"ვოივოდინა": მერებაშვილში 300 000 ევრო გადაგვიხადეს

AutoSharing Option
შეხსენებით დავიწყებთ: გიორგი მერებაშვილს ნოვი სადის "ვოივოდინასთან" კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდებოდა, სერბებიც არ გაჯიუტდნენ და უფულოდ დარჩენას მცირე თანხის მიღება ამჯობინეს. შედეგად, მერებაშვილმა თბილისის "დინამოსთან" 1+2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

ტრანსფერმა "ვოივოდინას" გულშემატკივრებისა და სერბული საფეხბურთო სამყაროს ინტერესი გამოიწვია. იქაური სააგენტო "ნოვოსტის" ცნობით, ქართულმა მხარემ ტრანსფერი 700 000 ევროდ გამოისყიდა, ნოვისადელების ოფიციალური ვებგვერდი კი სხვა ინფორმაციას აქვეყნებს:

"კლუბის თეთრ-წითელი ფორმით გატარებული ორი სეზონის შემდეგ ქართველი ფეხბურთელი გიორგი მერებაშვილი მშობლიურ თბილისის "დინამოს" დაუბრუნდა.

"ვოივოდინას" გენერალურმა დირექტორმა რადისლავ რაბრენოვიჩმა დაადასტურა, რომ "დინამოსთან" შეთანხმება შედგა და
საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი 300 ათასი ევროს გადახდას დათანხმდა. ამავე დროს შეთანხმდნენ, რომ ქართული კლუბი მერებაშვილს სერბეთის სხვა კლუბში არც გაყიდის და არც იჯარით გაუშვებს.

თავად ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ მას ძალიან სურდა მშობლიურ კლუბში დაბრუნება, სადაც დიდი მიღწევები ჰქონდა. ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა თბილისის "დინამოს" შეთავაზებული პირობები - არაოფიციალური მონაცემებით, "დინამო" მერებაშვილს 20 ათას ევროს გადაუხდის პრემიების ჩაუთვლელად" - წერს "ვოივოდინას" ოფიციალური ვებგვერდი.

ამ ინფორმაციის გადამოწმება არც გვიცდია, რადგან ფეხბურთელის ხელფასი ჩვენთან გასაიდუმლოებულია და არავინ გვეტყოდა, გიორგის 20 ათასი ევრო დაუნიშნეს, დოლარი თუ ტუგრიკი.

საყურადღებო აქ თავად ფაქტია: ქართული კლუბი საკუთარ თავს ასეთი სოლიდური ხელფასის გაცემის უფლებას აძლევს. ვფიქრობთ, ეს მოვლენაა და ვისურვებდით, რომ ყველა ქართულ კლუბს ასე დაეფასებინოს თავისი მოთამაშეები და არა ისე, ახლა რომ არის მიღებული - ნაკრების წევრებსაც კი მაქსიმუმ 1500 დოლარს რომ უხდიან. მცირე ხელფასით საქართველოში ძლიერ ფეხბურთელებს ვერ შევინარჩუნებთ და ჩემპიონატის საერთო დონეც არ ამაღლდება.

ის არგუმენტი, რომ გამორჩეულთათვის ხელფასის მომატებით მადა სხვებსაც გაეზრდებათ, არადამაჯერებელია - იაფად მხოლოდ "ხრუშჩოვკები" შენდებოდა, ამბიციურ კლუბს კი პირობებიც ამბიციური მოეთხოვება. ამავე დროს, ძვრადღირებული მოთამაშეების ჩამოყვანით ჩვენს ჩემპიონატს ფასი დაედება.

აქვე ვიტყვით, რომ "ვოივოდინას" გულშემატკივარი მერებაშვილს ძალიან ემადლიერება. როდესაც კლუბის ვებგვერდმა 25 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველის წასვლის ამბავი დაადასტურა, სასიამოვნო იყო ამაზე სერბების გამოხმაურებების წაკითხვა:

- მერებ, მადლობა ყველაფრისთვის. ჯანმრთელად იყავი, წარმატებები კი თავისთავად მოვა. ჩამოდი 16 მაისს ნოვი სადში, როდესაც "ვოივოდინას" დიდ წარმატებას აღვნიშნავთ. გელით!
- გიორგი, შენი დაბრუნების იმედი მაქვს, თუნდაც ეს კარიერის დასასრულს იყოს!
- დიდი ხანია, "ვოივოდინას" ფეხბურთელი ისე არ მყვარებია და არ დამიფასებია, როგორც მერებაშვილი. კარიერის წარმატებით გაგრძელებას გისურვებ.
- გული მწყდება, ჩვენს ფორმას რომ ვეღარ მოირგებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
sporti, კარგი რა ძმა, შენ გჯერა მაგი რომ მერებას 20 000 აქვს თვეში? რაც შეეხება შენს მიერ ნახსენებ ბიუჯეტს-საშემოსავლოს სახით, ეს ერთი ადამიანის ხელფასით არ განისაზღვრება, იქ გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც კოლექტივი, მათი საერთო ჯამი (ადამიანების და თანხაც) მაგრამ არა ამ შემთხვევაში, რადგან როგორც შენ ახსენე, დინამო კერძო კლუბია და არა შსს-სი როგორც ადრე, ამიტომ აქ ბევრი ნიუანსია ძმა. ღმერთმა ქნას, მიეცეთ ოციც და ორმოციც, მაგრამ არა მგონია და ალბათ ბევრი დამეთანხმება...აგერ dinamo-ს კომენტარიც, ახლო ნათესავის...
დევიდ აირონს
14:48 11-01-2012
0
მერებაშვილი კარგი ბიჭია თუ თავში არ აუვარდა ეგ ხელფასი-კიდევ ბევრი მოიყვანეთ ბევრი მიეცით ხელფასები.ჩახვალთ მერე ზესტაფონში წააგებთ 5-1 -ს და დაიწყებთ ახალი გუნდის კეთებას!!
mesi
14:17 11-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული