramo
17:54 21-12-2011
0

სიახლეები პოპულარული