ივანიშვილის დაფინანსებულ "ჩიხურას" პოლიტიკური ვნებები არ შეხებია

AutoSharing Option
არავისთვისაა საიდუმლო, რომ პირველი ლიგის საჩხერის "ჩიხურას" ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს. ბიზნესმენის პოლიტიკურ სარბიელზე გამოჩენის შემდეგ გავრცელდა ხმები, თითქოს გუნდს ფინანსური პრობლემები შეექმნა.

ამ ხმებს გუნდში კატეგორიულად უარყოფენ.

"ჩვენ ისევე შეუფერხებლად გვაფინანსებენ, როგორც ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამდე და არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია - "ჩიხურა" ჩვეულებრივი რეჟიმით ცხოვრობს", - ამბობს საჩხერელთა მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე.

"ჩიხურა" 46 ქულით პირველი ლიგის "ბ" ზონის ერთპიროვნული ლიდერია, უახლოეს მდევარ ლანჩხუთის "გურიას" 13 ქულით უსწრებს და უმაღლესი ლიგის საგზურისთვის ბრძოლის რეალური კანდიდატია - გუნდში ხომ არაერთი გამოცდილი
ფეხბურთელი თამაშობს.

საჩხერულ კლუბს ფინანსურად რომ არ უჭირს, ამაზე მისი სატურნირო მდგომარეობაც მეტყველებს, შემადგენლობაც და ისიც, რომ, კონკურენტებისგან განსხვავებით, მხოლოდ საქართველოში მომზადებით არ შემოიფარგლება - იგეგმება "ჩიხურას" ანთალიაში მომზადებაც. ფრუიძემ გვითხრა, რომ ეს საკითხი მალე გადაწყდება.

ერთი შეხედვით, "ჩიხურა" შეკრებას გვიან, 18 იანვარს იწყებს, მაგრამ მიზეზი ისაა, რომ პირველ ლიგაში სეზონი 2 მარტს განახლდება. ასე რომ, საჩქარო არაფერია.
ჯერ უცნობია, რა ცვლილებები იქნება გუნდში, ფრუიძის თქმით, დღემდე არც არავინ გაუშვიათ და არც ახლები დაუმატებიათ, თუმცა ცვილებები აუცილებლად იქნება - თქვა მთავარმა მწვრთნელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული