გრიგოლ ცაავას მძიმე ტვირთი

AutoSharing Option
ეს დღეს არის, საქართველოს ჩემპიონატის მატჩები, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ფაქტობრივად, ცარიელი ტრიბუნების წინ რომ ტარდება; არადა, დრო იყო, თბილისის "დინამოს" საშინაო შეხვედრებს (მნიშვნელობა არ ჰქონდა მეტოქეს) 70-75 000 კაცი ესწრებოდა.

თბილისის "დინამოს" მართლაც ზეობის პერიოდს ვიხსენებთ - 1976 წლიდან რომ დაიწყო და ხუთი-ექვსი სეზონი რომ გრძელდებოდა.

შესაძლოა, დღეს ბევრმა არც დაიჯეროს, მაგრამ სოლიდური აუდიტორია "დინამოს" დუბლიორთა საშინაო მატჩებსაც არ აკლდა: რამდენიც გინდათ, იმდენი შემთხვევა იყო, როცა დუბლიორთა შეხვედრას 40-45 000 გულშემატკივარი ესწრებოდა! სხვანაირად ვერც იქნებოდა: "დინამოს" დუბლებში ხომ ერთი-მეორეზე ნიჭიერი
ახალგაზრდები თამაშობდნენ, ახლო მომავალში უკვე ძირითად გუნდში რომ უნდა გამოევლინათ საკუთარი შესაძლებლობები.

სწორედ იმ დროს, კერძოდ კი, 70-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა "დინამოს" დუბლშემადგენლობაში ყველასათვის უცნობი ჭაბუკი ფეხბურთელი, რომლის ნიჭიერებაზეც სულ მოკლე დროში იმდროინდელი ქართული საფეხბურთო სამყარო ალაპარაკდა! გრიგოლ ცაავაზე მოგახსენებთ, სპეციალისტები თუ გულშემატკივრები დიდ მომავალს რომ უწინასწარმეტყველებდნენ და საყოველთაო აზრით, სწორედ ეს უნიჭიერესი ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო თბილისის "დინამოს" უპირობო ლიდერი!

ორიგინალური დრიბლინგის მქონე ახალგაზრდა ფეხბურთელი ეფექტური ფინტებით სამ-ოთხ მეტოქეს ისე "ჩამოუვლიდა", კარგ სლალომისტს რომ შეშურდებოდა. პასის "კულტურაც" არანაკლებ დახვეწილი ჰქონდა - მერე, როცა უკვე "დინამოს" ძირითადის შეუცვლელი წევრი გახდა, ვინ მოსთვლის, რამდენი გოლი გაუტანიათ პარტნიორებს გრიგოლ ცაავას უზუსტესი გადაცემებით; ბომბარდირული თვისებებითაც უხვად იყო დაჯილდოებული - თანაც, თავდაპირველად გამოკვეთილ ფორვარდად თამაშობდა და 1981 წელს დუბლიორთა გათამაშების საუკეთესო ბომბარდირიც გახდა 24 გოლით.

"დინამოს" იმდროინდელი მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი თვალისჩინივით უფრთხილდებოდა თვითნაბად ტალანტს და ძირითად გუნდსაც ნელ-ნელა აჩვევდა (სხვათა შორის, ცაავას უმაღლეს ლიგაში დებიუტი საკმაოდ ადრეულ ასაკში, 17 წლისას ჰქონდა). თანაც, ნუ დაგვავიწყდება, თუ როგორი რთული იყო იმ დროისათვის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის, თბილისის "დინამოს" ძირითადში მოხვედრა, განსაკუთრებით კი თავდამსხმელისთვის - დავით ყიფიანთან, ვლადიმერ გუცაევთან თუ რამაზ შენგელიასთან კონკურენციის გაწევას ეხუმრებოდით? თუმცა, მართლაც ბრძენმა მწვრთნელმა, ნოდარ ახალკაცმა ყველაზე კარგად იცოდა, თუ როდის უნდა მიეცა შანსი ახალგაზრდა ტალანტისათვის, ვისაც ამპლუა შეუცვალა: ჩინებული გოლიადორი კლასიკურ "ათიანად" მოგველინა და სწორედ გამთამაშებლის პოზიცია აღმოჩნდა კიდეც გრიგოლ ცაავასათვის ყველაზე ოპტიმალურიც და აღიარების მომტანიც.

არ დაგვავიწყდეთ, ურთულესზე-ურთულესი მისია ერგო: 1982 წლის საკავშირო ჩემპიონატი ახალი დაწყებული იყო, დავით ყიფიანმა კარიერა რომ დაასრულა და "დინამოს" მართლაც ლეგენდარული ათიანის შემცვლელი სწორედ გრიგოლ ცაავა გახდა!

ახალს არაფერს ვიტყვით: 20 წლის გრიგოლ ცაავამ ის სეზონი მართლაც შთამბეჭდავად ჩაატარა, "დინამოს" შემადგენლობაში ჩემპიონატში ყველაზე მეტი მატჩიც (32) ჩაატარა და მეტოქეთა კარში გატანილი 9 ბურთით არ იყო ურიგო შედეგი. თანაც, ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ ცაავას ეფექტური გოლების გატანა უყვარდაო და ასე იყო მისთვის მართლაც გამორჩეული 1982 წელსაც: თავისი "საფირმო" ცაციათი მეტოქეთა მეკარეებს უშანსოდ რომ ტოვებდა. არც ის გაკვირვებია არავის, იმ წლის ბოლოს, გრიგოლ ცაავა ჩემპიონატის 33 საუკეთესოთა შორის რომ დაასახელეს;

ბევრის აზრით, არც ის დღე უნდა ყოფილიყო შორს, 20 წლის ქართველი ტალანტი საბჭოთა კავშირის ნაკრებში რომ დაიმკვიდრებდა ადგილს; აღარაფერს ვამბობთ თითოეული ქართველი ქომაგისთვის უმთავრეს მოლოდინზეც: "დინამოში" თაობათა ცვლის მტკივნეული პროცესი მიმდინარეობდა და საყოველთაო აზრით, გუნდის ჭეშმარიტი ლიდერი სწორედ ახალგაზრდა ცაავა უნდა გამხდარიყო!

სამწუხაროდ, უნიჭიერესი ფეხბურთელის ტალანტი ბოლომდე ვერ "გაიხსნა" (ამის ერთ-ერთი მიზეზი ზემოთნახსენები თაობათა ცვლის პროცესიც იყო), ერთი შეხედვით, "დინამოს" ძირითადში უპრობლემოდ ხვდებოდა, ეფექტური ფინტებითა თუ ოსტატური პასებით რანდენიმეჯერ გვაოცებდა ხოლმე, მაგრამ...

გრიგოლ ცაავამ 11 სეზონი გაატარა თბილისის "დინამოში" და ამ ხნის განმავლობაში ორასზე მეტი მატჩი ჩაატარა; გარკვეული პერიოდი გუნდიდან წასვლაც მოუწია: 1987 წელს, როცა "დინამოში" მთავარ მწვრთნელად გერმან ზონინი მოვიდა, ცაავა ლანჩხუთის "გურიაში" გადავიდა. თუმცა, ერთი წლის შემდეგ, როცა "დინამოში" დავით ყიფიანი დაბრუნდა, ცაავამ კვლავაც ჩაიცვა ჩვენი უპირველესი გუნდის ათნომრიანი მაისურა. სწორედ "დინამოში" შეხვდა ეროვნული ჩემპიონატის დაწყებას, თუმცა სულ პირველ გათამაშებაში ტრავმის გამო ბევრი გაუცდა და მომდევნო სეზონში მშობლიური ქალაქის გუნდში, სოხუმი "ცხუმში" ჩაირიცხა!

ვიდრე ახფაზეთში საომარი მოქმედებები დაიწყებოდა, სოხუმის "ცხუმი" ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გუნდი იყო საქართველოს ჩემპიონატში. იმ პერიოდში თბილისის "დინამოს", ფაქტობრივად, ერთადერთი კონკურენტიც იყო, მაგრამ "ცხუმი" ჩემპიონატშიც მეორე ადგილს დასჯერდა, და ვერც თასის ფინალში შეძლო "დინამოს" დამარცხება.

ისე, "ცხუმის" წარმატებული თამაში რატომ უნდა გაგვკვირვებოდა? თავად განსაჯეთ: ამ გუნდში, გრიგოლ ცაავასთან ერთად ხომ გოჩა გოგრიჭიანი, მიხეილ ჯიშკარიანი, გიორგი ჩიხრაძე, იური გაბისკირია, გოჩა ჟორჟოლიანი, სოსო მალანია და სხვა მართლაც გამორჩეული ფეხბურთელები თამაშობდნენ.

საფეხბურთო კარიერის ბოლო წლები საქართველოს ჩემპიონატის პირველ ჯგუფში მოასპარეზე "თეთრ არწივში" გაატარა, სადაც კიდევ ერთი სახელოვანი და ტიტულიანი ქართველი ფეხბურთელი, გელა კეტაშვილიც თამაშობდა.

თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გრიგოლ ცაავა დღევანდელი იუბილარია - 50 წელი შეუსრულდა!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ნამდვილად გრიშაა
TINIKO
20:47 21-02-2014
0
ჩემი ნათლიაა გრიშკა
მაკო
10:56 03-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული