"ტრანსფერზე დავაყენეთ ცენტრალური მცველი ლექსო კვახაძეც, რადგან თავად გამოთქვა კლუბის დატოვებისა და უცხოეთში თამაშის გაგრძელების სურვილი. ის სეზონისთვის ჩვენთან ერთად არ მოემზადება.
რაც შეეხება ახალწვეულებს, ჩვენთან დაიწყეს ვარჯიში "ვიტ ჯორჯიას" თავდამსხმელმა ირაკლი სიხარულიძემ და მცველმა გიორგი ოთარაშვილმა. ველაპარაკებით კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს, რომლებთანაც ჯერ კონტრაქტი არ გაგვიფორმებია, ამიტომ მათი ვინაობის დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ", - გვითხრა ტყავაძემ.
მეტალურგებმა მზადება რუსთავში დაიწყეს, 25 იანვრიდან კი ანთალიაში გაემგზავრებიან.
"თურქეთში შეკრება 6 თებერვლამდე გაგრძელდება. იქ ოთხი საკონტროლო შეხვედრის გამართვას ვგეგმავთ. უკვე გადაწყვეტილია, რომ 27 იანვარს შევხვდებით ტირასპოლის "შერიფს", 30-ში - ყაზახურ "ასტანას", 2 თებერვალს კი - რუმინულ "სპორტულს". მეოთხე მატჩის ჩატარება 5 თებერვალს გვსურს, მეტოქის ვინაობა ჯერ კიდევ ზუსტდება", - ამბობს ტყავაძე.
"მეტალურგს" მეკარეების ახალი მწვრთნელი ჰყავს: გიორგი ბაბუაძის ნაცვლად ამ საქმეს არჩილ ღურწკაია ითავებს.
"მეტალურგის" მმართველმა დირექტორმა სხვა სიახლეებზეც გაამახვილა ყურადღება:
"თუ ადრე დუბლების ჩემპიონატსა და ჭაბუკთა ლიგაში ჩვენი გუნდის სახელით ხელშეკრულების საფუძველზე სხვა საფეხბურთო სკოლების აღზრდილები თამაშობდნენ, ამიერიდან ეს გუნდები მთლიანად რუსთავის სკოლის მოზარდებით დაკომპლექტდება. ამას გარდა, ჩამოვაყალიბეთ "მეტალურგის" საფეხბურთო აკადემიაც - ამით რუსთაველ ბავშვებს დაწინაურების მეტი შანსი მიეცემათ და უფრო ხარისხიანი შევსების იმედიც გვექნება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"