"ბენდელა" სენსაციით დაიწყო

AutoSharing Option
საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" მოედნებზე დაიწყო აფხაზეთში დაღუპული ზაზა ბენდელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი "ბენდელას თასი".

საქართველოში სუპერთასის გათამაშებასაც ჰქონდა წყვეტა, მაგრამ არა "ბენდელას თასს" - გაჭირვების, ომებისა და სხვა უამრავი პრობლემის მიუხედავად, 1993 წლიდან მოყოლებული, მე-18 წელიწადია, იმართება. ძმების, ქართლოს და კახა ჭუმბურიძეებისა და მათი მეგობრების წყალობით, ტურნირს მხარდაჭერები და პარტნიორები არასოდეს მოჰკლებია.

ახლაც ასეა: გათამაშება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პატრონაჟით ტარდება, ფინანსური მხარის მოგვარებაზე კი ფირმები და კომპანიები ზრუნავენ. ტურნირი 2000 წელს დაბადებულთა და
უფროსთა გუნდებს შორის ტარდება. გუშინ უფროსთა პირველი შეხვედრები გაიმართა.

შარშანდელმა გამარჯვებულმა სეუ-მ ძლიერ შემადგენლობას მოუყარა თავი - მეკარე რევაზ თევდორაძე, დავით ოდიკაძე, გიორგი ნავალოვსკი, დავით თარგამაძე, ბაჩანა ცხადაძე, ფუტსალის ნაკრების ყოფილი წევრი შოთა კუბლაშვილი. სეუ "ბასკის" დაუპირისპირდა და დაძაბულ მატჩში 2:1 სძლია.

დღეს გათამაშებაში ჩაებმებიან არნემის "ვიტესის" ქართველები - გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი, რომელებიც სეუ-ს დაეხმარებიან.

ტურნირში კიდევ ერთი "ბომბა" გუნდი მონაწილეობს - "ვიკინგი", რომლის განაცხადშიც არიან გოგიტა გოგუა, ზურაბ არზიანი, ბექა გოცირიძე, მირზა ბჟალავა, ფარნა კუსრაშვილი, გიგა ბეჭვაია, მიხეილ ღოღობერიძე, რომელსაც მიუნხენის "ბაიერნის" ასაკობრივ გუნდში უთამაშია.

მაგრამ რად გინდა, თსსუ-ს (სამედიცინო უნივერსიტეტი) სრულიად უცნობმა ფეხბურთელებმა "ვიკინგებს" 7:2 მოუგეს.

დღეს მეორე ტურია, ექვსგუნდიანი ტურნირის ფინალი კი 28 დეკემბერს გაიმართება.

ქართლოს ჭუმბურიძის თქმით, 2012 წლის იანვარში "ბენდელას თასს" პროფესიული კლუბებიც გაითამაშებენ.

"ეს ტურნირი ქვემო ქართლის გუბერნატორ დავით კირკიტაძის ხელშეწყობით უკვე მესამედ ჩატარდება, 21 იანვარს დაიწყება და 11 თებერვალს დასრულდება. თუ ადრე ოთხი ან ექვსი გუნდი მონაწილეობდა, ახლა ასპარეზობის სურვილი უმაღლესი და პირველი ლიგების 16 კლუბის დუბლშემადგენლობებმა გამოთქვეს.

მოტივი გასაგებია - ტურნირი სეზონისთვის მოსამზადებლად ყველას წაადგება, მატჩები კი იქ გაიმართება, სადაც გუნდებისთვის უფრო მოსახერხებელი იქნება - ურეკში, ზესტაფონში, ქუთაისში, მცხეთაში, რუსთავში, თბილისში "საბურთალოს" მოედნებზე", - გვითხრა ჭუმბურიძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული