ბენდელას თასის ფინალი: სეუ VS თსუ

AutoSharing Option
მთავრდება "ბენდელას თასის" გათამაშება, რომელიც საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" მოედნებზე ტარდება.

გუშინ დასრულდა ბავშვთა ტურნირი, რომლის ფინალში "დინამოს აკადემია" "ჩემპიონს" შეხვდა. ლაშა კუკულავასა და გიგი გულედავას გოლებით დინამოელებმა 2:0 გაიმარჯვეს და მთავარ პრიზს დაეუფლნენ, გუნდის თავკაცი ვალერი გაგუა კი საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ მამის, რევაზ გაგუას კვალზე დამდგარი 31 წლის სპეციალისტისთვის ეს პირველი წარმატება არ იყო, მის გუნდებს ტიტულები აქამდეც მოუპოვებიათ.

"სეზონის დაწყებამდე "დინამოს აკადემიაში" შერჩევა გვქონდა და მართლაც გამორჩეული 16 ბავშვი დავიტოვეთ. მიხარია,
ეს საპატიო პრიზი რომ მოვიპოვეთ., ბიჭებმა ეს დაიმსახურეს და იმედია, შემდგომშიც არაერთ წარმატებას მიაღწევენ," - გვითხრა გაგუამ.

გუშინ ფინალისტები გამოვლინდნენ უფროსებში. სენსაცია იყო ერთ-ერთი ფავორიტის, ფუტსალელებით შემდგარი თსუ-ს მარცხი "ბასკისთან" - 1:3.

ზედიზედ მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს "სამედიცინო" და სეუ, რომელიც ამ ტურნირზე ძლიერი შემადგენლობით თამაშობდა - მეკარე რევაზ თევდორაძე, დავით ოდიკაძე, დავით თარგამაძე, სერგი ორბელაძე, გიორგი ნავალოვსკი, გიორგი ჩივაძე, გიორგი კახელიშვილი, ბაჩანა ცხადაძე, შოთა კუბლაშვილი, დავით გოგოლაძე.

მართალია, თარგამაძე უკრაინაში გაფრინდა, ცხადაძე კი აზერბაიჯანში თვის ფეხბურთელის პრიზის მისაღებად, მაგრამ ნახევარფინალში სეუ-მ არნემის "ვიტესის" ქართველები გურამ კაშია და გიორგი ჭანტურია დაიმატა.

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის დარად (5:3), სეუ-მ ამჯერადაც გაიმარჯვა - 1:0 (გოლი დავით ოდიკაძის ანგარიშზეა), ასე რომ, დღეს ფინალში სეუ თსუ-ს დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული