დუღილი "დინამოში" - გარსია თბილისიდან წავიდა, ფიფია ფიქრობს

AutoSharing Option
"ზესტაფონთან" (1:5) და მარტვილის "მერანთან" მწარე წაგებების (1:2) შემდეგ დაირხა ხმები, კლუბისთვის შეუფერებელი შედეგების გამო თბილისის "დინამოს" მფლობელმა რომან ფიფიამ ესპანელ მწვრთნელ ალექს გარსიას გაშვება გადაწყვიტა, მაგრამ ამის თაობაზე განცხადების გაკეთებას ჯერ არ ჩქარობენო.

იმასაც ამბობენ, რომ უკვე შეარჩიეს გარსიას შემცვლელთა კანდიდატურები (კახა ცხადაძე და გიორგი დევდარიანი) და მათ შორის არჩევანი მალე გაკეთდებაო.

ამ ყოველივეზე თბილისის "დინამოს" ასეთი პასუხი აქვს - "ჯერ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მალე ყველაფერს შეიტყობთ" ან "ეს რა სისულელეა". ამიტომ, იძულებულები ვართ, "დინამოში" მიმდინარე მოვლენებზე მოპოვებულ ინფორმაციებს
დავჯერდეთ. აქვე ვიტყვით, რომ ეს ცნობები გადამოწმებულია და ჰაერიდან მოტანილი ნამდვილად არ არის.

ამ ცნობებით, ფიფიამ გარსიას გაშვებაზე გადაწყვეტილება მართლაც მიიღო, მაგრამ ეს, ბუნებრივია, ემოციურ ფონზე მოხდა და განცხადების გაკეთებას ამიტომაც არ ჩქარობს, მალე კი საკითხს უფრო მშვიდ გარემოში განიხილავსო.

გარკვეულ ტენდენციას ასახავს და ამიტომ საყურადღებოდ გვეჩვენა "დინამოს" ოფიციალური ფანკლუბის რეაქცია, რომელშიც აშკარად იკითხება, რომ მწვრთნელის მოხსნაზე რეალურად ფიქრობდნენ:

"საქართველოს ჩემპიონატში ჩატარებულმა რამდენიმე მატჩმა, მათ შორის, ქუთაისის "ტორპედოსთან", ევროასპარეზზე დამაჯერებელმა გამოსვლამ და გუნდში შექმნილმა ატმოსფერომ დაგვარწმუნა ალექს გარსიას, როგორც პიროვნებისა და მწვრთნელის სათავეში ყოფნის საჭიროებაში. ჩვენ ვაცნობიერებთ შექმნილ ვითარებას. ბუნებრივია, რეალობას მოწყვეტილ, ვირტუალურ სატურნირო ცხრილში ჩახედვისას ვერ ვიქნებით კმაყოფილნი, თუმცა კარგად გვესმის, რომ სასურველი შედეგის მიღწევას უდიდესი მოთმინება სჭირდება".

განცხადებაში სხვა საინტერესო მინიშნებაც იყო - "ესპანელ სპეციალისტს არ ჩაუტარებია სელექცია, ფეხბურთელთა 80% მას ადგილზე დახვდა. ვფიქრობთ, მას აუცილებლად უნდა მიეცეს შანსი, ჩაატაროს სელექცია, წაიყვანოს გუნდი შეკრებაზე და მხოლოდ ამის შემდეგ მოვითხოვოთ შედეგი".

მნიშვნელოვნად გვეჩვენა "დინამოს" სპორტულ დირექტორ გიორგი ნემსაძის კომენტარი, გარსიას გაშვებაზე არავითარი გადაწყვეტილება არ მიღებულაო. ვფიქრობთ, ესეც უნებლიე მინიშნებაა.

აქვე შეგვიძლია გამცნოთ, რომ ერთ-ერთმა მენეჯერმა თადარიგი უკვე დაიჭირა და აპირებს, თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობას შესთავაზოს ბრაზილიისა და პორტუგალიის ნაკრებების, აგრეთვე "ჩელსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ლუიშ ფილიპე სკოლარის კანდიდატურა, თუმცა მას ის აფიქრებს, შეუძლია კი კლუბს მისი პირობების დაკმაყოფილება? ვფიქრობთ, ეს არარეალურია - ამჟამად ბრაზილიური "პალმეირასის" თავკაცი "ჩელსიდან" წასვლის შემდეგ ორი წელი უზბეკურ "ბუნიოდკორში" მუშაობდა და წელიწადში 6 მილიონ ევროს იღებდა, ეს კი "დინამოს" ბიუჯეტს აღემატება.

ტრანსფერებზეც ვთქვათ: უკვე გაცნობეთ, რომ გუნდში გვითხრეს, გოგიტა გოგუას სამწლიან კონტრაქტზე შევუთანხმდითო. აქვე, ბარემ, ერთიც ვთქვათ: "დინამოს" სტილია - ერთ მშვენიერ დილას რედაქციებში დარეკავენ, ორ-სამ საათში პრესკონფერენცია იმართებაო და ახალწვეულ(ებ)ს წარმოგვიდგენენ, თუმცა, გოგუასნაირი გემრიელი "ლუკმის" პრეზენტაციისას ტელეპიარს ამჯობინებენ ხოლმე. საუბარი თავად გოგუამაც არ ისურვა, მოლაპარაკება მაქვს, მაგრამ ჯერ არაფერს გეტყვითო.

ცხადია, "დინამოს" მეპატრონეებს სხვა ფეხბურთელებიც აინტერესებთ. ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მცველ ლაშა სალუქვაძის ჩამოყვანა გამოირიცხა, სამაგიეროდ, ამბობენ, რომ რეალურია ბერძნული "პანიონიოსის" მცველ დავით კვირკველიასა და უკრაინის პირველი ლიგის "სევასტოპოლის" მცველ მათე ღვინიანიძის ტრასნფერი.

ბუნებრივია, ახლების მოსვლა ძველების წასვლასაც გულისხმობს და, ცხადია, ჩნდება კითხვა - ვის შეელევიან? შესაძლოა თუ არა ამ კონტექსტში განვიხილოთ გუნდის კაპიტან ალეკო კოშკაძის ბოლოდროინდელი უთამაშებლობა? ამ კითხვაზე "დინამოს" რეაქცია მძაფრი იყო - რა სისულელეა!

უთამაშებლობის გამო "დინამოს" დატოვება სურს გიორგი თექთურმანიძეს, რომელსაც კობა ჟორჟიკაშვილი რუსთავის "მეტალურგში" იწვევს. შესაძლოა, კლუბის ძებნა დასჭირდეს რობერტო ანგინეტისაც.

ეს ყველაფერი სამუშაო პროცესია, ახლა ფიქრისა და აქტუალურ საკითხთა განხილვის დროა, ასე რომ, ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. რა და როგორ იქნება საბოლოოდ, მალე გაირკვევა - "დინამო" იანვარში შეიკრიბება, მერე კი მოსამზადებლად ესპანეთში გაემგზავრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
სკოლარი არა ფერგიუსონი ჯობს,რა სისულელეა ვინ მოვა აქ სირცხვილია ამის გაფიქრებას კი,ქართველი მწვრთნელების მეტი რა გვყავს გაახილეთ თვალი რამ დააბრმავა ეს ხალხი,ძოძუაშვილი აგარ მოგვწონს არ იცის ფეხბურთი მანო,მეტის გირსი ვართ ამ ვითომ ფეხბურთის მცოდნეების ხელში
vasiko basiladze
11:03 23-12-2011
0
დიდი პატივისცემის მიუხედავად, კარგით რა, რაღა დროს ძოძუაშვილია, მით უმეტეს დინამოში. აბა ვასიკო დაწერე, სად მუშაობდა ბოლოს მიჩიხა და რა შედეგი ქონდა? იცი? დაწერე
zako
11:26 23-12-2011
0

სიახლეები პოპულარული