ზვიად ჯელაძე: "გაგრა" ნამდვილად არ დასუსტებულა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბი "გაგრა" 8 იანვარს შეიკრიბა და სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადება დაიწყო. გუნდი რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა კი დატოვა, მაგრამ ახალი სახეებიც გამოჩნდნენ.

ბევრი ფიქრობს, რომ ახალი ფორმაციის გუნდისთვის თასის ფინალში გასვლა და უმაღლესი ლიგის რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრა, საკმაოდ რთული იქნება, რასაც ცხადია, არ ეთანხმება გუნდის მთავარი მწვრთნელი ზვიად ჯელაძე, რომელსაც რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ:

- ბატონო ზვიად, "გაგრა" უკვე შეიკრიბა. როგორი იქნება გუნდის მზადების პროცესი?
- გუნდი 8 იანვარს შეიკრიბა და პირველი ვარჯიში "მერანზე" გავმართეთ. შემდეგ უკვე იპოდრომზე გავაგრძელეთ ვარჯიში.
ცხადია, საწყის ეტაპზე აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზე გაკეთდება, ხოლო ბურთთან ერთად ვარჯიშს უკვე 13 იანვრიდან შევუდგებით.

- ამხანაგური შეხვედრების გამართვა თუ გაქვთ დაგეგმილი?
- დიახ, დავგეგმეთ. 16 იანვარს ზესტაფონში ჩავალთ და ვითამაშებთ. 20 იანვარს ბოლნისის სიონს შევხვდებით და ასევე 22 იანვარსაც გვსურს გავმართოთ ამხანაგური შეხვედრა, მაგრამ თუ რომელი გუნდი იქნება ჩვენი მეტოქე, ჯერჯერობით უცნობია. მალე დავადგენთ. 23 იანვარს კი უკვე უცხოურ შეკრებაზე გავემგზავრებით.

- ბევრი მიიჩნევს, რომ გუნდიდან რამდენიმე წამყვანი მოთამაშის წასვლა, გუნდის დასუსტებას გამოიწვევს. როგორია თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით?
- ამ მოსაზრებას ნამდვილად ვერ დავეთანხმები. მესმის, რომ გუნდი რამდენიმე გამოცდილმა ფეხბურთელმა დატოვა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გუნდი დასუსტდება. პირიქით, მიმაჩნია, რომ გუნდი გაძლიერდება და ამის თქმის საფუძველი ნამდვილად გაგვაჩნია. გუნდში მოვიდა რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში თავის სიტყვას იტყვის და თუ როგორ განვაწყობთ მათ სათამაშოდ და როგორ მოვამზადებთ, ეს უკვე ჩვენზე, მწვრთნელებზეა დამოკიდებული.

"გაგრა" ნამდვილად არ დასუსტებულა. გუნდში არიან ფეხბურთელები, რომელთაც შეუძლიათ გადაჭრან მათ წინაშე დასახული ამოცანები და ევროტურნირზე მოსახვედრადაც იბრძოლონ. ამ გუნდის სტრატეგიული მიმართულება იყო და იქნება ახალგაზრდა მოთამაშეების აღმოჩენა, მათი გაზრდა და პროფესიონალ ფეხბურთელებად ჩამოყალიბება, საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრები გუნდების მომარაგება.

ამას გულშემატკივარიც ხედავს, პრესა აფასებს, ფეხბურთის სპეციალისტები აღნიშნავენ. დაკონკრეტებას ახლა ნამდვილად არ დავიწყებ, მაგრამ უნიჭიერესი ბიჭები არიან და მათ დიდი მომავალი აქვთ. განახლებულ ჩემპიონატში კიდევ არაერთ ახალბედა მოთამაშეს გამოარჩევთ და ეს ჩვენთვის ორმაგად სასიხარულო იქნება. მათი დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მათ ნიჭიერებაზე ბევრს ისაუბრებენ.

იმასაც დავამატებ, რომ რამდენიმე მათგანს ევროტურნირებზე ჰქონდა დებიუტი და გამოცდილებაც შეიძინეს. იმისათვის, რომ ახალგაზრდა წარმოჩინდეს, თავისი შესაძლებლობა გამოავლინოს, თამაშის საშუალება უნდა მისცე და ეს ასეც იქნება. გაგრას სახელით მინდორზე ღირსეული, ნიჭიერი და ძლიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი გავა.

ამდენად, გადამეტებულად მიმაჩნია იმის თქმა, რომ "გაგრა" დასუსტდა. დამიჯერეთ, გუნდი გაძლიერდა და ეს პროცესი გაგრძელდება, შეუქცევადი ხასიათისაა.

- და ბოლოს, რამდენი დღით მიემგზავრებით თურქეთში და რომელ გუნდებთან მოგიწევთ თამაში?
- გუნდი 23 იანვარს გაემგზავრება და 7 თებერვალს შინ დაბრუნდება. ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გავმართავთ - გურნიკთან, ირტიშთან, შახტართან და ბიტოვთან. სწორედ ანტალიის შეკრებაზე ჩამოყალიბდება გუნდის ძირითადი ბირთვი და იმედი გვაქვს, რომ სეზონის მეორე ნახევარი ჩვენთვის წარმატებული იქნება.

fcgagra.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული