დღეს კი "ბენდელას თასის" გათამაშება დიდ მოედანზე, პროფესიული კლუბების მონაწილეობით იწყება - ეს გათამაშებაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პატრონაჟითა და თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ჩატარდება.
ამ ფორმატით ტურნირი პირველად სამი წლის წინ ქვემო ქართლის გუბერნატორ დავით კირკიტაძის ხელშეწყობით გაიმართა. წლეულს შეჯიბრება 14 იანვარს დაიწყება და 11 თებერვალს დასრულდება. თუ ადრე ოთხი ან ექვსი გუნდი მონაწილეობდა, ახლა ასპარეზობის სურვილი უმაღლესი და პირველი ლიგების 13 კლუბმა გამოთქვა.
"წლევანდელ
სეზონისთვის მოსამზადებლად ეს ტურნირი ყველას წაადგება, მატჩები კი ჩატარდება ქუთაისში, მცხეთაში, რუსთავში; თბილისში - "საბურთალოს" სტადიონ "ბენდელაზე", - გვითხრა "ბენდელას თასის" მუდმივმა ორგანიზატორმა ქართლოს ჭუმბურიძემ.
მისი თქმით, გათამაშება დღეს "ბენდელაზე" "დინამო 2"-სა და "ზოოვეტის" შეხვედრით გაიხსნება.
მეოთხედფინალში თასისთვის ბრძოლას გააგრძელებენ ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასულები და 2 საუკეთესო მესამეადგილოსანი - მატჩები 30 იანვარს გაიმართება.
ნახევარფინალურ შეხვედრებს 5 თებერვალს რუსთავის "ფოლადი" და "მცხეთა პარკი" უმასპინძლებენ, ფინალი 11 თებერვალს "საბურთალოს" სტადიონზე გაიმართება.
სხვათა შორის, შარშანდლიდან "ბენდელაზე" სტიმულისა და ინტრიგისთვის ორიგინალური წესები დამკვიდრდა: გია გეგუჩაძის ინიციატივით, ჯგუფურ ეტაპზე 3 და მეტი გოლის სხვაობით გამარჯვებისთვის გუნდს არა 3, არამედ 4 ქულა ერიცხება, ფრეზე კი გუნდები თერთმეტმეტრიანებს ასრულებენ - გეგუჩაძის თქმით, ასე პენალტების დარტყმასაც უკეთ ისწავლიან. პენალტებში დამარცხებულს 1 ქულა შეუნარჩუნდება, გამარჯვებულს კი 2 ქულა მიეკუთვნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"