კოკა სეფიაშვილი "დინამოში"?

AutoSharing Option
ახალ წელი ახალი დამდგარია, ხალხი ჯერაც ნაბახუსევია, მაგრამ საფეხბურთო ცხოვრება ჩვეულად გრძელდება.

შევიტყვეთ პირველი შესაძლო ტრანსფერების შესახებ: "გაგრაში" დაგვიდასტურეს, რომ კლუბი, ფაქტობრივად, თანახმაა, მეკარე კოკა სეფიაშვილი თბილისის "დინამოში" გაუშვას.

საქართველოს ნაკრების 26 წლის კანდიდატმა "გაგრაში" ჩინებული სეზონი ჩაატარა, თასის ფინალში მშვენიერი თამაშით კი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.
თბილისური კლუბი მისით სწორედ მაშინ დაინტერესდა, ზაფხულში კლუბებს შორის მოლაპარაკებაც მიმდინარეობდა, თუმცა მაშინ "გაგრამ" მეკარის გაშვება არ ისურვა.

მიზეზი? სეფიაშვილის სრულფასოვანი შემცვლელი არ ეგულებოდათ, ასე კი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული გუნდი დიდი რისკის
ქვეშ დგებოდა.

ახლა "გაგრაში" ნიჭიერი ახალგაზრდა მეკარე გიორგი ბეგაშვილი გამოჩნდა, რომელმაც უმაღლეს ლიგაში და ეროვნულ თასზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. კოკას კი წასვლა სურდა და კლუბთან წინასწარ შეთანხმებას უკვე მიაღწია - "გაგრა" მის ტრანსფერზე ყაბულსაა, თუმცა თავად ეს ტრანსფერი ჯერ არ გაფორმებულა - კლუბები გარკვეულ დეტალებს კიდევ აზუსტებენ.

მართალია, "გაგრამ" "ზესტაფონში" გაუშვა ნახევარმცველი ლევან შარიქაძე და თავდამსხმელი ოვონიკოკო, მაგრამ სანაცვლოც მიიღო - "გაგრაში" ზესტაფონელთა ნახევარმცველი ნოდარ კიკნაველიძე და თავდამსხმელი მიხეილ სარდალიშვილი ითამაშებენ.

წინასწარი შეთანხმებით, ისინი ახალ კლუბში იჯარით მინიმუმ მაისამდე ითამაშებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული