თბილისის "დინამო" - ნდობა და რეპუტაცია

AutoSharing Option
ნაადრევი დასკვნისაგან ყოველთვის თავის შეკავება სჯობს, მაგრამ ვერც რეალობას გავექცევით: ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი კლუბმა, შესაძლოა, ზედიზედ მეოთხე სეზონი დაამთავროს ოქროს მედლების გარეშე!

ასეთი რამ კი საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში არასდროს მომხდარა, ისე როგორც ის ფაქტი, თბილისის "დინამოს" სეზონი პირველ სამეულს მიღმა რომ დაემთავრებინოს. თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ "დინამო" თასისათვის ბრძოლას ერთობ ნაადრევ ეტაპზე (მერვედფინალში) გამოეთიშა, რეალური საშიშროებაა, გუნდი ევროტურნირების საგზურის გარეშეც დარჩეს!

თუმცა, გულახდილად ვაღიაროთ, რომ მოვლენების მსგავსი განვითარებისა ნაკლებად გვჯერა; მით უფრო, რომ "დინამოს" სამწვრთნელო შტაბს სატურნირო მდგომარეობის გამოსასწორებლად
დროც აქვს და, რაც მთავარია, კლუბის მეპატრონისგან ნდობის მანდატიც; ამ უკანასკნელ ფაქტორზე კი შემთხვევით არ ვამახვილებთ ყურადღებას: ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასკვნითი მატჩის დამთავრებისთანავე "დინამოს" მთავარი მწვრთნელის, ესპანელი სპეციალისტის ალექს გარსიას თანამემამულე თანაშემწეებთან და ფეხბურთელებთან ერთად სამშობლოში გამგზავრებას ხომ უამრავი მითქმა-მოთქმა მოჰყვა.

უფრო ზუსტად, ძალიან მალე ორად-ორი ვერსიაღა იყო დარჩენილი: 1) გარსია სამშობლოში არდადეგებზე იმყოფებოდა (კლუბის ოფიციალური ვერსია); 2) გარსიას გათავისუფლება ფაქტობრივად გადაწყვეტილი ამბავი იყო და სერიოზული სჯა-ბაასი მიმდინარეობდა მის შემცვლელზეც (კულუარულ-არაოფიციალური ვერსია). ამ შემთხვევაშიც გულახდილად რომ ვთქვათ, ბევრად უფრო სარწმუნო მეორე ვერსია იყო: ბოლოს, და ბოლოს, დანამდვილებით ვიცით, რომ "დინამოს" ხელმძღვანელობას გარსიას სავარაუდო შემცვლელთან (ქართველ სპეციალისტთან) შეხვედრა-საუბარიც ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი უცვლელი დარჩა. ანუ, გარსიას კონტრაქტის ამოწურვამდე (უფრო ზუსტად, ამ სეზონის ბოლომდე) მეტ-ნაკლებად მშვიდ გარემოში მოუწევს მუშაობა, რაც, ნამდვილად არ იქნება მეორეხარისხოვანი ფაქტორი.

რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე ნაჩვენები არადამაჯერებელი და მთლიანობაში, ალბათ, მაინც წარუმატებელი ასპარეზობისთვის პასუხისმგებლობა მთავარ მწვრთნელს უნდა დაეკისროს. მაგრამ, ისიც უნდა ითქვას, რომ ყველაფრის გარსიაზე გადაბრალებაც უსამართლობა იქნებოდა: თანამემამულე ფეხბურთელების ჩამოყვანას თუ არ ჩავთვლით, ესპანელ სპეციალისტს ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "დინამო" თავისი "გემოვნებით" ნამდვილად არ დაუკომპლექტებია! ანუ, ვინც დაახვედრეს ("ძველებიც" და ახლებიც), სწორედ იმათთან მოუწია ჯერ "გაცნობამ" და მერე - ურთიერთობამ; ამას გარდა, არც ის იყო უმნიშვნელო ფაქტორი, როცა, ფაქტობრივად, მთელი ნოემბერ-დეკემბრის განმავლობაში, გარსიას უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ უწევდა მუშაობა.

და მაინც: საქართველოს თასის მერვედფინალიდან გამოვარდნა და ჩემპიონატის "ვირტუალურ" ცხრილში პირველ ადგილთან სოლიდური ჩამორჩენა მხოლოდ და მხოლოდ წარუმატებლობად უნდა შეფასდეს.

იმედიანი ზაფხული და...
ახალი სეზონის დაწყების წინ ჩემპიონატში მონაწილე თითოეული გუნდის შანსებს რომ ვაფასებდით, გათამაშების უპირველესი ფავორიტის სტატუსი "დინამოს" მივაკუთვნეთ. თანაც, ამ შემთხვევაში მხოლოდ "ძველი დამსახურებითა" თუ ტიტულების სიმრავლით კი არა, იმდროინდელი რეალობიდან გამომდინარე ვხელმძღვანელობდით.

შეგახსენებთ, ზაფხულის დასაწყისში თბილისის "დინამოში" სერიოზული საკადრო ცვლილებები მოხდა: გუნდის მთავარ მწვრთნელად ესპანელი სპეციალისტი ალექს გარსია დაინიშნა, ვინც საქართველოში "ხელცარიელი" არ ჩამოსულა: თანამემამულე თანაშემწეებთან ერთად ოთხი ესპანელი ფეხბურთელიც ჩამოიყვანა! თბილისის "დინამოში" ესპანური "დესანტის" გამოჩენა ერთობ "ხმაურიანი" საფეხბურთო მოვლენა იყო: ბოლოს და ბოლოს, ჩვენთან ხომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ("ბარსელონა") სტრუქტურაში მომუშავე მწვრთნელი ჩამოვიდა.

ახალმა მწვრთნელმა "დინამოს" თამაშში ბევრი სიახლე შეიტანა, უპირველეს ყოვლისა კი, გუნდის ტაქტიკური სქემა შეცვალა - "ბარსელონას" მსგავსად, საქართველოს ყველაზე ტიტულიანი გუნდიც ყველა მატჩში 4-3-3 განლაგებით თამაშობდა.

გარსიას, ფაქტობრივად, ერთი თვე ჰქონდა ახალ გუნდთან გასაცნობად - სლოვენიაში "დინამომ" ნაყოფიერი შეკრება გაიარა და ამასობაში ევროტურნირებიც დაიწყო! ვინც რა უნდა თქვას და მეტოქეთა სისუსტეზეც მიგვანიშნოს", ევროტურნირებზე "დინამოს" ასპარეზობა მართლაც წარმატებული იყო; უფრო ზუსტად, სასიამოვნო მოულოდნელობასთან გვქონდა საქმე: "დინამოს" ხომ მცირედი დააკლდა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რომ მოხვედრილიყო;

რა თქმა უნდა, ყველას გვსიამოვნებდა ის ფაქტი, "დინამო" უპრობლემოდ რომ ამარცხებდა მოლდოვურ "მილსამის", უელსურ "ლანელისა" თუ ისლანდიურ "რეიკიავიკს", თუმცა გამორჩეულად აღსანიშნავი მაინც "დინამოს" სუპერშედეგიანი თამაში იყო: ევროპის ლიგის პლეი-ოფამდე გუნდმა 6 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 17 ბურთი გაიტანა!

აი, ასეთი წარმატებული "ევროზაფხულის" მერე კი "დინამოს" ქომაგებს სავსებით საფუძვლიანი ოპტიმისტური განწყობა ჰქონდათ და არა მხოლოდ მათ: გათამაშების უპირველეს ფავორიტად სწორედ ალექს გარსიას გუნდს მივიჩნევდით.

იმედგაცრუება
"აკრეფილი ტემპი" ჩემპიონატის პირველ თვეშიც გაგრძელდა, მაგრამ წაუგებელი ასპარეზობის მიუხედავად, დინამოელთა თამაშში ის "სიმსუბუქე" აღარ იგრძნობოდა, გუნდს ევროტურნირებზე რომ ჰქონდა. ისიც გამოჩნდა, რომ სეზონის დაწყებამდე გუნდის დაკომპლექტებაში გარკვეული შეცდომები იყო დაშვებული. ოღონდ, ამ შემთხვევაში ალექს გარსია არაფერ შუაშია - რა კონტიგენტიც დახვდა, სწორედ იმათთან მოუწია ესპანელ სპეციალისტს მუშაობა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, საწყისი 5 ტური "დინამო" წაუგებლად ასპარეზობდა, იქამდე, ვიდრე ქუთაისში არ დამარცხდებოდა. აი, ამის შემდეგ კი "დინამოს" არასტაბილურობა დასჩემდა: პირველი ეტაპის ბოლომდე მხოლოდ ორჯერ მოხდა, როცა გუნდმა "გადაბმულად" ორი მატჩის მოგება შეძლო. თუმცა, ყველაზე ნეგატიური მოვლენა, რაღა თქმა უნდა, კონკურენტებთან ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები უარყოფითი შედეგი იყო: "ზესტაფონთან", "ტორპედოსთან" და "მეტალურგთან" ჩატარებული ხუთი შეხვედრიდან "დინამომ" მხოლოდ ერთი მოიგო!

ამას სხვა წაგებებიც დაემატა ("ბაიასთან", "მერანთან") და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ჩემპიონატის ამ ეტაპის შემდეგ "დინამო" 12 ქულით ჩამორჩება პირველ ადგილზე მყოფ "ზესტაფონს". ამ შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა, ეგრეთწოდებულ ვირტუალურ ცხრილს ვგულისხმობთ, სადაც დღესდღეობით "დინამო"  მეხუთე ადგილზეა!

არანაკლები კი არა, ბევრად უფრო მეტი იმედგაცრუება ელოდათ "დინამოს" ქომაგებს საქართველოს თასზე - ამ გათამაშების რეკორდსმენი გუნდი ასპარეზობას მერვედფინალში გამოეთიშა, როცა გორის "დილას" ბარიერი ვერ გადალახა (0:0, 2:2). ასეთ არადამაჯერებელ და ჩემპიონატის ფავორიტისათვის "შეუფერებელ" ასპარეზობას ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზიც ჰქონდა; ზოგს მიაჩნდა, რომ გუნდის ესპანელ მწვრთნელსა და მის თანამემამულე ფეხბურთელებს საქართველოს ჩემპიონატში სრული ადაპტაციისათვის გარკვეული დრო სჭირდებოდათ; ნურც ის ფაქტი დაგვავიწყდება, რომ წამყვანი ფეხბურთელების ტრავმების გამო "დინამომ" რამდენიმე მატჩი აშკარად არაოპტიმალური შემადგენლობით ჩაატარა; უამრავი კითხვა ჩნდებოდა საერთოდაც, საკადრო საკითხებში: ზოგის აზრით, ყველა მეტოქესთან (თანაც, ნებისმიერ მოედანზე) ერთი და იგივე ტაქტიკური სქემით (4-3-3) ასპარეზობა "დინამოს" თამაშს ადვილად "გამოსაცნობს" ხდიდა;

ქომაგთა არცთუ მცირე ნაწილი აშკარად უფრო მეტს მოელოდნენ გუნდის ესპანელი ლეგიონერებისაგან (თუმცა, ყველაზე არ ითქმის); ზოგს ის უკვირდა, თუ რატომ ვერ ხვდებოდნენ ძირითად შემადგენლობაში ფეხბურთელთა გარკვეული ჯგუფი და ასე შემდეგ. ამას გარდა, იყო ერთი-ორი მატჩიც, სადაც არბიტრებმა, რბილად რომ ვთქვათ, ისეთი შეცდომები დაუშვეს, "დინამოს" ქულ(ებ)ის დაკარგვად რომ დაუჯდა;

თუმცა, რაც უნდა ობიექტურ-სუბიექტურ მიზეზებზე ვისაუბროთ, ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ჩატარებული 18 მატჩში 5 წაგება მაინც ბევრი გვეჩვენება, ისე როგორც პირველ ადგილთან არსებული 12-ქულიანი ჩამორჩენა. ამას გარდა, არც ის მიგვაჩნია უმნიშვნელო ფაქტად, რომ საჩემპიონო ამბიციის მქონე გუნდმა პირველ ეტაპზე მხოლოდ ერთადერთხელ ითამაშა შთამბეჭდავად: 20 ნოემბერს "ტორპედოსთან" საშინაო მატჩში. თუმცა, ამ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "დინამოში" სერიოზული საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი და გუნდის ესპანელ მწვრთნელსაც ახალი და კვალიფიციური ფეხბურთელების დამატებით საკუთარი სამწვრთნელო რეპუტაციის "გამოსწორების" მშვენიერი შანსიც ეძლევა.

მეკარეები
წინა სეზონში "დინამომ" საკუთარ კარში 22 ბურთი მიიღო, იმდენივე, რამდენიც ამ ჩემპიონატის პირველ ეტაპზე! არადა, სეზონის დაწყებამდე მოვლენების ასეთ განვითარებას ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა - პირიქით, გუნდში უძლიერესად ხომ სწორედ ეს რგოლი მიგვაჩნდა.

არ გვინდა ვინმემ ისე გაიგოს, თითქოსდა "დინამოს" წარუმატებელი თამაშის ერთ-ერთი მიზეზი მეკარეთა შეცდომები იყო; ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, "დინამოს" კარს ხომ ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გიორგი ლორია იცავს! 25 წლის მეკარე, საერთოდაც, "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერია და მის ოსტატობაზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ჩემპიონატის გადამწყვეტ ეტაპზე. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ტრავმისა და დისკვალიფიკაციის გამო ლორიას ყველა მატჩი არ უთამაშია და მის შემცვლელებსაც უწევდათ "დინამოს" კარის დაცვა: 38 წლის სოსო გრიშიკაშვილს, 21 წლის თორნიკე ზარქუასა და 19 წლის გიორგი ნადირაძეს.

მცველები
ზემოთ, წამყვანი ფეხბურთელების ტრავმებისგან გამოწვეული საკადრო პრობლემები ვახსენეთ და ეს, უპირველეს ყოვლისა, დაცვის რგოლს ეხება. პირველ ეტაპზე მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა გუნდის წამყვანმა მცველმა, 21 წლის ლეკან კაკუბავამ, მოგვიანებით ტრავმა მიიღო "დინამოს" ერთ-ერთმა ყველაზე სტაჟიანმა და შეუცვლელმა წევრმა, 23 წლის გულვერდ თომაშვილმაც. თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ თომაშვილს დაცვის ცენტრშიც და ორივე ფლანგზე ერთნაირი წარმატებით შეუძლია თამაში.

ფაქტობრივად, ისე გამოვიდა, რომ დაცვის ძირითადი ოთხეულიდან პირველი ეტაპი სრულად 30 წლის დავით ოდიკაძემ და 23 წლის გიორგი რეხვიაშვილმა ჩაატარეს.

წამყვანი მცველების ტრავმებმა ძირითადისკენ გზა გაუხსნა 31 წლის ირჟი ჰომოლას, თუმცა ჩეხი ლეგიონერის ასპარეზობას დამაჯერებელსა და სტაბილურს ნამდვილად ვერ ვუწოდებდით. სამწუხაროდ, ტრავმისგან ვერ მომჯობინდა 26 წლის ლევან ხმალაძე და საერთოდაც დაცვის მარცხენა ფლანგი კვლავაც ერთ-ერთ პრობლემატურ პოზიციად რჩება გუნდში.

ნახევარმცველები
ოქტომბრის დასაწყისი იყო, "დინამოს" მთავარ მწვრთნელს ვრცელი ინტერვიუ რომ ჩამოვართვით; ალექს გარსიას გუნდში ლიდერზეც ვკითხეთ და ესპანელმა სპეციალისტმაც დაუფიქრებლად გვიპასუხა: ასეთი ფეხბურთელი, გუნდის კაპიტანი ალექსანდრე კოშკაძეაო!

თუმცა, მოგვიანებით სიტუაცია შეიცვალა: 30 წლის კოშკაძე ძირითადში უფრო და უფრო იშვიათად ჩნდებოდა (ოფიციალური ვერსიით - ტრავმის გამო). სამკაციან ნახევარდაცვაში კოშკაძის ადგილი მოგვიანებით 19 წლის ჯაბა ჯიღაურმა დაიკავა, 29 წლის მიკელ ალვარო და 19 წლის ნიკა კვეკვესკირი კი, ფაქტობრივად, შეუცვლელად თამაშობდნენ.

სხვათა შორის, "დინამოს" ესპანელ ლეგიონერთაგან ყველაზე კარგი შთაბეჭდილება სწორედ ალვარომ დატოვა. სამწუხაროდ, ძალიან მცირე სათამაშო დრო ეძლეოდა 21 წლის გიორგი თექთურმანიძეს; იმავეს თქმა შეიძლება ორ სწრაფ გარემარბზეც: 20 წლის ირაკლი ლექვთაძესა და 23 წლის რობერტინიოზე.

თავდამსხმელები
პროცენტულად თუ ვიანგარიშებთ, მეტოქეთა კარში გატანილი გოლების ნახევარზე მეტი ესპანელ ლეგიონერთა ანგარიშზეა; 31 წლის ჩისკო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობის ერთ-ერთი კანდიდატიც არის; თუმცა, "ვალენსიას" ყოფილი ვარსკვლავისაგან ალბათ, უფრო მეტსაც ველოდით, - ყოველ შემთხვევაში, ჩისკო ხომ ისეთ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, ერთი დარტყმით (გნებავთ, საგოლე პასით) კონკრეტული მატჩის ბედის გადაწყვეტა რომ შეუძლია.

პირველი ეტაპის ბოლოს ათამაშდა სწრაფი გარემარბი, 23 წლის კარლეს კოტო, 26 წლის ალბერტ იაგუეს ტრანსფერს კი ძნელია წარმატებული ვუწოდოთ (დღესდღეობით ასეა და მერე, ვნახოთ) - ესპანელმა ცენტრფორვარდმა მხოლოდ 2 გოლის გატანა მოახერხა;

იაგუეზე ბევრად უფრო სასარგებლო იყო გიორგი კახელიშვილი, თანაც ალექს გარსია ამ 24 წლის უნივერსალს დიდ ნდობასაც უცხადებდა და სხვადასხვა პოზიციაზეც ათამაშებდა.

დინამოს ყველა მატჩი პირველ ეტაპზე
I ტური სპარტაკი-დინამო 1:2
II ტური დინამო-ვიტ ჯორჯია 2:0
IV ტური დინამო-ზესტაფონი 2:2
V ტური დილა-დინამო 1:2
VI ტური კოლხეთი-დინამო 0:3
III ტური ტორპედო-დინამო 2:1
VII ტური დინამო-მერანი 2:1
VIII ტური სიონი-დინამო 0:3
IX ტური დინამო-ოლიმპი 2:3
X ტური ბაია-დინამო 2:1
XI ტური დინამო-გაგრა 3:0
XII ტური დინამო-სპარტაკი 2:0
XIII ტური ვიტ ჯორჯია-დინამო 2:2
XIV ტური დინამო-ტორპედო 2:0
XVI ტური დინამო-დილა 2:0
XVII ტური დინამო-კოლხეთი 1:1
XV ტური ზესტაფონი-დინამო 5:1
XVIII ტური მერანი-დინამო 2:1

მეკარეები: გიორგი ლორია - 15, სოსო გრიშიკაშვილი - 3, თორნიკე ზარქუა - 1, გიორგი ნადირაძე - 1;
მცველები: დავით ოდიკაძე - 17, გიორგი რეხვიაშვილი - 15, ირჟი ჰომოლა - 15, გულვერდ თომაშვილი - 13 (1), ლევან კაკუბავა - 7 (1), შოთა კაშია - 5, დავით ხოჭოლავა - 5, მამუკა ლომიძე - 3;
ნახევარმცველები: მიკელ ალვარო - 16 (5), ნიკა კვეკვესკირი - 16 (1), ალექსანდრე კოშკაძე - 13 (4), ჯაბა ჯიღაური - 12 (1), გიორგი თექთურმანიძე - 8 (1), გოგა ბერაია - 5, ლაშა პარუნაშვილი - 1, ნიკა ფირცხალავა - 1;
თავდამსხმელები: კარლეს კოტო - 17 (4), ჩისკო - 15 (9), გიორგი კახელიშვილი - 15 (2), ალბერტ იაგუე - 14 (2), ირაკლი ლექვთაძე - 10 (1), რობერტინიო - 9, ვახტანგ ფანცხავა - 3.

მწვრთნელი: ალექს გარსია (I-XVIII)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული