წასვლაზე ლაპარაკი მორჩა, ალექს გარსია დარჩა

AutoSharing Option
არახალი ამბავია: ბოლო დღეებში ქართულ საფეხბურთო ცხოვრებაში მთავარი და ყველაზე "ცხელი" თემა თბილისის "დინამოსთან" ასოცირდებოდა; უფრო ზუსტად, თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ჭორ-მართალში ვერ ვერკვეოდით: ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიან კლუბში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე ხომ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდებოდა.

მთავარი ინტრიგა კი, რაღა თქმა უნდა, გუნდის მთავარი მწვრთნელის, ალექს გარსიას დარჩენა-არდარჩენა იყო: ერთი ვერსიით, ესპანელი სამშობლოში კონტრაქტით გათვალისწინებულ, უფროსობასთან შეთანხმებულ და "დამსახურებულ" არდადეგებზე იმყოფებოდა; თუმცა, არც მეორე ვერსია იყო უსაფუძვლო, რომლის მიხედვითაც, გარსია "დინამოს" მთავარი მწვრთნელობიდან გათავისუფლებული გახლდათ და მის შემცვლელ(ებ)ს კონკრეტული წინადადებებიც
შესთავაზეს.

და აი, გუშინ ამ ყველაფერს "ნათელი მოეფინა" და ეროვნული სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში შეკრებილმა ჟურნალისტებმა ცნობისმოყვარეობა დავიკმაყოფილეთ: ალექს გარსია თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად, სულ მცირე, სეზონის ბოლომდე რჩება! ანუ კლუბი იანვარში დაგეგმილ უცხოურ შეკრებასაც და ჩემპიონატის ბოლომდე დარჩენილ მატჩებს სწორედ ესპანელის ხელმძღვანელობით ჩაატარებს!

რა უფლება გვაქვს, "დინამოს" ხელმძღვანელებს ეს გადაწყვეტილება მოვუწონოთ ან დავუწუნოთ, მით უფრო, რომ გარსიას გუნდის სატურნირო მდგომარეობის გამოსასწორებლად დრო კიდევ აქვს.

ისე, სატურნირო მდგომარეობა შემთხვევით არ გვიხსენებია: ზამთრის პაუზას "დინამო" ერთ ცხრილში ("ჩვეულებრივში") მესამე ადგილზე შეხვდა, მეორეში და ბევრად უფრო მნიშვნელოვანში ("ვირტუალურში") კი - მეხუთეზე! თანაც, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, "დინამო" მართლაც სოლიდური სხვაობით (12 ქულით) ჩამორჩება პირველ ადგილზე მყოფ "ზესტაფონს".

საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, თბილისის "დინამოს" სეზონი მესამე ადგილზე ქვემოთ დაემთავრებინოს; არადა, საქართველოს 13-გზის ჩემპიონი, 4-გზის ვერცხლისა და 5-გზის ბრინჯაოს პრიზიორი, გულახდილად რომ ვთქვათ, ამ საფრთხის წინაშე დგას. აღარაფერს ვამბობთ კიდევ ერთ, "დინამოსთვის" უცხო და უჩვეულო ფაქტზეც: საქართველოს თასის რეკორდსმენი ამ გათამაშებას მერვედფინალურ სტადიაზე გამოეთიშა!

მოკლედ, ვერავინ იტყვის, "დინამოს" კარგი დროება უდგასო, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სიტუაციის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება და ვინ იცის, ესპანელი სპეციალისტისთვის "ნდობის მანდატის" გაგრძელება, იქნებ, წარმატებული ასპარეზობის საწინდარიც გახდეს.

ახლა კი გუშინდელ პრესკონფერენციას დავუბრუნდეთ: ჟურნალისტების წინაშე კლუბის სპორტული დირექტორი გიორგი ნემსაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა დვალიშვილი და პრესატაშე გიგა გვენცაძე წარდგნენ, კითხვათა ადრესატი კი, რაღა თქმა უნდა, გიორგი ნემსაძე გახლდათ, რომელმაც თავდაპირველად მედიასთან შეხვედრის მიზეზი ახსნა.

- დღეს ჩვენი გუნდის შედეგთა ეტაპობრივი შეჯამებაც არის და, რაც მთავარია, გვინდა, ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოვუღოთ იმ ჭორებს, ბოლო დროს ქართულ მედიაში რომ გაჩნდა, ანუ ვადასტურებ იმ ინფორმაციას, რომ ალექს გარსია "დინამოდან" არ წასულა და მთავარი მწვრთნელის პოსტზე სეზონის ბოლომდე იმუშავებს.

- რამდენად კმაყოფილი ხართ გუნდის სატურნირო მდგომარეობით?
- ისე, როგორც კლუბის თითოეული წევრი, ამ ეტაპიზე ნაჩვენები შედეგებით კმაყოფილი არც მე ვარ. ანდა, როგორ შეიძლება კმაყოფილი ვიყოთ იმით, რომ ჩემპიონატის ახლებური ფორმატის პირობებში "ზესტაფონს" 12 ქულით ჩამოვრჩებით...

- გარსია "დინამოში" რჩება, მაგრამ აქვს კი ესპანელ მწვრთნელს საიმისო რესურსი, გუნდი უფრო უკეთ რომ აათამაშოს?
- ვიმეორებ, არ ვმალავთ - გუნდის ასპარეზობით უკმაყოფილონი ვართ. იმასაც ვიტყვი, რომ ალექს გარსიასთან მკაცრი საუბარიც გვქონდა. თუმცა, როგორც დიდ გუნდებშია წესად, მწვრთნელს ჩვენგანაც უნდა ჰქონდეს გარკვეული "დროის მანდატი"; აი, მაისის ბოლოს, სეზონი რომ დასრულდება, ყველაფერს შევაჯამებთ და გავაანალიზებთ...

- ამ ბოლო დროს "დინამოს" მთავარი მწვრთნელის თაობაზე სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდებოდაო, თქვით. გარსიას შესაძლო გათავისუფლებაზე ეჭვი იმანაც გაამძაფრა, რომ იგი სამშობლოში ბოლო ტურის მატჩის დამთავრებისთანავე გაემგზავრა...
- დაბეჯითებით შემიძლია განვაცხადო, რომ გარსიასა და ესპანელი ფეხბურთელების სამშობლოში გამგზავრება წინასწარ იყო შეთანხმებული კლუბის ხელმძღვანელობასთან. მეტიც: ფაქტობრივად, 99 პროცენტით შეთანხმებული ვიყავით ზამთრის შეკრების ადგილსა თუ სხვა საკითხებზე, მათ შორის, სატრანსფეროზეც.

- არანაკლებ უცნაურად მოგვეჩვენა ის ფაქტიც, რომ თბილისის "დინამომ" უკომენტაროდ დატოვა სადისციპლინო კომიტეტის ის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ალექს გარსიას სერიოზული ფულადი ჯარიმა - 3500 ლარი დაეკისრა. არადა, მსაჯობის თაობაზე ბევრად უფრო მკაცრი შეფასებებიც მოგვისმენია, მაგრამ ვინმე ამხელა ჯარიმით დაესაჯოთ, ვერ გაგვიხსენებია...
ლაშა დვალიშვილი: სხვათა შორის, ჩვენს კლუბში კიდევ ერთი "საჯარიმო ფუცრცელი" მოვიდა და, გარსიას გარდა, "დინამოს" მასაჟისტსაც 600-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს; თუმცა ამ ეტაპზე არც კომენტარს გავაკეთებთ და არც გავაპროტესტებთ სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას. ისე კი, გეთანხმებით, ასეთი მკაცრი ვერდიქტი ერთობ რეზონანსული და ხმაურიანია. თუმცა, ალბათ, დამერწმუნებით, რომ საქართველოს ჩემპიონატში მსაჯობაზე ბევრად უფრო მკვეთრი განცხადებებიც მოგვისმენია ამა თუ იმ კლუბის წარმომადგენლებისგანაც და ფეხბურთელებისგანაც.

ერთი დოკუმენტიც მინდა წარმოგიდგინოთ: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში კომიტეტის საგანგებო სხდომის ოქმია, საიდანაც ვიგებთ, რომ საშეჯიბრო განყოფილების უფროს ნოდარ კაკულიას ეროვნული ჩემპიონატის დებულების დარღვევის გამო საყვედური გამოეცხადა. მიზეზი კი "ზესტაფონი" - "დინამოს" მატჩის გადატანაზე ნაადრევად მიღებული გადაწყვეტილებაა.

- "დინამოში" რა ტრანსფერებს უნდა ველოდოთ?
- ცვლილებები აუცილებლად იქნება და "დინამოს" ქომაგებს ისიც მინდა ვუთხრა, რომ ახალწვეულთა უმრავლესობა ცნობადი სახეა.

- გოგიტა გოგუას "დინამოში" ჩარიცხვა გადაწყვეტილი ამბავია?
- სამუშაო პროცესია და, ცნობადი სახეები რომ ვახსენე, ერთ-ერთი გოგიტა გოგუაც ვიგულისხმე; სატრანსფერო სიახლეები კი, მერწმუნეთ, "დინამოში" მრავლად იქნება...

- როგორც ყოფილი ფეხბურთელი, რას ფიქრობთ "დინამოს" დღევანდელ ლეგიონერებზე, ანუ ყველა მათგანი იმსახურებს "დინამოში" თამაშს?
- ამ შემთხვევაში სუბიექტური ვიქნები და გულახდილად გეტყვით, რომ ზოგიერთ მათგანზე დროთა განმავლობაში აზრი შემეცვალა, ანუ, რომ მეგონა, ესა თუ ის ლეგიონერი აქ თამაშს არ იმსახურებდა, მერე სიტუაცია შეიცვალა. იყო საპირისპირო მაგალითებიც. მოკლედ, აქაც დროის ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ.

- ალექს გარსიას ხელმძღვანელობით "დინამომ" უშუალო კონკურენტებთან მხოლოდ ერთადერთხელ შეძლო გამარჯვება. საერთოდაც, ესპანელი მწვრთნელი საქმის კურსში იყო, ჩვენი ჩემპიონატი ახლებური ფორმატით რომ ტარდებოდა?
- საქმის კურსში იყო და არის კიდეც. აბა, გათამაშების რეგლამენტი რომ არ გაგვეცნო მისთვის, მაშინ სხვა რა უნდა გაგვეკეთებინა...

* * *
პრესკონფერენციის ბოლოს ლაშა დვალიშვილმა ჟურნალისტებს სხვა სიახლეებიც გვამცნო: მაისში მოეწყობა "დინამოს" ახალი სათამაშო ფორმების პრეზენტაცია, კლუბს "ადიდასის" ნაცვლად ამიერიდან "ნაიკი" შემოსავს. რაც მთავარია, სწორედ მაისშია დაგეგმილი დიღმის განახლებული საწვრთნელი ბაზის პრეზენტაციაც!..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
კაია რო ტოვებენ (ტორპედოსთვის ოღონდ) იმიტო რო ამის ხელში დინამო ვერაფერს მიაღწევს :))) ბარსელონას მასაჟისტი არ იყო ეს :)))
FC Torpedo
18:05 26-12-2011
0
სულ რამდენიხაეტ როზონერები???
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული