ვალერი ბოლქვაძე: "ტორპედო" ბოლო შანსია

AutoSharing Option
"ტორპედომ" ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომელიც "ლელომ" ახალ წლამდე გაავრცელა: ქუთაისურ კლუბში ბოლნისის "სიონის" სამი ფეხბურთელი ჩაირიცხა - ნახევარმცველები, 23 წლის ვალერი ბოლქვაძე და 25 წლის გიორგი ქუცურუა, 25 წლის თავდამსხმელი გიორგი რეხვიაშვილი. სამივემ ქუთაისის "ტორპედოსთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გუნდიდან დაჩის ფოფხაძის, სევასტი თოდუას, თენგიზ ჩიკვილაძის, დავით ბოლქვაძისა და გიორგი მეგრელაძის წასვლის შემდეგ ქუთაისელი გულშემატკივარი ხმაურიან ნამატს ელოდა და გია გეგუჩაძის ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, ბევრისთვის მოულოდნელი იყო. თუმცა, ვინც "სიონის" თამაშს ადევნებდა თვალს, აუცილებლად შენიშნავდა, რომ ეს სამეული აშკარად გამოირჩეოდა.

გეგუჩაძის
შერჩეული სამეულიდან ყურადღებას ვალერი ბოლქვაძეზე შევაჩერებთ, რომელიც სამი წლის წინ თბილისის "დინამოში" იყო. ნიჭიერი პლეიმეიკერი განსაკუთრებით კახა ცხადაძეს მოსწონდა და ახალგაზრდულ ნაკრებშიც იწვევდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი აერია, "დინამოში" ფეხი ვერ მოიკიდა და გუნდი დატოვა.

2010-11 წლების სეზონში ცხინვალის "სპარტაკში" თამაშობდა (19 მატჩი, 2 გოლი), მიმდინარე ჩემპიონატში კი "სიონში" 13 შეხვედრა ჩაატარა. თამაშობდა, არ გაჩერებულა, მაგრამ საკუთარი თავი ვერსად იპოვა.

"გია გეგუჩაძე ახალ წლამდე შემხვდა, "ტორპედოში" გადასვლა შემომთავაზა. მითხრა, ბევრი შეგიძლია, მთავარია, ამყვე და მოინდომო, თუ გინდა, დიდი ფეხბურთი ითამაშოო. ასე რომ, ქუთაისელებმა ახალი წელი ყველაზე სასურველი და სასიხარულო წინადადებით მომილოცეს" - ამბობს ბოლქვაძე.

ბოლქვაძე წინა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ცხინვალის "სპარტაკიდან" გაუშვეს. მაშინ ტრავმაც აწუხებდა, ბევრმა ხაზი გადაუსვა და პირველი ლიგის "ზოოვეტში" ვარჯიშობდა. ამის შემდეგ შეეხმიანა "სიონი", სადაც ფორმა აღიდგინა:

"ნუ დაგვავიწყდება, რომ "სიონი" მხოლოდ წლეულს იყო აუტსაიდერებში, რასაც თავისი მიზეზები ჰქონდა. ამის მიუხედავად, ცუდი ფეხბურთელები არ შეკრებილან. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სეზონის დაწყებამდე გუნდს არც შეკრება გაუვლია და არც განსაკუთრებული სავარჯიშო თუ ფინანსური პირობები ჰქონია, ვფიქრობ, ნორმალურ სათამაშო მდგომარეობაში ვარ და ამ ეტაპზე არაფერი მაწუხებს".

გეგუჩაძემ წარმატებული მწვრთნელის სახელი დაიგდო, ამიტომ მასთან მუშაობა ყველა ფეხბურთელისთვის სასურველია და ბოლქვაძე გამონაკლისი არ არის. მაგრამ ნიჭიერ ნახევარმცველს ბევრი ვერ უგებდა და ვერ აფასებდა. "სიონში" გადასული ფაქტობრივად ჩამოწერილი მოთამაშე კი უცებ ამბიციურ "ტორპედოში" მოხვდა.
ამიტომ ამბობს, რომ მისთვის გეგუჩაძის დაინტერესება მოულოდნელი იყო:

"ჩემთვის "სიონიდან" ასეთ ამბიციურ კლუბში მოხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება "ჩამოწერილ ფეხბურთელობას": ყველაზე კარგად მე ვხვდები, რომ "ტორპედოში" გადასვლა ჩემი ბოლო შანსია საიმისოდ, დიდი ფეხბურთი რომ ვითამაშო - ვგულისხმობ არა მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატის დონეს. ამიტომაც ვუხდი მადლობას ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს შანსი მომცა, უპირველესად, გია გეგუჩაძეს.

ყველანაირად შევეცდები, მაქსიმუმი გამოვავლინო. ვიცი, ყველაზე მთავარი თამაშები ჯერ წინაა. ახლა, როცა ყველა პირობა მექნება ფეხბურთის სათამაშოდ, ძალიან მაინტერესებს, რეალურად რა შემიძლია, საამისოდ კი შრომას არ დავიშურებ.

ჩემთვის უმნიშვნელოვანესია გეგუჩაძის, როგორც ძლიერი, წარმატებული მწვრთნელის ფაქტორი და იმედი გამიჩნდა, რომ მისი დახმარებით წარმატებულ ფეხბურთელად ჩამოვყალიბდები. შემიძლია ვთქვა, რომ 2011 წლის ბოლოს ოცნება ამიხდა. ამაზე მეტად არც ერთ გუნდში თამაში არ მინდოდა, გეგუჩაძე კი ზუსტად ის მწვრთნელია, რომელთან მუშაობაც ძალიან მჭირდებოდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ტორპედოსჰი დროა უკვე ლეგიონერებიც გამოჰნდენ მარტო კარტველებიტ წარმატებას ვერ მოვაგწევტ
nika nemsadze
17:02 05-01-2012
0
მანახეტ ისეტი გუნდი რომელიც ლეგიონერების გარესჰე რამეს ახწევს
nika nemsadze
17:03 05-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული