გიორგი მერებაშვილი: "დინამოს" სიტყვა მივეცი, მე კი უპირო კაცი არ ვარ

AutoSharing Option
99 პროცენტით შეიძლება ითქვას, რომ გიორგი მერებაშვილი კვლავ თბილისის "დინამოში" ითამაშებს და სავარაუდოდ, სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ინფორმაცია სერბული "ვოივოდინას" 25 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გუშინ თავად დაგვიდასტურა.

გიორგი სერბეთში მოხვდა "დინამოდან", სადაც 2006-10 წლებში ჩატარებულ 108 მატჩში 86 გოლი გაიტანა.

- გავრცელდა ხმები, რომ "დინამოში" შენი გადასვლა უკვე გადაწყდა.
- "ვოივოდინას" დირექტორი დამიკავშირდა და მითხრა: ახლა მხოლოდ "დინამოსთან" გვაქვს მოლაპარაკება და შენც თუ ასე გსურს, საქართველოში დაგაბრუნებთო.

- ლვოვის "კარპატი" რატომ გამოირიცხა?
- არ ვიცი, რეალურ მიზეზებზე ჩემთვის არაფერი უთქვამს.

-
"დინამოსთან" მოლაპარაკება რა სტადიაშია?

- კონტრაქტი არ გამიფორმებია, ჯერ მხოლოდ სიტყვიერად შევთანხმდით, სიტყვას კი ყოველთვის ვასრულებ, ასე რომ, ჩემი დაბრუნება, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. ახლა ყველაფერი "ვოივოდინაზეა" დამოკიდებული - თუ "დინამოს" შეუთანხმდა, ალბათ, ხვალ პრეზენტაცია გაიმართება და კვლავ დინამოელი გავხდები.

- "ტრანსფერმარკტი" 1,5 მილიონ ევროდ გაფასებს - "დინამო" ამდენის გადამხდელია?
- სერბებთან კონტრაქტი ნახევარ წელიწადში მიმთავრდება, ასეთ დროს კი 1,5 მილიონ ევროს ვერავინ მოითხოვს. სერბულ გაზეთებში დაწერეს, 300 ან 400 ათას ევროდ გაყიდიანო, მაგრამ მე ამაზე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს.

"ვოივოდინას" ხელმძღვანელობას ჩემი დატოვების იმედი ჰქონდა და ერთწლიან კონტრაქტს მთავაზობდა გაუმჯობესებული პირობებით, თუმცა ამ წინადადებაზე უარი ვთქვი. ტრაბახში არ ჩამომართვათ, დეიან ვუკიჩევიჩი ჩემზე აწყობდა თამაშს და ერთადერთი მისი ფაქტორი მაბრკოლებდა.

ბევრ მწვრთნელთან მიმუშავია, მაგრამ ასეთი მაღალი დონის სპეციალისტი და კარგი პიროვნება არ შემხვედრია. მართალია, სულ ექვსი თვე ვიმუშავეთ ერთად, მაგრამ ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო და სიამოვნება იყო, დავმეგობრდით კიდეც. ცნობილი ფეხბურთელი იყო, "სევილიაში" უთამაშია, მისი ხელმძღვანელობით ევროპაში მოხვედრის იმედი მქონდა, მაგრამ მაინც აღარ მსურდა დარჩენა.

- სერბეთში გამორჩეული ფეხბურთელები ევროპაში იოლად ხვდებიან და შენთვის რატომ ჩაიკეტა გზები?
- ამის ახსნა მიჭირს. ალბათ, იმიტომ, რომ მერებაშვილი ვარ და არა მერებიჩი. ერთ მაგალითს მოვიყვან: ზაფხულში "ვოივოდინადან" "ვოლფსბურგში" გადაიყვანეს საყრდენი ნახევარმცველი სლობოდან მედოევიჩი, რომელიც, გულწრფელად ვამბობ, არაფრით გამოირჩეოდა და "დინამოში" ჩემი ყოფნისას მის პოზიციაზე მოთამაშე არც ერთ ფეხბურთელს არ ჯობდა - ვგულისხმობ დიღმელაშვილს, ხმალაძეს, ფირცხალავას.

სამწუხაროდ, ქართველს ევროპაში სახელი არ აქვს და ამის გამო ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვეჩაგრება. თავად სერბებსაც სხვა ქვეყნების მოთამაშეთა დაწინაურება დიდად არ ანაღვლებთ, თავისიანებს კი თავს აკლავენ და ყველა შესაძლო ხერხით აპიარებენ.

- სერბეთიდან საქართველოში დაბრუნება უკანგადადგმული ნაბიჯი არ იქნება?
- ასე სულაც არ ვფიქრობ, რადგან დავბრუნდი ჩემს ოჯახში და ჩემი ოცნების გუნდში, თანაც, ახლა სხვა გუნდი ყალიბდება, რომელსაც დიდი ამბიცია ექნება. ასეთ "დინამოში" თამაში ყოველთვის მსურდა. გუნდთან ერთად საქართველოში ყველა ტიტული მოვიპოვე, ახლა კი იმიტომ ვბრუნდები, რომ მივაღწიოთ იმას, რისთვისაც არ მიგვიღწევია - გავიდეთ ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ქართული ფეხბურთი ავაღორძინოთ და ჩვენი ხალხი გავახაროთ.

აქვე ვიტყვი: ჩვენი ფეხბურთი თავად ქართველებმა თუ არ დავაფასეთ, სხვა ამაზე არც იფიქრებს. ამიტომ არის აუცილებელი, რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელის დაბრუნება სამშობლოში და კლუბების გაძლიერება. სერბეთში ცოტა ხანი არ მითამაშია და დავრწმუნდი, არც მათზე ნაკლები საფეხბურთო ერი ვართ და არანაკლები ჩემპიონატის ჩატარებაც შეგვიძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
გიორგის შეუძლია დიდი ფეხბურთის თამაში ”სამგორი”
tamazi
19:10 09-01-2012
0
კაი კაცია მერებაშვილი ,ასათიანიც ეგრე უნდა მოქცეულიყო და ბევრი სხვაც
ilia
15:58 09-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული