"გლადიატორები" - არასახარბიელო აწმყო და იმედიანი მომავალი

AutoSharing Option
საქართველოში სულ რამდენიმე კლუბს ჰყავს ოფიციალურად დაარსებული ფან-კლუბი, მათ შორის გამორჩეული და ერთ-ერთი ძველი კი "დინამოსია".

ბოლო წლებია, ჩვენი ყველაზე ტიტულიანი კლუბის აქტივში მხოლოდ საქართველოს თასია, ამიტომაც საყვარელი გუნდის ამ ეული მონაგარით კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად ვერც გულშემატკივარი იქნება კმაყოფილი.

როგორ განიცდიან "დინამოს" წარუმატებლობას მისი ერთგული ქომაგები და როგორ უყურებენ მომავალს - ამის თაობაზე "გლადიატორების" ლიდერს, როლანდ გაფრინდაშვილს ვესაუბრეთ.

- "დინამოს" ოფიციალური ფანკლუბი ჯერ კიდევ 1988 წლის ოქტომბერში დაფუძნდა, "გლადიატორები" მოგვიანებით დაერქვა. დროსთან ერთად იცვლებოდა წევრების რაოდენობა და შემადგენლობა, ძველებიდან რამდენიმეღა
შემოვრჩით.

- რამდენი წევრი გყავთ ახლა?
- ბოლო დროს წევრთა რაოდენობამ აშკარად იმატა. ახლა დაახლოებით 150-200-მდე ვართ. გასვლით თამაშებზე გუნდს მინიმუმ 40-50 მიჰყვება. კლუბის მხარდაჭერას მუდამ ვგრძნობდით, რაც ძირითადად ტრანსპორტირებაში გამოიხატებოდა, თუმცა ყოფილა ისეთი პერიოდებიც, როცა "დინამოს" საგარეო თამაშებზე საკუთარი სახრებით დავდიოდით. იყო შემთხვევებიც, როცა ატრიბუტიკით გვამარაგებდნენ, თუმცა "გლადიატორების" მაისურები, ტრანსპარანტები და დროშების უმეტესობა თავად დავამზადეთ.

- "დინამოში" ახალი ხელმძღვანელობის მისვლის შემდეგ დაარსდა ახალი ფანკლუბი - "დინამიტები", რამაც, მსმენია, კონფლიქტიც გამოიწვია. ახლა როგორ არის საქმე, შერიგდით?
- ეს ახლო მომავალში გამოჩნდება, ახლა კი ამ თემაზე საუბრისგან თავს შევიკავებ.

- "დინამოს" ამჟამინდელ მდგომარეობაზე რას იტყვით?
- შეუძლებელია, იყო "დინამოს" გულშემატკივარი და არსებობდეს შედეგი, რომელიც დაგაკმაყოფილებს. თითოეული ფანი ყოველთვის მეტს ელის, თუმცა იმას, რომ ბოლო წლებში ტიტულები ვერ მოვიპოვეთ, თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები ჰქონდა.

- როგორ აპირებთ სტადიონზე მაყურებლის მოზიდვას?
- ზოგადად, გულშემატკივრის მოზიდვა კლუბსა და ფეხბურთელებზეა დამოკიდებული, ჩვენ კი ისეთი ფანკლუბი უნდა შევქმნათ, რომ სტადიონზე მოსულ ადამიანს ჩვენს რიგებში გაერთიანება მოუნდეს. საამისოდ არცთუ მცირე სამუშაო გავწიეთ. შევკერეთ მაისურები, ყოველ თამაშზე ორ-ორ მაისურს გამორჩეულ ფანებს ვჩუქნით.

დავამზადეთ ბანერები, დროშები, დავხვეწეთ შეძახილები, სიმღერები, "ელდრაინის" დახმარებით ჩავწერეთ "გლადიატორების" ჰიმნი. ვფიქრობ, "დინამო არენაზე" მოსულ გულშემატკივარს აუცილებლად გაუჩნდება ჩვენს რიგებში ყოფნის სურვილი. რაც მთავარია, თითოეული წევრი გრძნობს, რომ ეს არის ერთი დიდი ოჯახი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული