- ოდო, მოგვიყევი, როგორ დაიწყე ფეხბურთის თამაში, როგორ ჩამოყალიბდი პროფესიონალ ფეხბურთელად?
- 6 წლის ვიყავი, როდესაც 35-ე სკოლაში დავიწყე თამაში. არაერთი მწვრთნელი მყავდა და მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო მათ. ამ სკოლის შემდეგ გადავედი სოსო ფროიძესთან, სამტრედიაში, მაშინ 16 წლის ვიყავი და სწორედ ამის შემდეგ ჩემი საფეხბურთო კარიერა აეწყო.
ამის შემდეგ კი უცხოეთში ვიყავი,
- უნგრეთში თამაშობდი და საინტერესოა შენი შეფასება უნგრეთის და საქართველოს ჩემპიონატების...
- ინფრასტრუქტურითა და ზოგადად პირობებით უნგრეთი ჩვენს ჩემპიონატს აღემატება, სამწუხაროდ ჩვენს ჩემპიონატში არის სტადიონები, რომელზეც თამაშის სურვილიც არ გაგიჩნდება, თუმცა ფეხბურთელების დონით არამგონია ჩვენზე მეტნი იყვნენ.
- საინტერესოა შენი შეფასება "დინამოში" არსებულ მოვლენებთან დაკავშირებით, აქტუალური იყო ალექს გარსიას დარჩენის არ დარჩენის საკითხი და პრინციპში ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდა ეს ამბავი, გარსია წლის ბოლომდე გუნდში იქნება და რა კომენტარს გააკეთებდი აღნიშნულთან დაკავშირებით.
- გუნდი შენების პროცესშია, 7 თვეა რაც გარსია "დინამოშია" და ბუნებრივია ამ დროში რთულია სასურველი თამაშის ჩვენება. ჩვენ წინ მთელი სეზონი გვაქვს და იმედია სასურველ შედეგს მივაღწეთ. გუნდში ერთსულოვნებაა და გარსიას დარჩენას ჩვენ მხარს ვუჭერდით, მწვრთნელს ვენდობით და ბრწყინვალე ატმოსფეროა "დინამოში".
- რას იტყვი ლეგიონერებთან დაკავშირებით, როგორ შეეწყვნენ ესპანელები გუნდს და ზოგადად საქართველოს?
- მინდა გითხრათ, რომ როგორც ქართველებს გვაქვს თბილი ურთიერთობა, ისევე ლეგიონერებთან გვაქვს ბრწყინვალე ურთიერთობა. ჩისკო მართლაც გამორჩეული ფეხბურთელია, მისი კლასი ნამდვილად ეტყობა გუნდს. ერთი სიტყვით ძალიან კარგი ბიჭები არიან და საკმაოდ კარგად შეეწყვნენ აქაურ გარემოს.
- რომელი მატჩი იყო გამორჩეული "დინამოში", ყველაზე მეტად რომელ მატჩს იხსენებ ყველაზე კარგად?
- მაშინ როდესაც ჩემპიონები გავხვდით, "ზესტაფონში" გადამწყვეტი მატჩი გვქონდა და სწორედ ის მატჩი იყო გამორჩეული.
- ყველაზე ცუდად რომელს გაიხსენებდი?
- "ზესტაფონთან" შეხვედრას, როდესაც 1:5 დავმარცხდით, რაც შეეხება ევროტურნირებზე, "აეკთან" შეხვედრას, სადაც სულ ცოტა დაგვაკლდა.
- ვინ მიგაჩნია მიმდინარე ჩემპიონატში კონკურენტად?
- ცხადია, "ზესტაფონი", თუმცა ასევე ყველა ის გუნდი რომელიც საუკეთესო რვა გუნდში მოსახვედრად იბრძვის.
- მიმდინარე სეზონი ფეხბურთის ფედერაციის "ინოვაციით" ტარდება, რა კომენტარს გააკეთებდი ჩემპიონატის ახალ სისტემაზე?
- მინდა ვთქვა, რომ ნამდვილად არ არის წარმატებული სისტემა, რეალურად დარჩენილი ოთხი გუნდი ვინც განწირულია მათთვის არანაირი სტიმული აღარ არსებობს, რომ ითამაშონ დარჩენილი მატჩები. აშკარად არ გაამართლა ახალმა სისტემამ.
- გარსიას ფორმაციის "დინამოში", მცველის პოზიციაზე გიწევს თამაში, როგორ ფიქრობ სად უფრო გრძნობ თავს კომფურტულად, დაცვაში თუ ნახევარდაცვაში?
- რა თქმა უნდა ნახევარდაცვაში, თუმცა მინდა ვთქვა, რომ დაცვა არ არის ჩემთვის უცხო, ვინაიდან აზერბაიჯანშიც მიწევდა ამ პოზიციაზე თამაში. თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, სადაც მწვრთნელი ისურვებს იმ პოზიციაზე მზად ვარ, რომ ვითამაშო.
- აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში შედარებით სუსტ გუნდებთან ნაკლებად მობილიზებულნი გადიხართ ხოლმე მინდორზე, რატომ?
- ალბათ ეს გამოწვეულია იქიდან, რომ ის სუსტი გუნდები ბოლო ოთხ ადგილებზე ნაწილდებიან.
- შენს ოჯახზე გვესაუბრე...
- მყავს ცოლი და ერთი შვილი, მე და ჩემი მეუღლე უკვე ოთხი წელია რაც ერთად ვართ, გოგონა კი 2 წლის გახლავთ.
- და ბოლოს, რას ეტყოდი "დინამოს" ოფიციალურ ფან-კლუბ "გლადიატორებს"?
- მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის, ისინი ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან და ყოველთვის ვგრძნობთ მათ მხარდაჭერას. ძალიან მიყვარს "გლადიატორები" და უდიდესი მადლობა მათ.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ის ფაქტიც, როდესაც "ზესტაფონთან" 1:5 ვაგებდით, ფან-კლუბი არ გაჩერებულა და ბოლომდე გვგულშემატკივრობდნენ.
gladiators.ge