"გაგრა" ადასტურებს - კოკა სეფიაშვილი, ალბათ, დაგვტოვებს

AutoSharing Option
ერთი თვეა, "გაგრაში" აღარ ჩანს მეკარე კოკა სეფიაშვილი, რომლის დამსახურებაცაა, კლუბი 2011 წელს საქართველოს თასის მფლობელი რომ გახდა. ბოლოს მან 20 ნოემბერს რუსთავში, "მეტალურგთან" ითამაშა, მას შემდეგ კი 18-კაციან განაცხადშიც ვერ ხვდება - ახლა ძირითადი მეკარე ახალგაზრდა გიორგი ბეგაშვილია, სათადარიგოდ კი ილია მაღრაძეა.

ბუნებრივია, გაჩნდა კითხვა, რატომ არ თამაშობს ეროვნული ნაკრების კანდიდატი? ზოგი დაჟინებით ამტკიცებს, რომ სეფიაშვილმა "გაგრა" დატოვა, მაგრამ კლუბში ამ ინფორმაციას საკმაო ხანს არ ადასტურებდნენ.

- სეფიაშვილი "გაგრას" კიდევ ორნახევარი წელი ეკუთვნის, კონტრაქტის ვადა 2014 წელს უმთავრდება -
ამბობს "გაგრას" იურისტი მიხეილ აფხაზავა.

- მაშინ რატომ არ ათამაშებთ?
- მწვრთნელმა გადაწყვიტა, რომ შანსი ახალგაზრდა, პერსპექტიულ მეკარეს მისცეს.

- ამბობენ, რომ მას "დინამოში" სურს გადასვლა. მეორე ინფორმაციით, სოფიის ერთ-ერთი კლუბი იწვევს.
- შესაძლოა. კი, იყო ლაპარაკი ბევრ გუნდზე, მაგრამ ჩვენთვის კონკრეტული წინადადებით არავის მოუმართავს. აჯობებს, ამის თაობაზე მწვრთნელს დაეკითხოთ, უფრო ზუსტ პასუხს მიიღებთ.

"გაგრას" მთავარმა მწვრთნელმა ზვიად ჯელაძემ არ დამალა, რომ, შესაძლოა, სეფიაშვილი კლუბიდან მართლაც წავიდეს:

- კოკა ნიჭიერი მეკარეა და მის მიმართ ინტერესიც არსებობს. ამის დამალვას აზრი არ აქვს. მეც ვიცი, რომ თბილისის "დინამო" აკვირდებოდა და იმასაც გეტყვით, რომ აზრი მკითხეს. მეც რეკომენდაცია გავუწიე.

- ანუ კარიერას "დინამოში" გააგრძელებს?
- ამაზე ზუსტ პასუხს ჯერ ვერ გაგცემთ. ფაქტია, რომ წასვლა სურს, "გაგრა" კი წინსვლაში ხელს არ შეუშლის.

- ამიტომ აღარ ათამაშებთ?
- რადგან ამ ფაქტთან შეგუებულები ვართ, გადავწყვიტე, ახალგაზრდა მეკარეებისთვის მიმეცა თავის წარმოჩენის შანსი.

კარგად გამიგეთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია კლუბის ინტერესი და როდესაც სეფიაშვილი დაგვტოვებს, უმაღლეს ლიგაში გამოუცდელ მეკარეს ვერ ვათამაშებდით. ამიტომ მივეცით სათამაშო პრაქტიკა გიორგი ბეგაშვილს, რომელიც ძალიან პერსპექტიული ბიჭია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Good luck! :)
უკეთეს კლუბს იმსახურებს ეს ბიჭი...
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული