გულშემატკივარი: ვიკამათოთ, რათა გავიმარჯვოთ

AutoSharing Option
მაშ ასე, ალბათ უკვე დროა ცივ გონებაზე შევაფასოთ ქართული საკლუბო გუნდების და ნაკრებების გამოსვლა საერთაშორისო ასპარეზზე.

ვფიქრობ, საკლუბო გუნდების გამოსვლა დადებითად უნდა შეფასდეს. თუნდაც იქედან გამომდინარე, რომ დავძლიეთ სომხურ-ყაზახურ-მოლდოვური ბარიერები, რაც წინა წლებში აშკარად პრობლემური იყო. თბილისის "დინამოც" აშკარა ფავორიტად გამოიყურებოდა საწყის ეტაპებზე.

ერთი სიტყვით, წინსვლა არის. გულშემატკივარს გაუჩნდა იმედი, რომ გაისად პლეი ოფის ეტაპსაც დავძლევთ, მერმისად შეიძლება ჯგუფური ეტაპის რომელიმე თამაშიც მოვიგოთ, მომდევნო წელს მეორეც და ასე შემდეგ. თუ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ წავიწიეთ წინ, სამ-ოთხ წელიწადში საშუალო ევროპული დონის რამდენიმე
კლუბი გვეყოლება, ისეთები, რომლებიც კონკურენციას გაუწევენ ავსტრიის, შვეიცარიის, შვედეთის, ჩეხეთის, ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნების გუნდებს. უახლოესი პერსპექტივისათვის, ვფიქრობ, ეს დამაკმაყოფილებელი პროგრესია.

რაც შეეხება "ბარსელონას", "რეალის", "მილანის", "მანჩესტერ იუნაიტედის" დონეს, ამ ეტაპზე მხოლოდ ოცნება თუ შეგვიძლია. თუმცა, რატომ მხოლოდ ფუჭი ოცნება - განა, სამოცდაათიანი წლების მეორე ნახევრის და ოთხმოციანი წლების დასაწყისის თბილისის "დინამო" არ იყო ცნობილი ევროპელი ექსპერტების შეფასებით, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი?

მავანი კვლავ იტყვის - რა გადაგვაყოლეთ ერთ, რამდენიმეწლიან პერიოდს, ახლა რანი ვართ?

შეიძლება ასეთი თვითკრიტიკული მიდგომაც სწორი იყოს, რომ ობიექტურობის და რეალობის ნიადაგს არ მოვწყდეთ და ილუზიების ტყვეობაში არ აღმოჩნდეთ, მაგრამ ჩემო ძვირფასო ოპონენტებო, ჩვენც გაგვაჩნია რამდენიმე არგუმენტი, რომელთა გამო შეგვიძლია საკუთარი პოზიციები დავიცვათ.

მოგეხსენებათ, თანამედროვე ფეხბურთი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, რომელთაგან გამოსაყოფია ფიზიკური მომზადება, ტექნიკური მომზადება, ტაქტიკური მომზადება და ფსიქოლოგიური მომზადება. ქვემოთ ცალ-ცალკე შევჩერდეთ თითოეულ კომპონენტზე.

ფიზიკური მომზადება
თუ სომხურ და ყაზახურ გუნდებთან თამაშით რუსთავის "მეტალურგმა" აშკარად დადებითი ემოციები დაგვიტოვა, ფრანგულ "რენთან" პირიქით მოხდა.

ამ კომპონენტში რუსთაველები და ფრანგები ისე განსხვავდებოდნენ, როგორც ცა და დედამიწა. ფრანგებთან შედარებით, მოედანზე რუსთაველთა სირბილი შენელებული კადრების მოძრაობას ჰგავდა. იგივე შეიძლება ითქვას "ზესტაფონისა" და "შტურმის", "ზესტაფონისა" და "ბრიუგეს" დაპირისპირებისას. თუ შინ თამაშებისას ზესტაფონელებმა ფსიქოლოგიური მუხტის მეშვეობით, მონდომების, აზარტისა და ბრძოლის ჟინით შეძლეს ფიზიკურ მომზადებაში ჩამორჩენა, მეტოქის მოედნებზე ეს ვეღარ მოახერხეს და მეტოქის სხარტი გადადგილებების ფონზე, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, ჩვენები უფრო დამძიმებულები ჩანდნენ.

ჩვენი აზრით, იგივე დაემართა "დინამოსაც" ბერძნულ აეკ-თან. აშკარად არა, მაგრამ ბერძნები დინამოელებზე ცოტათი უფრო აქტიურად გამოიყურებოდნენ, რაც მათ თამაშის ბოლომდე შეინარჩუნეს და სხვა მომენტებთან ერთად ეს ფაქტორი მატჩში გადამწყვეტი აღმოჩნდა.

პირადად ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ წაგებულ ორრაუნდიან დაპირისპირებებში ჩვენი სამივე გუნდის ფიზიკური მომზადება გათვლილი იყო მეტოქის გაძლებაზე, სათამაშო დროის დამთავრებაზე, მაშინ, როდესაც ჩვენი მეტოქეები საჭირო დროს სიჩქარეებსაც უმატებდნენ და მოძრაობასაც. და ეს, არ დაგავიწყდეთ, ევროპის საშუალო დონე რომ ჰქვია იმ გუნდებთან, თორემ ცოტა მაღალი დონის მეტოქეებთან ისე შევრცხვებოდით, როგორც "მეტალურგი" -"რენთან".

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, - ჩვენი გუნდები, უფრო სათანადოდ რომ ყოფილიყვნენ მომზადებული ფიზიკურად, პლეი ოფის ბარიერს გადალახავდნენ, ყოველ შემთხვევაში, "დინამო" და "ზესტაფონი "მაინც.

ტექნიკური მომზადება
აქ თითქოს გენეტიკურად მოგვსდევს ეს ყველაფერი, მაგრამ არც მთლად ასეა საქმე.

თუ ჩვენმა ფეხბურთელმა ბურთი მიიღო, შემდეგ ვერ აჩერებს და ორი-სამი მეტრით წინ უვარდება; საერთოდ აღარ შემინიშნავს მოხდენილი დრიბლინგი - ფეხბურთელები ათიოდ ნაბიჯსაც ვერ გარბიან ბურთთან ერთად, თორემ ბურთის თრევაში უბადალონი ვართ. საფეხბურთო სლალომზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ჯარიმებს ისე ასრულებენ, გეგონება რაგბის კარში ურტყამდნენ. მოკლედ, ხარვეზი უამრავია, საჭიროა მწვრთნელებმა უფრო მეტი იმუშაონ ფეხბურთელებთან ინდივიდუალურად ცალკეული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, თორემ ჩვენი ბავშვთა ფეხბურთი შტამპავს და შტამპავს ერთი და იგივე ნაკლით დაღდასმულ ფეხბურთელებს.

რამდენიმე წლის წინათ ბავშვი დამყავდა ფეხბურთზე. სამი თუ ოთხი სპორტსკოლა გამოვაცვლევინე. ყველგან ერთი და იგივე სურათია: ათი-თხუთმეტი წუთიანი ძუნძული, მერე გაყოფენ ორ გუნდად, მიუგდებენ ბურთს და ვარჯიშის ბოლომდე მარტივი "ორკარაა." ამოიწურება 1,5 - 2 საათი და დამთავრდა ვარჯიში.

ამას ბავშვის მომზადება არ ჰქვია. მაგალითისათვის ავიღოთ ბურთის დარტყმის ტექნიკა. სანამ ბავშვი ამას თვითონ გამოიმუშავებს, მწვრთნელმა უნდა აუხსნას მას ბურთზე ფეხის დარტყმის პოზიციები, თუ რა ტრაექტორიას გაივლის ბურთი ფეხის წვერით, ფეხის ზურგის, ფეხის გარე თუ შიგნითა ნაწილით შეხებისას და ამის შემდეგ შეიძლება "ხმელი ფოთოლის" დახვეწაზე იმუშაო, ანდა ილია დათუნაშვილივით პირდაპირ კუთხურიდან შეაგდო გოლი. თითქმის არც ერთ საფეხბურთო სკოლაში, სადაც შეხება მქონდა, არ მინახია კარის ძელზე ჩამოკიდებული ბურთის გასაძვრენი რგოლები ან ერთ ხაზზე ჩამწკრივებული "სლალომის" ჯოხები.

თითქმის ანალოგიური სიტუაციაა საკლუბო გუნდებშიც, როგორც გუნდური ვარჯიშების, ასევე ფეხბურთელების ინდივიდუალური მომზადების მხრივ. არადა, ნაკრების მწვრთნელები მზა ფეხბურთელებს ითხოვენ. ნაკრებშიც არ არის დრო, რომ წელიწადში რამდენიმედღიანი შეკრება ამ კომპონენტების სრულყოფაზე ვარჯიშს დაუთმო. ჰოდა, იმიტომაც არის, რომ ჩვენი ფეხბურთელების შესრულებული ჯარიმა ან სხვადასხვა დისტანციიდან კარში დარტყმული ბურთები მაღალ სიმაღლეებზე მფრენი აპარატების ჩამოსაგდებად გეგონება გამიზნული.

ერთი სიტყვით, არც აქ არის გადაუწყვეტელ-გადაუჭრელი პრობლემები. ალბათ, საჭიროა გადაიხედოს და უფრო მაღალ დონეზე ავიდეს მწვრთნელთა მომზადება, ბავშვებთან უნდა იმუშაოს შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მწვრთნელმა, რომელსაც შეეძლება სათამაშო ტექნიკა გაარჩიოს ... ტაქტიკისაგან, ერთმანეთში არ აერიოს ფეხბურთელების განლაგების სქემა და გუნდის სათამაშო ტაქტიკადა ა.შ.

ტაქტიკური მომზადება
სხვანაირად მას კიდევ საფეხბურთო სიბრძნე, ჭკუა, ინტელექტი უნდა ვუწოდოთ.

პირველ რიგში, რაც ქართული გუნდების მოქმედებაში თვალში საცემია, არის ყბადაღებული უბურთოდ მოძრაობის დეფიციტი. ერთადერთი, გია გეგუჩაძის გაწვრთნილ "ზესტაფონს" ჰქონდა ამის ტენდენცია და ისიც ეპიზოდებში. არადა, დღევანდელი თანამედროვე ფეხბურთი მოთამაშის ტაქტიკურ აზროვნებაზეა გათვლილი. შეტევა ლოგიკურად ვერ გაგრძელდება, თუ შეტევაში მონაწილე ფეხბურთელი დროულად არ გაიხსნა, არ ეძება თავისუფალი ადგილები, ხელსაყრელი პოზიციები პასის მისაღებად და თამაშის გასამწვავებლად.

უნდა ითქვას, რომ უბურთოდ მოძრაობის დეფიციტი ქართული ფეხბურთის სენია. ძირითადად მოძრაობს ის ფეხბურთელი, ვისაც ბურთი აქვს. ათრევს სანამ არ მობეზრდება, როცა მოწყინდება, შემდეგ გაიხედავს ვის გადააწოდოს. პარტნიორთაგან არავინაა გახსნილი, რადგან პარტნიორმა იცის, რომც გაიხსნას, დროულ პასს ვერ მიიღებს. სტატიკაში მყოფი ფეხბურთელების დაკეტვას და დაჭერას რა უნდა. ამიტომაცაა ჩვენ გუნდებს შეტევის გაგრძელება რომ უჭირთ. უაზრო პასები უკან და ფლანგებზე - ამის შემხედვარე, ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს ფეხბურთელებმა არც იციან მოედანზე რა უნდა გააკეთონ. აღარ არის ლაპარაკი კომბინაციის გათამაშებაზე და იმპროვიზაციის უნარზე.

შემდეგი თვალშისაცემი ხარვეზი - ჩვენი გუნდების შესრულებით ფაქტობრივად არ დამინახავს სწრაფი, მოულოდნელი კონტრშეტევა. მხოლოდ "დინამო"- აეკ-ის შეხვედრისას იყო რაღაც მიმსგავსებულის ჩვენების სურვილი, მაგრამ მაგას გააზრებული კონტრშეტევა არ ჰქვია. ძირითადად მოედნის სიღრმიდან, საკუთარი საჯარიმოდან კეთდებოდა გრძელი პასი წინ ეულად დარჩენილ ფეხბურთელზე, რომელიც თუ ფეხებში იღებდა ბურთს, აუცილებლად ზურგით იდგა მეტოქის კარისკენ და სანამ შემოტრიალდებოდა და სიჩქარეს აკრეფდა, განეიტრალებული მანამდე იყო მეტოქის დაცვის მიერ, ხოლო თუ მისი მოძრაობის მიმართულებით კეთდებოდა პასი, აუცილებლად მკერდს ზემოთ და თავში დამიზნებით, რაც ასევე არაეფექტური იყო. თბილისში აეკ-თან ჩატარებული მატჩის მეორე ნახევარი თითქმის ასეთი პინგ-პონგის სტილში გაილია.

იგივეს თქმა შეიძლება ნაკრების თამაშზეც. მასირებული დაცვიდან ანუ "მეორე ნომრად" მოთამაშე გუნდში ყოველთვის უნდა იყოს ორი-სამი ჩასაფრებული ფეხბურთელი ბურთის ე.წ. "პერეხვატის" შემთხვევაში სწრაფი და მოულოდნელი კონტრშეტევის განსახორციელებლად. ასეთ სტილში შეტევა უფრო ეფექტურია, ვიდრე წინ დატოვებული ეული ფეხბურთელი, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში ნომინალურად ითვლება შემტევ ფეხბურთელად და მისი ეფექტურობა მხოლოდ შემთხვევითობაზეა გათვლილი, რამეთუ ერთი ფეხბურთელის "დაჭერა" არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს მეტოქის დაცვისათვის.

ჯგუფური კონტრშეტევის დროს მეტოქეც იძულებულია ლამის მთელი გუნდით დაბრუნდეს დაცვაში შეტევის გასანეიტრალებლად და ასეთი პერიოდული, სწრაფი მონაცვლეობა შეტევისა და დაცვისა, ქანცს აცლის მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს. მართალია, შენი ე.წ. ჯგუფური კონტრშეტევის მონაწილე ფეხბურთელებიც იღლებიან, მაგრამ ორი-სამი ფეხბურთელის შეცვლა უფრო ადვილია, ვიდრე მთელი გუნდის. სხვა მხრივ, როდესაც მეტოქის მასირებული შეტევებს ვერაფერ ღირებულს უპირისპირებ, ფსიქოლოგიურადაც თრგუნავს ფეხბურთელებს, რაც ხორვატიაში თამაშის დროსაც გამოჩნდა.

კონტრშეტევის დროს გუნდის მოქმედება შეკუმშული ზამბარის გაშლის მოქმედებას უნდა ჰგავდეს. მეტოქის შეტევის ჩაშლის და ბურთის ხელში ჩაგდების შემდეგ ჯერ იშლება ზამბარის წინა ნაწილი, ანუ მოულოდნელობის ეფექტი უნდა შექმნან თავდამსხმელებმა მეტოქის მოედანზე სწრაფი გადასვლით, შემდეგ მეორე ეშელონად ერთვება ნახევარდაცვა. დაცვა ყოველთვის ბოლო ზღუდედ რჩება. მე არ ვემხრობი დამცველების სისტემატურად ჩართვას შეტევაში, რამეთუ სჯობს მეტოქის ასევე მოულოდნელ კონტრშეტევას ის თავის პოზიციაზე დახვდეს. ფეხბურთელმა ფიზიკურად ჭარბი ენერგიის გამო,სპონტანურად კი არ უნდა ირბინოს, არამედ ჭკვიანურად, საჭირო დროს და საჭირო მომენტში გადაადგილდეს. ამით ენერგიასაც რაციონალურად გაანაწილებს და თამაშის ბოლომდეც შეინარჩუნებს ფიზიკურ აქტივობას.

ცალკე საუბრის თემაა პასის კულტურა. თანამედროვე ფეხბურთში ძირითადად პასი უკეთდება მოძრავ ფეხბურთელს მოძრავი ფეხბურთელისაგან. აღნიშნული პასების სპეციალური კოეფიციენტების სისტემაცაა თამაშის დინამიკის და ეფექტურობის განსაზღვრისათვის.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენთან საპირისპირო სურათია. ბურთის უაზროდ თრევას, ხშირ შემთხვევაში, მის საბოლოო დაკარგვამდე მივყავართ. ჩვენი გუნდების შესრულებით ცოტას თუ დაინახავთ პასს ერთი შეხებით, ხოლო ისეთი კომპონენტი, როგორიცაა ე.წ. "კედელი", მგონი, საერთოდ ამოღებული აქვთ ხმარებიდან.

ფსიქოლოგიური მომზადება
მოძრაობის კულტურის ათვისება სხვა ასპექტებშიც იჩენს თავს. იგი თავისუფალი, გაბედული, შეუბოჭავი და ლაღი თამაშის საწინდარია. როდესაც გუნდი თამაშის დროს აზროვნებს, როდესაც ფეხბურთელი ფიქრობს სად გაიხსნას და როგორ გაიხსნას, ის მთლიანად თამაშშია ჩართული, ნაკლებად ფიქრობს მაყურებლების რეაქციაზე, რაც საბოლოო ჯამში ხსნის სტუმრად თამაშის კომპლექსს.

ფეხბურთელებსა და მწვრთნელს შორის, ხანდახან ფეხბურთელებს შორისაც, იმდენად მოუგვარებელი პრობლემაა, ვფიქრობთ, აუცილებელია გუნდში ფსიქოლოგის ყოლა. ქართველები ემოციური ხალხი ვართ, ხან პატარა რამე გვიხარია, ხან უმნიშვნელო რაღაც გვწყინს. ზოგჯერ პატარა მიღწევა თავში გვივარდება. ორი თამაში მოიგო ზედიზედ "ზესტაფონმა" ევროტურნირებზე და იმხელა ამბიციები გაუჩნდა ფეხბურთელებსაც, მწვრთნელსაც და მეპატრონეებსაც, რომ ელემენტარული პარტნიორული ურთიერთობა ვერ შეინარჩუნეს და გუნდი ლამის დაიშალა.

ვფიქრობთ, პროფესიონალი ფსოქოლოგი გუნდში ადამიანური ურთიერთობის პრობლემებს მოხსნის. ანდა, მეორე საკითხი ავიღოთ. შეიძლება დიდი ფეხბურთი გითამაშია და წარმატებული მწვრთნელიც ხარ, მაგრამ მწვრთნელი ამასთანავე დამრიგებელი, მასწავლებელი უნდა იყო. როდესაც მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის ლანძღვა-გინების ელემენტები ერთვება, იქ ფსიქოლოგის სამუშაოც ბევრია. თავისი საქმის პროფესიონალი სხვა დარგის პროფესიონალის დახმარებაზე უარს არ იტყვის. ვფიქრობთ, ამ ეტაპზე ფსიქოლოგი ყველა გუნდს, ნაკრებების ჩათვლით სჭირდება, თავის მწვრთნელ-ფეხბურთელებიანად.

და კიდევ...
ორიოდ სიტყვით გვინდა ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობასაც შევეხოთ, რომელიც, საერთო ჯამში, უფრო საღად უძღვება საქმეს, ვინემ წინა ფედერაცია. ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა სახელმწიფოს მხარდაჭერით, რომელიც ასევე მნიშვნელოვან დახმარებას უწევს ქართულ ფეხბურთს და ზოგადად სპორტს. დღევანდელ რეალობაში ასეთი თანამშრომლობის გარეშე საქმე არ გაკეთდება. ფეხბურთისა და ზოგადად სპორტის განვითარებით უამრავ მოზარდს წავართმევთ ქუჩას და თუ ყველა პროფესიონალი სპორტსმენი არ გამოვა, ჯანსაღები და ჯანმრთელები მაინც გაიზრდებიან.

სასიამოვნო ტენდენციაა ბიზნესისა და სპორტის თანამშრომლობა სპონსორობისა თუ სხვადასხვა ფორმით ურთიერთობის მხრივ, მაგრამ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და უფრო გაღრმავდეს, ისე როგორც ეს მთელ მსოფლიოშია მიღებული. ბევრი ბიზნესმენი და კომპანიაა ამ საქმეში ჩართული, მაგრამ ბევრი კიდევ არ ჩანს. არადა, არიან ასეთი კომპანიები საბანკო სფეროში, ენერგეტიკაში, ფარმაცევტულ ბიზნესში, და ა.შ. დაუწერელი კანონივით უნდა შემოვიღოთ - ყველა სერიოზული კომპანია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოღვაწეობს, ერთ გუნდს მაინც უნდა ასპონსორებდეს სპორტის ნებისმიერი სახეობიდან.

შეიძლება ბევრი შემომედავოს და იქნებ სწორადაც, მაგრამ დღევანდელი რეალობების პირობებში შეიძლება ძველი ნაცადი ხერხი გამოვიყენოთ, როცა რკინიგზას, არმიას და შსს-ს საკუთარი გუნდები ჰყავდა.

ისტორიულადაც და მით უმეტეს დღევანდელ პირობებში ბათუმი ეროვნული ცნობიერების თუ ყოფიერების მნიშვნელოვანი ქალაქი იყო და არის. შეიძლება, ამ ქალაქს არათუ უბრალოდ გუნდი, არამედ კონკურენტუნარიანი გუნდი არ ჰყავდეს უმაღლეს ლიგაში? ვფიქრობ, თუ თბილისს (ორი-სამი), ქუთაისს, ბათუმს, რუსთავს, ფოთს, ზუგდიდსა და ერთი-ორ კიდევ სხვა ქალაქს კონკურენტუნარიანი გუნდები ეყოლებათ, საქართველოს ჩემპიონატის დონე მნიშვნელოვნად მოიმატებს.

განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ნაკრების მწვრთნელის საკითხი. ვინაიდან ამ ეტაპზე ტოპ-მწვრთნელის დაქირავების საშუალება არ გვაქვს, გაკოტრებული და ვადაგადასული მწვრთნელების ჩამოყვანას ისევ თემურ ქეცბაია სჯობს და პირადად ჩემი გადსაწყვეტი რომ ყოფილიყო, მეც მის კანდიდატურას დავუჭერდი მხარს, მაგრამ არის სხვა მომენტებიც.

ფეხბურთი სახალხო თამაშია და ის ხალხისათვის და მაყურებლებისთვის არის განკუთვნილი. გამოვიტანოთ ასეთი საკითხები გულშემატკივართა და სპეციალისტთა სამსჯავროზე, მით უმეტეს, რომ არსად გვეჩქარება და ვიყოთ რეალისტები, ჩვენ ხომ ვიცით, რომ დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით ჯგუფიდან ვერ გავალთ. სხვა მიზნებისათვის მაინც გამოვიყენოთ ეს პროცესი. ნაკრების თამაშში პროგრესი შეინიშნება (ოდნავია თუ მცირე, ახლა ამას არა აქვს მნიშვნელობა, ყოველ შემთხვევაში, დიდი ანგარიშებით აღარ ვაგებთ) და ამას არავინ არ უარყოფს, მაგრამ რა მოხდა ბოლო თამაშებში? რატომ ვერ ვუგებთ აუტსაიდერებს? რატომ გვიჭირს შემოქმედებითი ფეხბურთი?

გულშემატკივარს, სპეციალისტებსაც და ჟურნალისტებსაც ცოტა უფრო კვალიფიციური პასუხები სჭირდება. პასუხები, რომლებშიც გამოჩნდება, რომ მწვრთნელმა წარუმატებლობის მიზეზები ნათლად დაინახა და იცის ამ მიზეზების გადაჭრის გზები. ყველაფრის ფეხბურთელებზე გადაბრალება საქმეს ვერ უშველის. თუ ფეხბურთელების დონეა ყველაფრის განმსაზღვრელი, მაშინ მწვრთნელად ვინ იქნება, რა მნიშვნელობა აქვს? თუ სხვა მიზეზებია, მწვრთნელმა უნდა დააკონკრეტოს. ელემენტარული ჭეშმარიტებაა - დაავადებას მაშინ ვუმკურნალებთ სწორად, თუ სწორ დიაგნოზს დავსვამთ.

დისკუსიები, მსჯელობები, დებატები, სხვადასხვა კონცეფციების და იდეების ჭიდილი, საერთო საქმეს არ დააზარალებს. ჩაერთოს ამ დისკუსიებში ნაკრების მწვრთნელიც. ჩვენ გვწამს, რომ ის ნიჭიერი და ყველაზე მეტად რისიც გვეიმედება, მზარდი სტრატეგია, ხოლო რატომ ვერ აჩვენებს მისი გუნდი ტაქტიკურ განსწავლულობას - მან უნდა ახსნას. ვიღაცა ახალს იტყვის, ვიღაც თავის პოზიციებს დაიცავს, ვიღაც საპირისპირო არგუმენტების ძებნაში იძულებული გახდება რაღაც წაიკითხოს, რაც, სხვას რომ თავი დავანებოთ, სწავლების კუთხით არის კარგი, ქვეყანაში სამწვრთნელო აზრის განვითარებისათვის არის კარგი.

იმ ქვეყნებში, სადაც ასეთი მნიშვნელობის საკითხები ღიად, გამჭვირვალედ და საერთო-საჯარო განხილვის შემდეგ, კონკურენტულ გარემოში წყდება, წარმატებებსაც აღწევენ. ჩვენ კი გვიკვირს, რატომ აქვთ მათ წარმატებები და რატომ არიან ჩვენზე წარმატებულები.

იგივეს თქმა გვინდა ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელზე. სოსო ჭედია, როგორც ფეხბურთელი, გამორჩეული იყო, მაგრამ მისი სამწვრთნელო მოღვაწეობის შესახებ საზოგადოებამ ნაკლებად იცის. სხვა მწვრთნელის, გინდ ნაკრების, ასისტენტობა რომ გადამწყვეტი არგუმენტი არ არის, შემდეგ თამაშებშიც გამოჩნდა - ახალგაზრდულიც იგივე დაულაგებელ და არაგუნდურ თამაშს აჩვენებს, როგორსაც პირველი ნაკრები. ჩვენი აზრით, უპრიანი იქნება ჩავაბაროთ მას რომელიმე საკლუბო გუნდი, სადაც კომპეტენციის და საკუთარი კონცეფციის წარმოჩენის საშუალება ექნება და წარმატების შემთხვევაში ჩავაბაროთ ნაკრები.

...ნოდარ ახალკაცზე დიდი მწვრთნელი ქართველებს ამ სფეროში არ გვყოლია, მაგრამ დადგა დრო, როდესაც მისი სამწვრთნელო იდეებიც მოძველდა, დროის დინებას სათანადოდ ვერ გაჰყვა. ჩვენში რომ ეს პროცესი არა დახურული, არამედ ღია ყოფილიყო თავისუფალი მსჯელობისთვის, დარწმუნებული ვართ იმ ჩავარდნას ავიცილებდით.

თენგიზ გაბიძაშვილი,
ფეხბურთის ქომაგი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ზესტაფონი უნდა იყოს ნაკრების საბაზო გუნდი
malxazi
11:12 25-12-2011
0
დვალი გამოიძახონ ნაკრებში. დვალიშვილი შეილება ისრაელში მაგრად თამაშობს, მაგრამ ნაკრებში არ მისდის თამაში, თან აშკარად.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული