"ვალენსია" ქართველ ბავშვებს აკვირდება

AutoSharing Option
გუშინ გაცნობეთ, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით თბილისს ცნობილი ესპანური კლუბის, "ვალენსიას" წარმომადგენლები ფერნანდო გომეს კოლომერი და ხავიერ კაბელო რუბიო ესტუმრნენ.

ფერნანდო გომესი თბილისში მეორედაა: პირველად 1985 წელს ჩამოვიდა, როდესაც საბჭოთა კავშირი მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს მასპინძლობდა. მაშინ ერთ-ერთი ჯგუფი თბილისს არგუნეს და აქ ბრაზილიის, ესპანეთის, ირლანდიისა და საუდის არაბეთის ნაკრებებმა ითამაშეს. შემტევი ნახევარმცველი ფერნანდო გომესი მაშინ ესპანელთა კაპიტანი იყო და თბილისელ გულშემატკივარს თავი ჩინებული თამაშით დაამახსოვრა.

1989 წელს გომესი ესპანეთის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ეროვნული ნაკრების
მაისურა 8-ჯერ მოირგო (2 გოლი), "ვალენსიაში" კი ამ კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი შეხვედრა ჩაატარა - 434 (142 გოლი).

შევიტყვეთ, რომ სხვა საკითხებთან ერთად ვალენსიელ სტუმრებს ორი მოზარდი ქართველი ფეხბურთელის ნახვაც აინტერესებდათ და სწორედ ამ მიზნით ეწვივნენ "საბურთალოს" საფეხბურთო სკოლას: მათ ლუკა ჯამარაულსა (ცნობილი ფეხბურთელის, გოჩა ჯამარაულის ვაჟია) და ლუკა ვარძელაშვილზე დაკვირვება სურდათ.

ორივე ფეხბურთელი 13 წლისაა და ამჟამად საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრების წევრები არიან. სპეციალისტთა საერთო აზრით, ჯამარაული და ვარძელაშვილი პერსპექტიული ბავშვები არიან.

თუ სავიზო და სხვა პრობლემები მოგვარდა, ორივე ესპანეთში ერთწლიან სტაჟირებაზე გაემგზავრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული