ჯონი ჯანელიძე: გვახსოვდეს ანდრო ჟორდანიას გზა, ვეძებოთ ნიჭი!

AutoSharing Option
ქართველ მწვრთნელთა ოფროსი თაობის წარმომადგენელი ჯონი ჯანელიძე დიდი ხანია, უმაღლესი ლიგის გუნდს აღარ წვრთნის, ამჟამად ბავშვებთან მუშაობს.

ბატონი ჯონი ბევრისმნახველი სპეციალისტია, ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს და უინტერესო არ უნდა იყოს ქართულ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებზე მისი მოსაზრებების გაცნობა.

- როგორ შეაფასებდით განვლილ წელს?
- საკმაოდ კრიტიკულად, სპეციალისტებსა და გულშემატკივრებს უკეთესის სურვილი გვაქვს, წარმატებები გვენატრება და ჩვენი კლუბებისა და ნაკრებების უფრო ღირსეულ გამოსვლებზე ვოცნებობთ.

- საქართველოს ნაკრებზე რას იტყოდით?
- ასაკოვანი ხალხი თბილისის "დინამოს" თამაშებზე გავიზარდეთ. ეს გუნდი წაგების შემთხვევაშიც კი მაყურებლის
პატივისცემას იმსახურებდა, ხალხი ტაშით აცილებდა, რადგან ბოლომდე იბრძოდა და, რაც მთავარია, წარმატებებით გვანებივრებდა.

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების წარმატება არ გვახსენდება, თავიდან იყო გამონათებები, მაგრამ მერე და მერე საქმე უკან წავიდა და ბოლო შესარჩევ ციკლში მეხუთე ადგილი დავიკავეთ. ითქვა, რომ გუნდის შენება დაიწყო და ეს წარმატებად შეფასდა. მაგრამ რა ხანია, გულშემატკივარი წარმატების მოლოდინშია და ნაკლებად აინტერესებს "სამშენებლო პროცესის" დეტალები.

- მწვრთნელები სანაკრებო მოთამაშეთა დეფიციტზე ლაპარაკობენ.
- ეს ჩვენი ფეხბურთის ტრაგედიაა, თაობები მოდიან და ვერ ვზრდით. რატომ არის ანდრო ჟორდანია ქართულ ფეხბურთში ყველაზე დიდი მწვრთნელი? იმიტომ, რომ სოფელ-სოფელ დადიოდა და ნიჭიერ ბავშვებს ეძებდა. მურთაზ ხურცილავა ბანძიდან ჩამოიყვანა, ყველა გაოცებული ვუყურებდით, ამან ფეხბურთი როგორ უნდა ითამაშოსო. არადა, მსოფლიო დონის ვარსკვლავი გაიზარდა.

ასეთი სელექცია და ადამიანები გვჭირდება, გულისხმიერები, მცოდნეები და ნიჭიერ ბავშვებს არ დავკარგავთ. ვინმემ იცის, რამდენი ოქროა მიწის ქვეშ? თუ ხელი არ გაანძრიე, მიწა არ გათხარე, მადანი არ მოიძიე და მერე არ დაამუშავე, ოქრო თავისით არ ჩაგივარდება ხელში. ასეა ნიჭიც, მას ძიება, თვალი უნდა, მერე კი გათლა-დამუშავება სჭირდება. ფეხბურთელის ნახვა თუ გინდა, ბევრი უნდა იარო და ეძებო.

- მართლაც უამრავი ნიჭიერი გვეკარგება. იმიტომ ხომ არა, რომ ასეთებს სიზარმაცე ახასიათებთ, მათ შენარჩუნებაზე ფიქრით კი თავს დიდად არ ვიწუხებთ?
- სამწუხაროდ, ქართველი ფეხბურთელების დიდი ნაწილს მართლაც ახასიათებს სიზარმაცე. მაგრამ ეს უნდა გაითვალისწინოს მწვრთნელმა, თანაც ნიჭიერი უმალ ვერ იხსნება, დრო და გასაღების მორგება სჭირდება. ბევრი ფეხბურთელის გახსენება შეიძლება, რომლებიც უცხოეთში წასულან და მერე სხვა თვალით შეგვიხედავს მათთვის, რა ნიჭიერები ყოფილანო. ჩვენში ფეხბურთელის დიდ გუნდამდე მიყვანა, მისი გახსნა და დაოსტატება უდიდესი პრობლემაა. ალბათ, იმიტომაც, რომ დღემდე მოძველებული რუსულ-საბჭოური მეთოდებით ვხელმძღვანელობთ.

- ძველი სკოლიდან რა იყო კარგი და რა - ცუდი?
- უდავოდ კარგი იყო წვრთნისა და მოსამზადებელი ციკლის დაგეგმარება. მინდოდა თუ არა, ვალდებული ვიყავი, ვარჯიშების გარკვეული რაოდენობა ჩამეტარებინა. პირველი სამი ეროვნული ჩემპიონატი მაღალ დონეზე იმიტომ ჩატარდა, რომ ინერციით მოვდიოდით - ფიზიკური მომზადება, გამძლეობა და კლასი ბევრ გუნდსა და ფეხბურთელს ჰქონდა. მაგრამ ჩვენი ფეხბურთის დამოუკიდებლად მართვა და კლუბების სწორ გზაზე დაყენება ვერ მოვახერხეთ, რუსული მეთოდიც მოძველდა, ახალ და უფრო პროგრესულზე გადასვლა კი გაგვიჭირდა.

- თქვენი თაობის მწვრთნელებზე მოთხოვნა შემცირდა, რაზეც რევაზ ძოძუაშვილი ხშირად ლაპარაკობს.
- ჩვენს თავს ვერავის დავაძალებთ, პრეზიდენტებს ახლებურად მოაზროვნე მწვრთნელები სჭირდებათ. შესაძლოა, უფრო მორჩილებიც, მაგრამ ჩვენი თაობა რომ ძალიან ჩამორჩა, ამასაც ვერ გავექცევით. წამყვანი ქვეყნების გამოცდილებას დროულად რომ გაეცნო, აუცილებლად უნდა იცოდე უცხო ენა, ინტერნეტი, ცხოვრება წინ წავიდა და ფეხი უნდა აუწყო.

- ძალიან თვითკრიტიკული ბრძანდებით.
- საკუთარ თავს ხომ არ მოვატყუებ.

- ეროვნულ ჩემპიონატზე რას ფიქრობთ?
- ბოლო ათი წელია, დონე საკმაოდ დაეცა, სამწუხაროდ, არც თამაშების გაყიდვა იყო იშვიათი ამბავი, რამაც ჩემპიონატისადმი ინტერესი უფრო შეამცირა.

- თამაშების ყიდვა-გაყიდვა არახალი ამბავია, ეს თქვენს დროსაც იყო.
- ეს ამბავი ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენს დროს კი არა, რაც ფეხბურთი არსებობს, მას შემდეგ ებრძვიან, მაგრამ... ადრე გარკვეული ზღვარი მაინც არსებობდა. მახსოვს, ერთხელ სტეფანაკერტის გუნდი ფოთში "კოლხეთს" გვესტუმრა. ძალიან უჭირდათ და თამაში დავუთმეთ, კარგად გვაქეიფეს, მაგრამ ფულის აღება არ ვიკადრეთ, ეს უდიდეს სირცხვილად მიიჩნეოდა. სამაგიეროდ, მეორე წელს მათ დაგვითმეს.

- სპორტულ პრინციპებს ხომ ესეც ეწინააღმდეგებოდა?
- ეს უფრო, იცით, რა იყო? მეგობრობა და ადამიანური ურთიერთობები, ანგარება და ყველაფრის ფასად ფულის შოვნის სურვილი ნაკლებად იყო. დიახ, ბევრი ცუდი რამ ხდებოდა, მაგრამ მსოფლიო ფეხბურთში დღეს რომ სიბინძურეა, წარმოდგენის ზღვარს სცილდება. ტოტალიზატორი ფეხბურთში ისეა შეჭრილი, რომ შეიძლება, მალე ფსონი მწვრთნელის გადაფურთხებაზეც დადონ.

- ქართულ ფეხბურთში მდგომარეობის გამოსასწორებლად რა არის საჭირო?
- ბევრი რამ, მე სამაგალითოდ მხოლოდ ერთზე შევჩერდები: აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეს სტუდენტური ლიგა. მახსოვს, სასოფლოში ისეთი ძლიერი გუნდი გვყავდა, კახი ასათიანიც თამაშობდა და მოსამზადებელ ეტაპზე ერევნის "არარატი" 5:0 დავამარცხეთ.

- სტუდენტური ლიგა უკვე ჩამოყალიბდა.
- ვიცი და ამ იდეას მხარს ვუჭერ, მაგრამ გუნდები ერთმანეთს მინი-ფეხბურთში ეჯიბრებიან, რაც გამოსავალი არ არის. საჭიროა კლასიკური ფეხბურთის გუნდების ჩამოყალიბება, სადაც 17-დან 21 წლამდე ახალგაზრდები ითამაშებენ,. სეზონის ბოლოს უნდა შედგეს ლიგის ნაკრები, რომელიც ახალგაზრდულ ან 19-წლამდელთა ნაკრებს შეხვდება, მწვრთნელებს სელექციის საშუალება მიეცემათ, ფეხბურთელებს კი სტიმული გაუჩნდებათ. ჩრდილში მოქცეული მოთამაშეები ხომ უმთავრესად სწორედ სტუდენტობის პერიოდში იკარგებიან, სტუდენტურ კლუბებში კი გამოცდილებას შეიძენენ და ჩვენს კლუბებსა და ქართულ ფეხბურთს ბუნებრივად შეუერთდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული