რევაზ არველაძე: კახა კალაძეს მადლობა უნდა ვუთხრათ

AutoSharing Option
სადაცაა, 2011 წელი დასრულდება და რა მონაგარით ხვდება ახალ წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია? ამაზე სასუბროდ ფედერაციის გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს მივაკითხეთ და საუბრისას, რა თქმა უნდა, სხვა თემებსაც გადავწვდით.

- როგორ შეაფასებდით ფედერაციის მუშაობას 2011 წელს?
- ძირითადი მიმართულებები ნაკრები გუნდები და ეროვნული ჩემპიონატი იყო, ცხადია, სხვა გამოწვევებთან ერთად და ყველაფერ ამაზე გაისადაც გაგრძელდება მუშაობა. პირველ რიგში უნდა მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურული საკითხები, რათა ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი უკეთეს პირობებში ჩატარდეს. საამისოდ მოეწყობა სამი ახალი მოედანი - გორში, ფოთსა და ქობულეთში. მნიშვნელოვანია, რომ
2012 წელს აჭარაში უკვე იქნება ისეთი სტადიონი, სადაც უმაღლესი ლიგის მატჩები ნორმალურ პირობებში გაიმართება. ყველაფერი ეს სახელმწიფო პროგრამით, პრეზიდენტის ფონდიდან ფინანსდება. ალბათ, იცით, რომ ზუგდიდშიც შენდება ახალი სტადიონი.

- აქტუალურია "მიხეილ მესხის" თემაც. საქართველოს ეროვნული ნაკრები საშინაო მატჩებს მხოლოდ ამ არენაზე ითამაშებს?
- ეს სტადიონი ფედერაციამ 49-წლიანი იჯარით აიღო. უკვე გამოვცვალეთ საფარი, გაისად კი სტადიონი სრულ მზადყოფნაში იქნება ნებისმიერი რანგის მატჩისა და ტურნირისთვის.

- ყველას კარგად ახსოვს - ეროვნული სტადიონის რეკონსტრუქციის შემდეგ აღმოჩნდა, რომ არენა ჩემპიონთა ლიგის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა.
- "მიხეილ მესხზე" ჩატარდება ყველა ის სამუშაო, ჩემპიონთა ლიგისთვის აუცილებელ სტანდარტებს რომ დააკმაყოფილებს.

- "დინამო არენაზე" ეროვნული ნაკრები აღარ ითამაშებს?
- თუ ამის აუცილებლობა იქნება, არ არის გამორიცხული, ნაკრებმა ისევ ითამაშოს "დინამოზე", რადგან ტევადობით ეს სტადიონი უფრო დიდია.

- რა ვითარებაა ლაგოდეხის ბაზაზე?
- 2012 წელს ფედერაციის ეს ბაზა სრული დატვირთვით ამუშავდება. უფრო სრულყოფილი გახდება ჩვენი ტექნიკური ცენტრი "ბასაც", სადაც სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია - გამოიცვალა მოედნის საფარი და შენობა მთლიანად გარემონტდა, ახლა კი სამიათასიანი ტრიბუნაც კეთდება.

- ფედერაციის ინფრასტრუქტურული პროექტები ერთია, მაგრამ მხოლოდ ეს ვერ წაადგება წინსვლას.
- ჩვენი მიზანი საქართველოში ფეხბურთელთა რაოდენობის გაზრდაა და ეს უნდა მოხდეს ყველა რეგიონში. სხვა ფაქტორების გარდა, ამისთვის აუცილებელია სათანადო რაოდენობის კვალიფიციური მწვრთნელები.

- გასაგებია, მაგრამ ფედერაციამ A კატეგორიის ლიცენზიის აღება 3 000 ლარად შეაფასა. როგორ ფიქრობთ, საქართველოს პირობებისთვის ეს ძვირი არ არის?
- ვფიქრობ, ძალიან ძვირი არ არის. ჩვენ ახლა იმაზე ვმუშაობთ, რომ პროფლიცენზიის გაცემის უფლებაც მოვიპოვოთ. თუ ასე მოხდა, ქართველ მწვრთნელებს აღარ მოუწევთ პროფლიცენზიისთვის უცხოეთში წასვლა და ამ ლიცენზიის აღება ჩვენთან გაცილებით იაფიც დაუჯდებათ. არის დიდი ალბათობა, რომ ეს ყველაფერი უახლოეს პერიოდში მოვახერხოთ, პროფლიცენზიის კურსებისთვის ჩვენი კადრების გარდა უცხოელ ინსტრუქტორებსაც მოვიწვევთ. ყველა დამეთანხმება, რომ ფეხბურთელის მოსამზადებლად განათლებული მწვრთნელი უაღრესად მნიშვნელოვანია.

- ეროვნულ ჩემპიონატზეც გკითხავთ. მას შემდეგ, რაც პროფლიგა უფუნქციოდ დარჩა, დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ ჩემპიონატის საპრიზო ფონდზე ფედერაცია იზრუნებდა, თუმცა ეს პროექტი დღემდე განუხორციელებელია.
- თუ რამდენად მნიშვნელოვანია საპრიზო ფონდი ეროვნული ჩემპიონატისთვის, ამაზე საკუთარი მოსაზრება მაქვს. ასეთი რამ საინტერესოს ხდის ჩემპიონატს კლუბთა სპონსორებისთვის, ეს თავისებური ბიძგია მათთვის, რათა გააგრძელონ ან დაიწყონ კლუბის სპონსორობა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს ვერ იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი - იქითკენ უნდა წავიდეთ, რომ კლუბებს შემოსავლის ისეთი წყაროები ჰქონდეთ, რომლებიც უკვე აპრობირებულია - სატელევიზო უფლებებიდან შესული თანხები, ევროსარბიელზე თამაშიდან მიღებული ფული, ფეხბურთელთა ტრანსფერები და სტადიონის შემოსავლები.

- "სოკარი" და "ევრობეთი" - საქართველოს ჩემპიონატით ეს ორი ორგანიზაცია კი დაინტერესდა, მაგრამ ეს საკმარისი ვერ უნდა იყოს - "სოკარი" კლუბებს საწვავით ამარაგებს, "ევრობეთი" კი ჩემპიონს გადასცემს ფულად ჯილდოს. ბოლო დროს ტენდენცია უფრო იქითკენ მიდის, რომ კლუბები სახელმწიფო სტრუქტურებიდან ფინანსდებიან. რისი მომტანია ასეთი ტენდენცია?
- რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, თუ კლუბების დაფინანსების მეტი წილი კერძო სტრუქტურებისა იქნება. ისიც ფაქტია, რომ დღეს რამდენიმე კერძო კლუბს საკმაოდ მყარი ფინანსური ზურგი აქვს.

- ეროვნულ ნაკრებზე გადავერთოთ. აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია იმან, რომ ფედერაციამ თემურ ქეცბაიას კონტრაქტი გაუგრძელა.
- აზრთა სხვადასხვაობა დიდ ნაკრებებსაც სდევს და ეს სავსებით ნორმალურია. რა თქმა უნდა, შესარჩევ ჯგუფში დაკავებული ადგილით კმაყოფილი ვერავინ იქნება, თუმცა განსხვავება იმ მდგომარეობასთან, რომელშიც ნაკრები ქეცბაის მწვრთნელობამდე იყო, ნამდვილად არის - ჩვენ ციკლის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გვქონდა ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი.

ნაკრების ფეხბურთელთა უმრავლესობა კმაყოფილია მწვრთნელის მუშაობით. ახლა უფრო ძლიერ ჯგუფში ვართ და ამ საქმესთან შეჭიდება ადვილი არ იქნება.

- ნაკრებიდან თავისებური ფორმით წავიდა კახა კალაძე - როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს?
- რა თქმა უნდა, კალაძის წასვლა ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი დანაკლისია. ნაკრებში ჩატარებული მატჩებისთვის მას მადლობა უნდა ვუთხრათ.

- ნაკრების კონტინგენტი, მისი შესაძლებლობები - როგორია თქვენი შეხედულება ამ მეტად აქტუალურ საკითხზე?
- საკუთარი გემოვნება მაქვს და სათითაოდ რომ დავახასიათო ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები, ძალიან სუბიექტური ვიქნები. საერთო ჯამში, სუსტი კონტინგენტი ნამდვილად არ გვყავს, თუმცა სასურველია, რომ მეტი არჩევანი გვქონდეს.

- ერთსაც გკითხავთ - რა ბიუჯეტი ექნება ფედერაციას 2012 წლისთვის?
- ეს მალე დადგინდება, მანამდე კი ის შემიძლია გითხრათ, რომ ფედერაციას ვალები, ფაქტობრივად, აღარ აქვს.

დავით თავართქილაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ქომაგი
შენ თუ მართლა ქომაგი ხამ მაგას როგორ ამბობ. რას ქვია "უნდა დამთავრდეს არველაძეები ქართულ ფეხბურთში", ე.ი. ისტორია უნდა წაიშალოს? რომელი გყავდა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში შოთიზე მაგარი თავდამსხმელი? დამისახელე ერთი მაინც
zako
12:01 23-12-2011
0
აღარ უნდა დამთავრდეს არველაძეები ქართულ ფეხბურთში????? აღარ გვინდა, არა!!!!!!!
ქომაგი
11:18 23-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული