ლაშა სალუქვაძე და გოჩა ხოჯავა "დილაში"?

AutoSharing Option
მამუკა ჯუღელი, რომელსაც რუსულ მედიაში რუსული ფეხბურთის "რუხ კარდინალს" უწოდებენ, საქართველოს სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე მსხვილი მოთამაშეა. მისი ხელდასხმით რუსეთისა და უკრაინის პრემიერლიგებში ბევრი ქართველი ფეხბურთელი მოხვდა და ცხოვრება და კარიერა აიწყო.

მისი საქმიანობა, თანაც ძალიან წარმატებული და მასშტაბური, რუსეთში ბევრს აღიზიანებდა. რუსულ ფეხბურთში ფეხმოკიდებულ მაქინაციებზე, გარიგებულ მატჩებსა თუ "ჩაწყობებზე" ლეგენდები დადის და იქაურებმა გამოსავალი იპოვეს - ვინ არის დამნაშავე? რა თქმა უნდა, ქართველი ჯუღელი.

კარგად გვახსოვს ახლახან რუსულ ინტერნეტგაზეთ onedivision.ru-ში გამოქვეყნებული წერილი, კერძოდ კი, ის, რას წერ
და ავტორი მახაჩყალის "ანჟისა" და ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ყოფილ სპორტულ დირექტორზე.

მას უწოდეს "რუსული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლოებით მოცული ფიგურა"; ვერ გაუგიათ, "ვინ არის ის სინამდვილეში: სპორტული დირექტორი, აგენტი, ნიჭიერი მწვრთნელი თუ რუსული ფეხბურთის რუხი კარდინალი?"; რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტთან არსებულ გარიგებული მატჩების გამოსავლენ ექსპერტთა საბჭოს თავჯდომარე ანზორ კავაზაშვილს მასზე მხოლოდ რსკ-ის პრეზიდენტ სერგეი ფურსენკოსგან სმენია, რუსეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის ხელმძღვანელმა სერგეი პრიადკინმა კი საერთოდ ვერ გაიხსენა.

არადა, სინამდვილეში ყველამ ყველაფერი იცის. ფრთიან ანგელოზობას ვერავისზე ვიტყვით, ამის მტკიცებას ვერც ჯუღელზე დავიწყებთ, მაგრამ რუსებს იგი აშკარად ყელში გაეჩხირათ, რადგან გავლენითა და საქმიანი უნარებით ბევრი ადგილობრივი "ჩააჩოჩა" და, ცხადია, დაიბოღმნენ. თუმცა არც ეს უნდა გაგვიკვირდეს, წარმატებულ უცხოელ მენეჯერზე საქართველოშიც ასეთივე რეაქცია ექნებოდათ.

ბოლოხანს ლაპარაკია, რომ, შესაძლოა, ჯუღელი ბრიანსკის "დინამოში" გადავიდეს. თუმცა მას აქვს სხვა შეთავაზებაც, რაც ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა - "დილაში" და თავად ჯუღელის უახლოესმა გარემოცვამაც დაგვიდასტურა, რომ გორის კლუბში მისვლა შესთავაზეს.

საიდან სადაო, იკითხავთ, სად უზარმაზარი და მდიდარი რუსული ფეხბურთი და სად ჯერაც ფეხზე დასაყენებელი "დილა", რომელიც ფულით რუსეთის პირველი ლიგის კლუბებსაც ვერ დაეტოლება.

გვითხრეს, ჯერ ეს მხოლოდ ლაპარაკის დონეზეა, მამუკა რუსეთიდან საბოლოოდ წამოსვლას არც აპირებს, მაგრამ, თუ "დილას", ანუ ქართულ ფეხბურთს დასჭირდება, აუცილებლად ჩამოვა და გუნდს გვერდში დაუდგებაო.

თუ რას ნიშნავს მისი გვერდში დგომა, თავადაც მიხვდებით - ფეხბურთელების უპრობლემოდ ჩამოყვანას, თანაც, არა შრილანკიდან, არამედ რუსეთის პრემიერლიგიდან. ჰოდა, რაც უნდა დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, ლაპარაკია ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ფეხბურთელების, ლაშა სალუქვაძისა და გოჩა ხოჯავას "დილაში" ჩამოყვანაზე.

ეს ამბავი ჩვენთვის ძნელად დასაჯერებელი იყო, მაგრამ კლუბში ესეც დაგვიდასტურეს, საკითხი არ გადაწყვეტილა, ორივეს რუსეთში კარგი წინადადებები აქვს, მაგრამ შესაძლოა, ჯუღელის მეშვეობით დროებით მაინც დავიხმაროთო.

ვერ გეტყვით, ოცნებაა ეს თუ რეალობა, მაგრამ "დილაში" ამაზე უკვე ღიად ლაპარაკობენ და გუნდის ამბიცია აშკარა ხდება - თასის ფინალში გასვლა და საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრა ასეთი შემადგენლობითა და მწვრთნელით არარეალურიც აღარ ჩანს.

თუმცა, აღდგომა და ხვალეო. მალე გამოჩნდება, დუღილის პროცესში მყოფი "დილადან" რა ღვინო დადგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული