გია გეგუჩაძე: მალხაზ ასათიანი საქართველოში თუ ითამაშებს, მხოლოდ "ტორპედოში"

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოში" გია გეგუჩაძის მოსვლიდან, ახალი წლის პირველ დღეს 3 თვე შესრულდება. გუნდმა ამ ხნის განმავლობაში 14 ოფიციალური მატჩი ითამაშა, რომელთაგან 9 მოიგო (ყველა ჩემპიონატზე), 3 ფრედ დაასრულა და 2 წააგო.

დასანანი იყო თასის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრაში "ზესტაფონთან" მარცხი, როცა მეტოქემ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეძლო გარდატეხის შეტანა და "ტორპედოს" გათამაშებიდან გამოთიშვა.

ამ წარუმატებლობის შემდეგ გუნდი მთლიანად ჩემპიონატზე გადაერთო, სადაც თუ ძირითად ცხრილში მის მდგომარეობას შევხედავთ, ურიგოდ არ გამოდის.

ჩემპიონატის განვლილი ეტაპის და წლის შედეგების შესაფასებლად ქუთაისის "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელს
გია გეგუჩაძეს ვესაუბრეთ.

- ბატონო გია, 2011 წელს ნებისმიერი ქართველი მწვრთნელისთვის სანუკვარი ოცნება აიხდინეთ - თქვენი გაწვრთნილი "ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონი გახდა.
- გეთანხმებით, რომ ძალიან სასიამოვნო იყო უშუალოდ ჩემპიონობა და საერთოდ, იქ გატარებული მთელი პერიოდი დღესაც საკმაოდ ტკბილად მახსენდება. იმ მხრივ, რომ ჩემპიონის ტიტული მოვიგეთ, კმაყოფილი ვარ. თუმცა, მერე ვეღარ ჰპოვა ამან წარმატებული გაგრძელება, რაც იმაში გამოიხატა, რომ როცა ძალიან ახლოს ვიყავით ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლასთან მაინც, საკმაოდ დასანან სიტუაციაში ვერ გადავლახეთ ავსტრიული "შტურმის" ბარიერი.

- ოქტომბრიდან მოხვედით ახალ გუნდში, სადაც ყველაფერი თავიდან არ დაგიწყიათ, მაგრამ როგორც უკვე გამოჩნდა, ახალი გუნდის შენებას საფუძველი ახლა ეყრება.
- გუნდი, რომელიც მე ჩავიბარე, საკმაოდ კარგად იყო მომზადებული, რისთვისაც ჩემს ყველა წინამორბედს ვუხდი მადლობას. თუმცა, მწვრთნელი ყოველთვის ცდილობს, რომ გუნდი თავის ყაიდაზე გადააწყოს. ამდენად, რა გასაკვირია, თუ გარკვეული პროცესები უკვე მიმდინარეობს.

- თუ ჩავთვლით, ძირითადი შემადგენლობის 4 ფეხბურთელის დათხოვას, გადაწყობის პროცესი აქტიურადაა დაწყებული.
- პირველ რიგში, მინდა წასულ ფეხბურთელებს მადლობა ვუთხრა. მათ საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარეს ჩემპიონატის პირველი ნაწილი და გარკვეულწილად მათი დამსახურებაა, რომ გუნდი ცხრილში ამჟამად მე-2 ადგილზე იმყოფება.

თუმცა, მე ვფიქრობ გუნდს ახალი სისხლი, მეტი გაახალგაზრდავება სჭირდება. ის, რომ ჩვენგან წასულები ჩვენს ახალ კონცეფციაში ვერ მოხვდნენ, იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მათ ფეხბურთის თამაში არ შეუძლიათ.

ახლა სხვა ფეხბურთელების შერჩევაზე ვართ გადასულები და სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს ჩვენთან.

- თუ იმას გავითვალისწინებთ, რას ელის გულშემატკივარი "ტორპედოსაგან", წასულების სრულფასოვანი ცვლილების მოსაძებნად, დრო არც ისე დიდია.
- ჩვენ ფეხი ისეთ პროცესში შევდგით, რომელიც ერთ, თუნდაც ორ თვეში დამთავრებულად ვერ ჩაითვლება. ეს გუნდის შენების პროცესია, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივია. გასაგებია, რომ ყველას გვინდა ეს ყველაფერი მალე დამთავრდეს - თუნდაც შეთამაშება, თუნდაც ფეხბურთელების გონებამდე იმის მიტანა, თუ რა სახის თამაში გვინდა ვაჩვენოთ გულშემატკივარს, მაგრამ ამისთვის დროა საჭირო.

- ამის ნათელი მაგალითი იყო თქვენს კარიერაში "ზესტაფონი", რომელსაც თქვენი იქ მისვლის პირველსავე დღიდან არ დაუწყია ის თამაში, რასაც ჩემპიონად გახდომისას უჩვენებდა.
- არ ვიცი, ვინ რა თვალით უყურებდა "ზესტაფონის" თამაშს ჩემი ხელმძღვანელობისას. თუმცა ფაქტია, ჩემი გემოვნებით შერჩეული ფეხბურთელები საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებდნენ და შედეგსაც ვიღებდით. შეტევისკენ მომართული კრეატიული თამაში - ეს იყო ჩვენი სტილი და ვთვლი, რომ ეს გუნდი ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებს საქართველოში და დამსახურებულადაცაა პირველ ადგილზე.

- ვიცით "ტორპედოდან" წასულები და მათ ნაცვლად მოსულთა ვინაობა. გულშემატკივარს უნდა შემცვლელები წასულებზე მაღალი დონის იყვნენ. ამ მხრივ თუ მუშაობს კლუბის სელექცია და უნდა ველოდოთ თუ არა უფრო ხმაურიან ტრანსფერს?
- თქვენ იცით, რომ გუნდმა დაიმატა ჯანელიძე, ფირცხალავა, რიგვავა და ლემონჯავა. კიდევ რამდენიმე ფეხბურთელთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და როცა საქმე კონტრაქტზე ხელის მოწერაზე მივა, საზოგადოება ყველაფერს მაშინ გაიგებს.

- ქუთაისელი გულშემატკივარი მალხაზ ასათიანის "ტორპედოში" მოყვანას ითხოვს. ცნობილი გახდა ისიც, რომ მათმა ნაწილმა ფეხბურთელისაგან იმის სიტყვაც დაიბევა, რომ თუ იგი საქართველოში ითამაშებს ფეხბურთს, ეს მხოლოდ "ტორპედოს" მაისურით მოხდება.
- თუ მალხაზ ასათიანის დონის ფეხბურთელი ქუთაისის "ტორპედოში ითამაშებს, მე მხოლოდ მოხარული ვიქნები. მეც მსმენია იმის შესახებ, რომ გულშემატკივრებიც ითხოვენ მის ჩვენთან მოსვლას და მეც მათ მხარეს ვარ. თავად ფეხბურთელის გადასაწყვეტია, როგორ არჩევანს გააკეთებს იგი.

პირადად მე არ მისაუბრია, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ დაილაპარაკა მალხაზთან და ასე შეთანხმდნენ - თუ ფეხბურთელს სხვა უცხოურ გუნდთან არ მოუწია კონტრაქტზე ხელის მოწერა, მაშინ იგი ქუთაისის "ტორპედოში" აღმოჩნდება.

- თავდაპირველად თქვენი მიზანი "ტორპედოს" საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრა იყო, მაგრამ არა გვგონია ამას დასჯერდეთ. ალბათ მინიმუმ ევროტურნირზე მოსახვედრად იბრძოლებთ. როგორი შანსი აქვს შენების პროცესში მყოფ "ტორპედოს" მომავალ ზაფხულში საკლუბო ტურნირზე ითამაშოს?
- ჩვენ არ გვეწყინება, ასე თუ მოხდება და მივესალმებით "ტორპედოს" ევროპაზე მოხვედრას. თუმცა, ჩვენი ახლანდელი პრიორიტეტი გუნდის ჩამოყალიბებაა. ლოგიკურია, ცვლილებები, რომლებიც ჩვენთან ხდება, შედეგზეც აისახება. ბუნებრივია, ფეხბურთელებს შეთამაშება სჭირდებათ და საერთოდ, იმ თამაშის მიგნებაა საჭირო, რაც ჩვენ გვსურს გუნდმა ითამაშოს.

იმისათვის, რომ "ტორპედო" მუდმივად იღებდეს მონაწილეობას ევროპულ გათამაშებებში, უმთავრესია გუნდი ჩამოვაყალიბოთ. პროცესი დაწყებულია და გვინდა, გულშემატკივარი გაგებით მოეკიდოს ჩვენს მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს.

- ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპისთვის მზადების ბოლო ეტაპს გუნდი თურქეთში გაივლის. თუ არის ცნობილი სპარინგ-მეტოქეთა ვინაობა?
- ჯერ ვიცით 2 გუნდის ვინაობა, ვისაც იქ უნდა შევხვდეთ. ესენია სიმფეროპოლის "ტავრია" და ოსტრავას "ბანიკი". დანარჩენი 2 მეტოქის დადგენაზე ამ ეტაპზეც მიმდინარეობს მოლაპარაკებები. თუმცა არაა გამორიცხული, ადგილზე ყოფნისას კიდევ ერთი თამაში დავამატოთ.

- ეს მატჩები რაიმე ტურნირის ფარგლებშია, თუ ცალკე აღებულ საერთაშორისო შეხვედრად უნდა განვიხილოთ?
- შეკრების ორგანიზატორთა მხრიდან, იყო ერთ-ერთ საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის შემოთავაზება, მაგრამ გუნდები არ იყო იმ დონის, რაც ჩვენ გვინდოდა.

- ტრადიციულად, წლის ბოლოს საინფორმაციო საშუალებები სიმბოლურ შემადგენლობებს ასახელებენ, ტარდება გამოკითხვები. გაზეთ "ლელოს" სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ ომარ მიგინეიშვილი და დავით გამეზარდაშვილი, ჩვენი კიპერი "მსოფლიო სპორტის" მიერ დასახელებულ 22 რჩეულშიც დასახელდა. რა შეფასებას მისცემთ ჟურნალისტთა არჩევანს?
- იცით, კონკრეტულად იმ გუნდიდან, სადაც ვმუშაობ, რომელიმე ფეხბურთელის გამორჩევის მომხრე არ ვარ. ამდენად ამ საკითხს სხვას მივანდობ. ის, რომ მიგინეიშვილმა საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა ჩემპიონატის პირველი ნაწილი, უდავოა.

- შეიძლება ითქვას, რომ "ტორპედოს" მეკარის პრობლემა არ აქვს.
- გეთანხმებით. ჩვენ ქვილითაიასთანაც გავაგრძელეთ კონტრაქტი. სავსებით მისაღებია გუნდში ორი ძლიერი მეკარის ყოლა. ეს, ბუნებრივია ზრდის კონკურენციას და ამ ეტაპზე ორივეს იმედი გვაქვს.

- მაშინ რომელი სათამაშო რგოლის გაძლიერებაზე უფრო იზრუნებთ ზამთრის შესვენებაზე?
- ჩვენ ყველა რგოლში გვჭირდება ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებიც ძლიერ ფეხბურთელებად ჩამოყალიბდებიან და თავის სიტყვას იტყვიან როგორც ეროვნულ ჩემპიონატში, ისე ევროპაში.

- თუ იმას შევხედავთ, რომ გუნდს ჩემპიონატში ყველაზე ცოტა გოლი აქვს გაშვებული, ალბათ დაცვა ერთ-ერთი ნაკლებად პრობლემური რგოლია.
- მე სხვაგვარად გიპასუხებთ. ჩვენ, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში, გუნდური პრინციპით ვმოქმედებთ. აბსოლუტურად ყველა დაცვის ფეხბურთელი მოვალეა, იფიქროს, როგორ შექმნას მომენტი შეტევაში; ასევე თავდამსხმელების საზრუნავია, რომ იმუშაონ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე.

- რით შეუძლია "ტორპედოს" 2012-ში გულშემატკივრის და სპეციალისტების გაკვირვება?
- ასე ვიტყოდი, გულშემატკივარი აღივსოს მოთმინებით, რადგან ახლა გუნდში თუ რამ კეთდება, მხოლოდ საერთო საქმისთვის სასიკეთოდ მიმდინარეობს. გუნდმა შეიძლება წააგოს, თამაშის ხარისხიც არ იყოს მისაღები, მაგრამ ჩვენ ვაშენებთ და ასეთი რამ გარდაუვალი იქნება საიმისოდ, რათა მომავალში ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა გავხდეთ - ლამაზი ფეხბურთიც ვითამაშოთ და შედეგებიც დადებითი გვქონდეს.

ჩვენ ამბიციის ნაკლებობას არ განვიცდით. ამბიციურები რომ ვართ, იმიტომ გვინდა ძლიერ გუნდს ჩავუყაროთ საფუძველი. გუნდში ცვლილებების განხორციელება და იმავდროულად შედეგის მიღწევა, საკმაოდ რთული იქნება. თუ ამას შევძლებთ, ვთვლი, რომ უნდა გაგიკვირდეთ და ყველამ ერთად გავიხაროთ.

fctorpedo.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
ხოოოო! ასათიანის დონის ფეხბურთელები (რამოდენიმე) თუ გამოჩნდა საქ. ჩემპიონატში, ხალხი მოვა სტადიონებზე(თბილისშიც)
shaliko
21:04 30-12-2011
0
ძალიან დიდ პატივს გცემ ბატონო გია,მართლაც კარგი გუნდი ჩამოაკალიბე ზესტაფონის სახით,აბა შენ იცი წარმატებებს გისურვებ ტორბედოსთან ერთად,მე პირადად ვჯერა რომ შენ შეძლებ და სანუკვარ ოცნებას აუსღულებ ნამდვილ გულშემატკივარს და ჩემპოინთა ლიგაში მოხვდები ტორბედოსთან ერთად,ასათიანი კი ამისთვის აუცილებლად გვჩირდება იქნებ კიდევ დაელაპარაკოთ და დროზე მოირგოს ფორმა ის ეხლა ნაკრებსაც ჭირდება,წარმატებას გისურვებ
vasiko basiladze
14:59 30-12-2011
0

სიახლეები პოპულარული