"დინამო" ხმაურით იწყებს: მერებაშვილიც, ძარიაც... გაგრძელება იქნება!

AutoSharing Option
გასული წელიწადი მართლაც "ხმაურიანი" ქართული ტრანსფერით გავაცილეთ: ერთწლიანი პაუზის შემდეგ ჩვენ ჩემპიონატს დავით მუჯირი დაუბრუნდა! შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამოს", მოლდოვის "შერიფის", რუსული "კრილია სოვეტოვის" და "ლოკომოტივის", იაპონური "ჰიროშიმას" ყოფილი შემტევი ამიერიდან ქვეყნის ჩემპიონის "ზესტაფონის" ღირსებას დაიცავს.

არანაკლებ "ხმაურიანი" ტრანსფერებით დაიწყო 2012 წელი ჩვენმა ყველაზე ტიტულიანმა გუნდმაც: თბილისის "დინამომ" გუშინ ორი ახალწვეული, გიორგი მერებაშვილი და ირაკლი ძარია წარადგინა! თანაც, მერებაშვილის ყოფილ კლუბში დაბრუნების შესახებ ინფორმაციამ გუშინდელზე ადრე თუ "გამოჟონა", აი, ირაკლი ძარიას "დინამოში" ჩარიცხვა ბევრისთვის მართლაც მოულოდნელი იყო. თუმცა, "დინამოს" ერთგულ
გულშემატკივრებს გუშინდელზე არანაკლებ სასიამოვნო სატრანსფერო სიურპრიზები კვლავაც ელოდებათ.

აქვე, არცთუ ძველ ამბავსაც შეგახსენებთ: წინა წლის მიწურულს, "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა გიორგი ნემსაძემ ქართულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ გუნდში ცვლილებები აუცილებლად მოხდებოდა; ეგ კი არა, ისიც დაამატა, რომ ახალწვეულთა უმრავლესობა ცნობადი სახე იქნებოდა და ასეც მოხდა: 25 წლის გიორგი მერებაშვილიც და 23 წლის ირაკლი ძარიაც ცნობადთა კატეგორიას ნამდვილად უნდა მივაკუთვნოთ!

"დინამოს" ორი ახალწვეულის წარდგენა კი გუშინ მოხდა: ეროვნული სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გიორგი მერებაშვილთან და ირაკლი ძარიასთან ერთად მასმედიას კლუბის დირექტორი ზურაბ პოლოლიკაშვილი და სპორტული დირექტორი გიორგი ნემსაძე შეხვდა.

ზურაბ პოლოლიკაშვილი: "გუნდის გაძლიერებაზე ყოველთვის ორიენტირებულნი ვიყავით და აი, ეს წელიწადიც ასეთი სიახლეებით დავიწყეთ. გიორგი მერებაშვილს ჩემგან წარდგენა არ სჭირდება - ძველი დინამოელია, მერე წარმატებული კარიერა ჰქონდა სერბეთში, სადაც საუკეთესო ლეგიონერად დაასახელეს.

ირაკლი ძარია კი "ზესტაფონის" ერთ-ერთი ლიდერი და საერთოდაც, ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ; მოხარული ვარ, ასეთი დონის ფეხბურთელებმა კარიერის გაგრძელება "დინამოში" რომ გადაწყვიტეს - ჩვენ სერიოზული მიზნები გვაქვს და მერებაშვილისა და ძარიას დამატებაც გუნდის გაძლიერების პირველ ეტაპად უნდა მივიჩნიოთ".

გიორგი ნემსაძე: "როგორც ხედავთ, დაპირება შევასრულეთ და გუნდში ცნობადი სახეები მოვიწვიეთ. ჟურნალისტებთან ბოლო შეხვედრაზე განვაცხადე, რომ რამდენიმე ფეხბურთელთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ოღონდ, იმ ეტაპზე გვარებს არ ვაკონკრეტებდით. ახლა კი მინდა, გიორგისაც და ირაკლისაც "დინამოში" წარმატება ვუსურვო; მათ სხვა წინადადებებიც ჰქონდათ, მაგრამ ჩვენთან არჩიეს თამაში".

ზურაბ პოლოლიკაშვილი: "მერებაშვილისა და ძარიას გადაწყვეტილება ბევრი ჩვენი ლეგიონერისათვის სამაგალითოც უნდა იყოს: ორივე ფეხბურთელს არაერთი კონკრეტული წინადადება ჰქონდა უცხოური კლუბებიდან, მაგრამ საქართველოში, კერძოდ, "დინამოში" არჩიეს კარიერის გაგრძელება. ადრეც არაერთხელ მითქვამს, რომ ყოველთვის დიდი სურვილი გვქონდა უცხოეთში მოასპარეზე ქართველი ფეხბურთელები ჩვენ გუნდში გადმოსვლაზე დაგვეყაბულებინა; კონკრეტული მაგალითების მოყვანაც შემიძლია: ძალიან გვინდოდა, რომ დავით თარგამაძესა და სანდრო გურულს კარიერა "დინამოში" გაეგრძელებინათ, მაგრამ..."

გიორგი მერებაშვილი: უპირველეს ყოვლისა, მინდა "დინამოს" ხელმძღვანელობას დიდი მადლობა გადავუხადო ჩემ მიმართ გამოჩენილი ასეთი ინტერესის გამო. არ ვმალავ, რომ ბედნიერი ვარ გუნდში დაბრუნებით. იმისიც მჯერა, რომ გულშემატკივართა იმედებს გავამართლებ და "დინამოს" წარმატებაში საკუთარ წვლილს შევიტან".

ირაკლი ძარია: "მიხარია და ბედნიერი ვარ, დღეს "დინამოსთან" რომ გავაფორმე ხელშეკრულება. ამ გუნდში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და ყველაფერს გავაკეთებ, გულშემატკივართა ნდობა რომ გავამართლო".

* * *
ამის შემდეგ "დინამოს" ხელმძღვანელებმა რამდენიმე კითხვასაც უპასუხეს.

- ნებისმიერ მატჩსა და ნებისმიერ მეტოქესთან "დინამო" ერთი და იგივე ტაქტიკური განლაგებით (4-3-3) ასპარეზობს და გიორგი მერებაშვილს რა ამპლუა ექნება?
- ეს მწვრთნელის პრეროგატივაა და ამ კითხვაზე ამომწურავ პასუხსაც ალექს გარსიასგან მიიღებთ.

- ვიხილავთ თუ არა "დინამოში" გოგიტა გოგუას?
- არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, თუმცა არ დავმალავ, რომ ამ ფეხბურთელთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ.

- გუნდის ერთ-ერთი პრობლემური რგოლის, დაცვის გაძლიერებას არ აპირებთ?
- არამხოლოდ დაცვის, არამედ შევეცდებით, რომ ყველა რგოლში კვალიფიციური ფეხბურთელები დავიმატოთ.

- იმ ფეხბურთელებზეც გვითხარით, "დინამოდან" რომ წავიდნენ.
- ფეხბურთელთა გარკვეული ნაწილი იჯარით სხვადასხვა ქართულ გუნდში გადავა. ასე, მაგალითად გორის "დილაში" ითამაშებენ შოთა კაშია და ირაკლი ლექვთაძე, აგრეთვე გიორგი გველესიანი, რომელიც ჩვენი გუნდის დუბლშემადგენლობაში ასპარეზობდა. დუბლშემადგენლობის კიდევ სამი ფეხბურთელი (ნადირაძე, გაბაშვილი, ჩაფიძე) კი ცხინვალის "სპარტაკში" ითამაშებს.

- ახალწვეულებთან რა ვადის კონტრაქტები გაფორმდა?
- ორივესთან ერთნაირი ხელშეკრულება დავდეთ: 1+2.

- ზაფხულში "დინამოში" ესპანელი ფეხბურთელები გამოჩნდნენ, ახლა ქართველებზე ხომ არ აპირებთ აქცენტის გაკეთებას?
- წარმატებული ქართველი ფეხბურთელების "დინამოში" ჩარიცხვის სურვილი ყოველთვის გვქონდა, უბრალოდ, ზაფხულში ევროტურნირების დაწყებამდე დრო ძალიან ცოტა გვრჩებოდა და მოთამაშეებიც სასწრაფოდ უნდა დაგვემატებინა.

საერთოდაც, გუნდის შენებას 2-3 თვე არ ჰყოფნის; არც ის იყო ადვილი, გუნდი ახალ ტაქტიკურ განლაგებაზე (4-3-3) უმტკივნეულოდ რომ გადასულიყო. გპირდებით, რომ "დინამოში" კიდევ არაერთ ახალწვეულს იხილავთ - ბოლოს და ბოლოს, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ხომ, ფაქტობრივად, 2 თვეა დარჩენილი.

* * *
"დინამოს" ახალწვეულებს გუშინვე მუდმივნომრიანი მაისურები გადასცეს - გიორგი მერებაშვილი თავის ძველ-ახალ კლუბში კვლავაც მეათე ნომრით იასპარეზებს, ირაკლი ძარია კი - 88-ნომრიანი მაისურით. დაბოლოს, როგორც "დინამოს" პრესატაშემ გიგა გვენცაძემ გვითხრა, დიდი ალბათობით, ქართველი ჟურნალისტების წინაშე დღეს გუნდის მთავარი მწვრთნელი ალექს გარსია წარსდგება.

დოსიე
გიორგი მერებაშვილი: 15. 08. 1986
2005-2010 წლები: თბილისის "დინამო", 108 მატჩი (36 გოლი).
2010-2011 წლები: სერბული "ვოივოდინა" 53 მატჩი (9 გოლი).
საქართველოს ჩემპიონი (2008), საქართველოს თასის (2009) და სუპერთასის (2005, 2008) მფლობელი; საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი: სამჯერ - "მსოფლიო სპორტის" გამოკითხვით, ორჯერ - საქართველოს ფეხბურთის პროფესიული ლიგის გამოკითხვით, ერთხელ - საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა გამოკითხვით.
2006-08 წლები: საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები - 8 (1).
2008-წლიდან: საქართველოს ეროვნული ნაკრები - 16.

ირაკლი ძარია: 01. 12. 1988
2004-05 წლები: ფოთის "კოლხეთი"
2005-06 წლები: "ზესტაფონი" - 5
2006-08 წლები: ცხინვალის "სპარტაკი".
2008-11 წლები: "ზესტაფონი" - 101 (8)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული