ანდრო ჟორდანია - ქართული ფეხბურთის დისიდენტი

AutoSharing Option
ცოტა დაგვიანებით, მაგრამ მაინც გავიხსენოთ: 1904 წლის 29 დეკემბერს ესტონეთის ქალაქ ტარტუში დაიბადა თბილისის "დინამოსა" და, საერთოდ, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე გამორჩეული პიროვნება და მწვრთნელი ანდრო ჟორდანია.

არის განსხვავებული ცნობაც, რომ იგი 4 ნოემბერს ლანჩხუთში დაიბადა, მაგრამ ამ შემთხვევაში ზუსტი თარიღი მეორეხარისხოვანია - მთავარია, რომ ეს კაცი საქართველოს მოევლინა.

ქართული ფეხბურთის პატრიარქი 1922 წლიდან თბილისის სხვადასხვა გუნდში გამოდიოდა, 1925 წელს კი ახალშექმნილი "დინამოს" პირველ კაპიტნად აირჩიეს, სადაც 1925-28 და 1930-31 წლებში ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. სხვადასხვა წლებში გამოდიოდა კიევის "დინამოში",
ივანოვოს "ოსნოვაში", იყო ამიერკავკასიისა და საბჭოთა კავშირის ნაკრებების წევრი და რამდენიმე საერთაშორისო შეხვედრის მონაწილე.

ბევრისთვის უცნობია, რომ კინორეჟისორებთან, ლევან ხოტივართან და ნიკოლოზ სანიშვილთან ერთად ჩამოაყალიბა გუნდები ქუთაისში, ლანჩხუთში (კიმი, რომელსაც 1960 წლიდან ეწოდა "გურია"), თბილისის უნივერსიტეტში, 1925 წელს კი - თბილისის "დინამო".

კინორეჟისორებმა შემდეგ საკუთარ პროფესიას მისდიეს, ჟორდანიამ კი ფეხბურთს უერთგულა. მწვრთნელობა 1936 წელს დაიწყო და საყვარელ საქმეს ოცდაათი წელი ემსახურა. მეუღლე და ვაჟიშვილი ქალაქ ივანოვოში ჰყავდა და ერთი ხანობა იქაურ "სპარტაკსა" და "ოსნოვას" ავარჯიშებდა, თბილისის "დინამოს" კი 1945-47, 1955 და 1959-61 წლებში. უმუშავია თბილისის "სპარტაკში", ტყიბულის "მეშახტესა" და ქუთაისის "ტორპედოში".

მისი ხელმძღვანელობით "დინამო" 1946, 1947 და 1959 წლებში სსრკ-ის ჩემპიონატების ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, 1946 და 1960 წლებში თასის ფინალში გავიდა, იყო საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი.

ანდრო ჟორდანია საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ნოე ჟორდანიას ძმისშვილი იყო და ამის (და არა მხოლოდ ამის) გამო მთელი ცხოვრება წამებად უქციეს, რამდენჯერმე გადაურჩა დაპატიმრებას, წვრილმან-მსხვილმანი უსიამოვნებები სიცოცხლის ბოლომდე არ დაჰკლებია. ბოლომდე მუშაობა არც ერთ კლუბში არ აცადეს. არადა, ყველგან უნიჭიერესი მოთამაშეები აღმოაჩინა და დააწინაურა.

ჟორდანიას ნათლული, კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი იხსენებს: "ანდრო ჟორდანია 1955 წელს ღამის ორ საათზე მოვიდა ჩვენთან და მამას უბედნიერესი ხმით ახარა, "დინამოში" დამნიშნესო. იმ ღამეს შესანიშნავად მოილხინეს.

ერთი წლის შემდეგ ანდრო ჩვენთან უკვე თავდახრილი ვნახე, თვალებზე ცრემლი შევნიშნე. მაშინ ერთადერთხელ თქვა საკუთარ თავზე: საქართველოში ჩემსავით ფეხბურთი არავინ იცის, მაგრამ არ მაცდიან, ისევ მომხსნეს, არადა, რამდენის გაკეთება შემიძლიაო.

- სწორედ მაგიტომ მოგხსნეს, მადლობა თქვი, რომ არ გხვრეტენ და ერთი წელი გაცადეს, ამ დროში ესეც საკმარისიაო, - უთხრა მამამ.

ფეხბურთი მასების სპორტია და ჩინიანისა და უჩინოს გაერთიანება შეუძლია. როდესაც "დინამო" წარმატებებს აღწევდა, ჩვენში ეროვნული სული იღვიძებდა, მოსკოვში კი ეს არ მოსწონდათ. "დინამოს" ჩემპიონობა იმპერიის დაშლის ერთ-ერთი მცირე მაგალითი იქნებოდა. ამიტომ იყო, რომ 1961 წლამდე მოსკოველთა გარდა ჩემპიონობას არავის უთმობდნენ. 1953 წელს "დინამოს" ძალით წაართვეს ოქროს მედლები, ბერიამ კი დინამოელებს სტალინის სიტყვები გადასცა, ჭკუით იყავით, თქვენთვის მეორე ადგილიც მეტიაო.

შემთხვევითი არ იყო ჟორდანიას შევიწროვებაც. საშუალება რომ მიეცათ, სუპერგუნდს ჩამოაყალიბებდა და ქართულ სულს გააღვიძებდა. ანდროს თავადაც აქვს ნათქვამი - არ დაგვაცდიან ნიჭის რეალიზაციასო".

მარტო რუსები? როდესაც თბილისის "სპარტაკში" გასაოცარ შედეგებს მიაღწია, თბილისის "დინამოში" ვიღაცებმა იეჭვეს, ადგილი არ წაგვართვასო და კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტის ხელშეწყობით გუნდი დაუშალეს.

კომუნისტები კი ყველაფერში ცხვირს ყოფდნენ და, ცხადია, ფეხბურთი გამონაკლისი ვერ იქნებოდა. ანდრო ჟორდანია კი, როგორც ამბობენ, პრინციპული კაცი იყო, დილეტანტებს ახლოს არ იკარებდა და უსიამოვნებას ამის გამოც არაერთხელ გადაჰყრია, მთავრობაში მტერი გაცილებით მეტი ჰყავდა, ვიდრე მოყვარე.

სამაგიეროდ, ძალიან უყვარდათ გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს. მასთან ნავარჯიშები ფეხბურთელები ამბობენ, რომ არა ანდრო ჟორდანია, ბევრი ცნობილი ფეხბურთელი არ გამოჩნდებოდაო. ჟორდანია ქუჩა-ქუჩა, სოფელ-სოფელ დადიოდა და თითქოს არაფრით გამორჩეულ ბავშვში მომავალ ვარსკვლავს ამოიცნობდა ხოლმე, სეზონის ბოლოს კი მათ სოხუმში ან გაგრაში ორკვირიან შეკრებაზე აგროვებდა. 1961 წელს სოხუმში მურთაზ ხურცილავა დაიბარა. ეუბნებოდნენ, ეს მოჭიდავე რად გინდა, რატომ ჩამოიყვანეო. ბატონ ანდროს უთქვამს, თუ ფეხბურთს ვინმე ითამაშებს, ეს ითამაშებსო.

ალღო იშვიათად ღალატობდა. ჟორდანიას აღმოჩენილებმა დიდი, ზოგმა კი მსოფლიო დონის ფეხბურთი ითამაშა - გივი ჩოხელი, მიხეილ მესხი, მურთაზ ხურცილავა, სერგო კოტრიკაძე, შოთა იამანიძე, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, ვლადიმერ ბარქაია, ზაურ კალოევი...

სახელოვანი მწვრთნელი 1974 წლის 25 აპრილს თბილისში გარდაიცვალა. თბილისის "დინამოს" საწვრთნელი ბაზა დღემდე ამ ლეგენდარული პიროვნების სახელს ატარებს. მაგრამ ვფიქრობთ, ანდრო ჟორდანიას სახელი და ქვეყნის წინაშე დამსახურებები გაცილებით მეტ დაფასებასა და სიყვარულს იმსახურებს.

დღეს ქართულ ფეხბურთში სწორედ ასეთი ადამიანების კატასტროფული დეფიციტია. ჟორდანიას სახელის დაფასება კი მისი საქმის ღირსეული გაგრძელებაც იქნებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოგესალმებით ბატონო მერაბ! ანდრო ჟორდანია, ჩემი მეუღლის ბაბუა იკო. მას პირაპირი შთამომავალი არ დარჩა.ამიტომ, მან თავისი დისშვილი იშვილა და გაზარდა. ეს იყო,ჩემი მამამთილი,ომარ ფაღავა. ჩვენი ოჯახია ის, რაც დარჩა მას. დიდი ხანია ვცდილობთ,მისი სახელის უკვდავსაყოფად მემორიალური დაფის დამონტაჟებას მისი სახლის კედელზე,მაგრამ ყურადგება არავინ მოგვაქცია. წელს მას მას მრგვალი თარიგი უსრულდება,110 წ. მადლობა ამ სტატიისტვის
keti
11:39 18-06-2014
0
დიდი ნაადლობას გიხდით ამ სტატიისთვის ანდრო ჟორდანიას შვილიშვილის და შვილთაშვილების სახელით
qeti bedianidze
11:43 18-06-2014
0

სიახლეები პოპულარული