"ბენდელამ" დიდ მოედანზე გადაინაცვლა

AutoSharing Option
დეკემბერში საფეხბურთო სკოლა "საბურთალომ" აფხაზეთში დაღუპული ზაზა ბენდელიანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს უმასპინძლა მინი-ფეხბურთში.

დღეს კი "ბენდელას თასის" გათამაშება დიდ მოედანზე, პროფესიული კლუბების მონაწილეობით იწყება - ეს გათამაშებაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პატრონაჟითა და თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ჩატარდება.

ამ ფორმატით ტურნირი პირველად სამი წლის წინ ქვემო ქართლის გუბერნატორ დავით კირკიტაძის ხელშეწყობით გაიმართა. წლეულს შეჯიბრება 14 იანვარს დაიწყება და 11 თებერვალს დასრულდება. თუ ადრე ოთხი ან ექვსი გუნდი მონაწილეობდა, ახლა ასპარეზობის სურვილი უმაღლესი და პირველი ლიგების 13 კლუბმა გამოთქვა.

"წლევანდელ
ტურნირში ითამაშებენ "ზესტაფონი 2", "ტორპედო 2", "დინამო 2", "მეტალურგი 2", "დილა 2", ძირითადი შემადგენლობებით კი - "ვიტ ჯორჯია", "ზოოვეტი", "იუსი ბესტი", "აეტი", "ჭიათურა" და, სავარაუდოდ, "სპარტაკიც". თანხმობას კიდევ ერთი გუნდისგან ველით. სამი 4-გუნდიანი ჯგუფი ტერიტორიული პრინციპით დაკომპლექტდება.

სეზონისთვის მოსამზადებლად ეს ტურნირი ყველას წაადგება, მატჩები კი ჩატარდება ქუთაისში, მცხეთაში, რუსთავში; თბილისში - "საბურთალოს" სტადიონ "ბენდელაზე", - გვითხრა "ბენდელას თასის" მუდმივმა ორგანიზატორმა ქართლოს ჭუმბურიძემ.

მისი თქმით, გათამაშება დღეს "ბენდელაზე" "დინამო 2"-სა და "ზოოვეტის" შეხვედრით გაიხსნება.

მეოთხედფინალში თასისთვის ბრძოლას გააგრძელებენ ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასულები და 2 საუკეთესო მესამეადგილოსანი - მატჩები 30 იანვარს გაიმართება.

ნახევარფინალურ შეხვედრებს 5 თებერვალს რუსთავის "ფოლადი" და "მცხეთა პარკი" უმასპინძლებენ, ფინალი 11 თებერვალს "საბურთალოს" სტადიონზე გაიმართება.

სხვათა შორის, შარშანდლიდან "ბენდელაზე" სტიმულისა და ინტრიგისთვის ორიგინალური წესები დამკვიდრდა: გია გეგუჩაძის ინიციატივით, ჯგუფურ ეტაპზე 3 და მეტი გოლის სხვაობით გამარჯვებისთვის გუნდს არა 3, არამედ 4 ქულა ერიცხება, ფრეზე კი გუნდები თერთმეტმეტრიანებს ასრულებენ - გეგუჩაძის თქმით, ასე პენალტების დარტყმასაც უკეთ ისწავლიან. პენალტებში დამარცხებულს 1 ქულა შეუნარჩუნდება, გამარჯვებულს კი 2 ქულა მიეკუთვნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული